გულგულის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გულგულის ეკლესია – (სავარაუდოდ, VIII-IX სს.), არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ გულგულის (თელავის მუნიციპალიტეტი, ალავერდის ეპარქია) ჩრდილოეთით, 2 კმ-ზე, ნაგებად წოდებულ ადგილში.
ტაძარი შემორჩენილია ნანგრევის სახით (მიახლოებითი ზომები: სიგრძე 11,5 მ, სიგანე – 10,9 მ) და გათხრა-გასუფთავების გარეშე მისი გეგმის სრულად დადგენა შეუძლებელია. ის, სავარაუდოდ, სამეკლესიიანი ბაზილიკაა. შემორჩენილია: შუა ეკლესიის აფსიდი, სამხრეთ ეკლესია (მთელ სიგრძეზე), რომელიც აღმოსავლეთით აფსიდითაა დასრულებული და შუა ეკლესიის ჩრდილოეთით მდებარე სწორკუთხა სათავსი – სამკვეთლო. კედლების ნაშთები რიყის ქვითა და კირის დუღაბითაა ნაგები.
პ. კიკაჩეიშვილი
ლიტერატურა
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 1-II, თბ., 2015.