გრემის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრემის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

გრემის ეკლესია − (ინგლ. Gremi Church), XVI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. მდებარეობს კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრემში სასაფლაოზე.

ტაძარი კახეთის „კუპელჰალეს“ (8,0×5,8 მ) უადრეს ნიმუშს წარმოადგენს. გეგმით მართკუთხა ნაგებობის სივრცე კედლის ერთი წყვილი შვერილით ორადაა გაყოფილი. დასავლეთის მკლავი წაგრძელებულია. გუმბათი აღმოსავლეთით აფსიდის, ხოლო დასავლეთით კედლის შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ცილინდრულ ყელზე გადასასვლელად აფრებია გამოყენებული. სამნაწილიანი საკურთხევლის ცენტრში ერთი საფეხურით ამაღლებული ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ორივე მხარეს მართკუთხა ფორმის შეისრული კამარით გადახურული პასტოფორიუმებია მოწყობილი. სადიაკვნე და სამკვეთლო საკურთხეველში შიდა კარით იხსნება. სამხრეთი და ჩრდილოეთი სათავსებიდან დარბაზში გამავალი კარის თავზე სანიშეებია მოწყობილი, რომელთა ზემოთ ასომთავრულ წარწერებიანი მარმარილოს ფილებია ჩასმული. წარწერები დაზიანებულია - ჩრდილოეთისაზე მხოლოდ რამდენიმე ასოს გარჩევაა შესაძლებელი, ხოლო სამხრეთის საქტიტორო რვასტრიქონიანი წარწერის ფრაგმენტების წაკითხვა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ტაძრის შიდა სივრცე სადაა, არცერთი დეტალი არ გამოირჩევა, მხოლოდ გუმბათის ყელს აქვს ძირში შემოვლებული ერთლილვიანი სარტყელი. უნდა აღინიშნოს, რომ შიგნიდან გუმბათის ყელი ძალიან მაღალია, მისი სიმაღლე ნაგებობის ქვედა კორპუსის სიმაღლის ტოლია. როგორც ამ პერიოდის ძეგლების უმრავლესობას, გრემის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის თაღებს და კამარებს ოდნავ შეისრული მოხაზულობა აქვთ ტაძარი ძირითადად ნაგებია ნატეხი ქვით. კუთხეების, კარ-სარკმელთა ღიობების, დეკორის, ლავგარდანისა და გუმბათისთვის აგურია გამოყენებული. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. კარი გარედან ისრულ-თაღოვანია, ხოლო შიგნიდან არქიტრავული. დასავლეთის და სამხრეთის მკლავებში თითო, ხოლო აღმოსავლეთის კედელში სამი ვიწრო და თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. უმეტესი კახური ძეგლების მსგავსად გრემის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ფასადები სისადავით გამოირჩევა. მთელი დეკორი ძირითადად გუმბათის ყელზეა თავმოყრილი. გუმბათის რვა ვიწრო თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს ციფრად და იისფრად მოჭიქული ოთხ-ოთხი მრგვალი აგურია ჩასმული. ეს ფერადი აგურები შორიდან ჯვრებად იკითხება. ლეკალოსებრი აგურითაა გამოყვენილი წიბოებს აყოლილი ლილვები და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღები. დასავლეთის და აღმოსავლეთის მკლავების ფასადის ფრონტონებში აგურის წყობით კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარია გამოსახული. სახურავისათვის გამოყენებულია ძველი ქართული კრამიტი. ტაძარში შემორჩენილი სამარხების მიხედვით ის ჯორჯაძეების საძვალეს უნდა წარმოადგენდეს.

გრემის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები