ურატაძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გრიგოლ ურატაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ ურატაძე

ურატაძე გრიგოლ ილარიონის ძე - (1884, სოფ. აცანა, ოზურგეთის მაზრა - 12.IV.1959, საფრანგეთი) - საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი აღიარებული წარმომადგენელი.

ბიოგრაფია

ჯერ სოფლის და შემდეგ ოზურგეთის ოთხკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სამასწავლებლო სემინარიაში შევიდა, მაგრამ მალე დაანება თავი და ლანჩხუთის სკოლის სახალხო მასწავლებელი გახდა, ამასთან, ბათუმში ახალი სამასწავლებლო კურსები გაიარა და ლანჩხუთის სკოლის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა. რუსეთის იმპერიის სატახტო ქალაქში რევოლუციურ ლიტერატურას დაეწაფა და სტუდენტურ გამოსვლებში აქტიურად მონაწილეობდა. არდადეგების დროს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სწავლა აღარ გააგრძელა და ლანჩხუთში სახალხო მასწავლებლად მუშაობა განაგრძო. საბოლოოდ, არჩევანი პროფესიონალ რევოლუციონერობაზე გააკეთა და მთელი ენერგიით ჩაება რევოლუციურ-პოლიტიკურ მოძრაობაში, განსაკუთრებით გურიასა და ბათუმში. 1903 წელს პირველად დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს, სადაც გაიცნო სტალინი (მაშინდელი ფსევდონიმით - კობა). 1903 წლის სექტემბერში ქუთაისის ციხიდან ეტაპით გადაასახლეს ორენბურგში, საიდანაც მალე გამოიქცა, კვლავ გურიაში დაბრუნდა და, როგორც სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა თვალსაჩინო მოღვაწემ, რევოლუციური მუშაობა გააგრძელა. იყო გურიის გლეხთა მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური. მალე გურიიდან ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი თბილისში გადავიდა. თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიული ჟურნალ-გაზეთების რედაქციებთან.

1911 წელს ამიერკავკასიის ორგანიზაციამ სასწავლებლად პარიზის სოციალ-დემოკრატიულ პარტიულ სკოლაში გაგზავნა, სადაც შეხვდა და ახლოს გაიცნო ვ. ლენინი, ლ. კამენევი, ი. არმამდი, ნ. კრუპსკაია, ზინოვიევი, ლუნაჩარსკი და სხვ. კარგად იცნობდა აგრეთვე რუსული მენშევიზმის ლიდერებსაც. 1912 წლის აგვისტოში მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატების ვენის კონფერენციაში და ვ. მგელაძესთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში ცხოვრობდა ლ. ტროცკის ბინაზე, რომელიც ამ დროს ქ. ვენაში გამოსცემდა გაზეთ „პრავდას“. თბილისში დაბრუნებული მალე დააპატიმრეს და სამი წლის ვადით ურალში გადაასახლეს. 1915 წელს კვლავ სამშობლოში დაბრუნდა და ნ. ჟორდანიას მომხრეთა რიგებში ჩადგა. მალე ქუთაისში სათავეში ჩაუდგა გაზეთ „ახალი კვალის“ გამოცემას, რითაც მან ნ. ჟორდანიას მადლობა დაიმსახურა.

1917 რუსეთში რევოლუციის დაწყების პერიოდში, ნ. ჟორდანია და გ. ურატაძე, ლანჩხუთში იმყოფებოდნენ. მალე გ. ურატაძე ქუთაისში გაემგზავრა და მუშათა დეპუტატების საბჭოს ჩაუდგა სათავეში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო ჯერ პარლამენტის ეროვნული საბჭოს წევრი, შემდეგ კი აირჩიეს დამფუძნებელი კრების დეპუტატად. ამევე დროს, აქტიურად მუშაობდა გაზეთ „ერთობის“ რედაქციაში.

1920 რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა, მანვე, საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისრის მოადგილე ლ. კარახანთან ერთად, მოაწერა ხელი რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულებას 1920 წლის 7 მაისს.

1921 წლის საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ემიგრაციაში, საფრანგეთში წავიდა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე, მეუღლის, არიანას გვერდით, რომელიც რამდენიმე წლით ადრე გარდაიცვალა.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • გ. შარაძე, ისტორიული რელიკვიების დაბრუნება, თბ., 2001;
  • დ. საღირაშვილი, მოგონებანი და განცდანი საქართველოს დამოუკიდებლობის ხანიდან (მასალა საქართველოს ამ ხანის შესასწავლად), ჟურ. „ქართველი ერი“, ბერლინი, №6-7;
  • რ. არსენიძე, გრიშა ურატაძე, დესპანი, ჟურ. „ჩვენი დროშა“, 1959, №30; გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, წიგნი III, თბ., 1993.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები