გრიგოლი (კახეთის ქორეპისკოპოსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგოლი – კახეთის მსხვილი ფეოდალი (787-827), რომელმაც ისარგებლა ქართლის ერისმთავარ ჯუანშერ არჩილის ძის გარდაცვალების (787) შემდეგ შექმნილი სიტუაციით და კახეთი დამოუკიდებელ სამთავროდ გამოაცხადა.

კახეთის მთავრებმა თავიდანვე მიიღეს ქორეპისკოპოსის ტიტული. მკვლევართა უმრავლესობის აზრით, ქორეპისკოპოსი ბიზანტიური სასულიერო ტიტულია და სასოფლო თემის განმგებელს უსამწყსო ეპისკოპოსს ნიშნავს. თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც ტერმინი ადგილობრივი წარმოშობისა უნდა იყოს, კახეთის მთავრების ტიტული უნდა მომდინარეობდეს წანართა ქორეპისკოპოსის სახელწოდებიდან. წანარები დღევანდელი ხევის (ყაზბეგის რაიონის) ტერიტორიაზე მცხოვრები ტომი იყო, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო არაბთა წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. სწორედ წანარებზე დაყრდნობით ატარებს გრიგოლი თავის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას.

VIII საუკუნის დასასრულიდანვე იწყება კახეთის სამთავროს გაძლიერება. მას შემოუერთდა კუხეთი (დღევანდელი გარე კახეთი) და გარდაბნის (მტკვრის მარჯვენა სანაპირო დებედასა და შამქორს შორის). კახეთის მთავარმა დაიპყრო შიდა ქართლიც, რის გამოც მას შეტაკება მოუხდა აშოტ I კურაპალატთან. აშოტს მიემხრო აფხაზთა მეფე, გრიგოლი კი – თბილისის ამირა. გრიგოლი დამარცხდა და იძულებული გახდა დაეთმო შიდა ქართლის დიდი ნაწილი. მაგრამ ქართლის ტერიტორია მდინარე ქსნის აღმოსავლეთით კახეთის სამთავროს შემადგენლობაში დარჩა.

გრიგოლი, როგორც ჩანს, უძეოდ გადაეგო და მისი გარდაცვალების შემდეგ კახეთის სამთავროში დღის წესრიგში დადგა ტახტის მემკვიდრის საკითხი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები