გრემის საყარაულო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრემის „საყარაულო“ – (XV-XVI სს.), წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, მდებარეობს ნაქალაქარის მთავარანგელოზთა ეკლესიის კომპლექსის დასავლეთით, მთის ქედზე.

ეკლესია დარბაზულია (6,3 X 4,8 მ). მოგვიანებით, სავარაუდოდ XVII ს. I ნახევარში, მასზე კოშკი დაუშენებიათ და სადარაჯო ნაგებობად უქცევიათ, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მას „საყარაულოს“ უწოდებს.

ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ღიობების წყობაში და ალაგ-ალაგ კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია კვადრატული აგური.

შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი მოზრდილი ქვით თარაზულადაა გადახურული და გარედან საფეხურით შეღრმავებულ სწორკუთხა არეში ზის.

აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის გვერდებში თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ერთი მსგავსი ნიში ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშიც არის. განათებისთვის ყოველ მხარეს თითო, ოდნავ შეისრული თაღით გადახურული სარკმელია. აფსიდი წესიერი ფორმის კონქითაა გადახურული, დარბაზი – ცილინდრული კამარით.

შენობის დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის ორივე მხარეს, თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. კედლები დასრულებული იყო აგურით ნაწყობი ორსაფეხურიანი ლავგარდნით.

კოშკი ეკლესიაზე მოკლეა, გეგმით კვადრატული (4,8 X 4,8 მ). მისი დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები ეკლესიის შესაბამისი კედლების გასწვრივაა, ხოლო აღმოსავლეთისა ეკლესიის აღმოსავლეთ კედლიდან თითქმის 2 მ-ით დასავლეთისკენაა გადაადგილებული და კონქის თაღის ხაზს ემთხვევა. ამიტომ არის ეკლესიის აღმოსავლეთი ბოლო თავდაპირველი სახით შემორჩენილი.

კოშკის კედლების ზედა ნაწილები მონგრეულია, რის გამოც მისი სართულების რაოდენობა ვერ დგინდება. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე შემორჩენილია სალოდეების კვალი.

ეკლესიას გარშემო მიუყვებოდა გალავანი (შემორჩენილია ჩრდილო-დასავლეთი მხარე), რომელსაც შესასვლელი დასავლეთის მხრიდან ჰქონდა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები