გრემის ნაქალაქარის ეკლესიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრემის ნაქალაქარის ეკლესიებიგრემის მთავარანგელოზთა ეკლესიის კომპლექსის გარდა, როგორც ნაქალაქარში, ასევე სოფელ გრემში, მრავალი ეკლესია არსებობს, რომელთა შორის აღსანიშნავია:

სარჩევი

ეკლესია (XV-XVI სს.)

არ არის ცნობილი ვის სახელზეა აგებული, მდებარეობს ნაქალაქარის სავაჭრო უბნის ჩრდილო განაპირას, მთის ფერდობზე.

ეკლესია გუმბათოვანია, რომლის შიგნითა ჯვროვანი გეგმა გარედან კვადრატშია (6 X 6 მ) ჩასმული. კედლები ძირითადად სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობითაა ნაგები. გუმბათი და გუმბათქვეშა კვადრატი მთლიანად აგურისაა.

ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი შეისრული თაღითაა გადახურული. ჯვრის მკლავები საგრძნობლად მცირე სიღრმისაა. მათგან ერთი – აღმოსავლეთისა – აფსიდიანია, დანარჩენები – სწორკუთხა. სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავების ძირი ეკლესიის იატაკიდან 0, 7 მ-ით მაღლაა. საკურთხევლის აფსიდი გვერდის მკლავებზე ოდნავ ღრმაა, ხოლო დასავლეთის მკლავს სიღრმით თითქმის სამჯერ აღემატება. აფსიდის ღერძზე თარაზულად გადახურული განიერი სარკმელია, რომლის ორსავე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. ერთი სწორკუთხა ნიში ჩრდილოეთის მკლავის ჩრდილოეთ კედელშია. მისი ნახევარი კედლის სისქეშია მოქცეული, ხოლო ნახევარი, რომელიც ირგვლივ ბრტყელი ქვებითაა შემოსაზღვრული, კედლის სიბრტყის გარეთაა. საკურთხევლის სარკმლის გარდა, თითო სწორკუთხა სარკმელი დანარჩენ მკლავებშიცაა.

საკურთხევლის გვერდებზე გეგმით სწორკუთხა და შეისრული კამარით გადახურული სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომელთა იატაკი გვერდის მკლავების ძირების დონეზეა. ორივეს შესასვლელი დასავლეთიდანაა, შესაბამისი მკლავიდან. ორივე კარი შეისრულთაღოვანია. სათავსები განათებულია აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი თითო სწორკუთხა სარკმლით.

ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია შიგნიდან მრგვალი, ხოლო გარედან რვაწახნაგოვანი გუმბათი. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის საფუძვლის წრიულ მოხაზულობაზე გადასვლა განხორციელებულია აფრების მეშვეობით. გუმბათის ყელში ოთხი მაღალი შეისრულთაღოვანი სარკმელია. ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილში, სარკმლებს შორის, მცირე ზომის (40 X 40 სმ) ხვრელია.

შიგნით კედლები შელესილი ყოფილა.

ეკლესია გარედან მასიურია. ქვედა ნაწილი კუბური მასაა, ხოლო ზემოთ, სახურავის დონეზე, გამოყოფილია ფრონტონით დასრულებული ჯვრის მკლავები, რომლებიც იმდენად დაბალია, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე მკლავებისა და გვერდის ნაწილების სახურავის კალთები თითქმის ერთ სიბრტყეშია მოქცეული. ეკლესიის დასავლეთ კედელში ჩართული ყოფილა რამდენიმე ხაჩკარი, რომელთაგანაც ერთიღაა შემორჩენილი. ფასადები დასრულებულია ნატეხი ქვით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდნით. შენობა გადახურულია კრამიტით.

ეკლესიას გარს ევლებოდა ნატეხი ქვით ნაგები, გეგმით სწორკუთხა მოხაზულობის გალავანი (სიმაღლე 3 მ), რომის კედლებში სამეურნეო დანიშნულების ნიშებია მოწყობილი.

ეკლესია (XVI-XVII სს.)

არ არის ცნობილი ვის სახელზეა აგებული, მდებარეობს ნაქალაქარის ტერიტორიაზე, სავაჭრო უბნის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირას. ეკლესია დარბაზულია (5,9 X 3,7 მ), ძირითადად ნაგებია აგურით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი შეისრულთაღოვანია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე შეისრული სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სარკმელია დასავლეთის კედელშიც. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო შეისრულთაღოვანი ნიშია. ერთი გეგმით ნახევარწრიული და ნახევარგუმბათით გადახურული ნიში ჩრდილოეთ კედელშიცაა. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. მსგავსი ფორმისაა კონქის თაღიც.

ნაგებობის ფასადებიდან მხოლოდ დასავლეთისაა მორთული. შესასვლელი მოქცეულია საფეხურით შეღმავებულ სწორკუთხედში, რომელსაც ზემოდან კუთხით შვერილი აგურების ორი რიგით შედგენილი ფრიზი აგვირგვინებს. შესასვლელის გვერდებზე, წყობის შეღრმავებით, გამოყვანილია საფეხურებიან პოსტამენტზე დაყრდნობილი თითო მაღალი ჯვარი დეკორატიულად გაფორმებული მკლავებით. შესასვლელის ზემოთ მცირე, სწორკუთხა ნიშია, რომლის ზემოთაც, ფრონტონის არეში – სარკმელი, სარკმლის ზემოთ და გვერდებზე თითო სწორკუთხა შეღრმავებაა, რომლებშიც თითო ხაჩკარია ჩასმული.

ფასადები დასრულებულია აგურის ოთხსაფეხურიანი ხერხულა ლავგარდნით. ეკლესია გადახურულია ღარისებრი კრამიტით.

ეკლესია (XVI-XVII სს.)

არ არის ცნობილი ვის სახელზეა აგებული, მდებარეობს ნაქალაქარის ტერიტორიაზე, სავაჭრო უბნის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირას მთის ფერდობზე.

ეკლესია დარბაზულია (5 X 3,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ტლანქია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, მის ორივე მხარეს კი – თითო სწორკუთხა ნიში. ერთი სწორკუთხა ნიში ჩრდილოეთის კედელშიცაა. აფსიდი გადახურულია ტლანქად ნაწყობი არაწესიერი ფორმის კონქით. კონქის თაღი ოდნავ შეისრულია, მსგავსი ფორმისაა კამარაც. დასავლეთის კედელში, შესასვლელის ზემოთ, სწორკუთხა სარკმელია.

ეკლესიის დასავლეთ კედელზე დადგმულია მასიური და ტლანქად ნაშენი ოთხგვერდა სამრეკლო, რომლის უმეტესი ნაწილი ნატეხი ქვისაა, ნაწილი – აგურის. სამრეკლოს ოთხივე გვერდში თითო ვიწრო, შეისრული თაღით გადახურული ღიობია. სამრეკლოს აქვს პირამიდული ფორმის სახურავი.

იხილე აგრეთვე

გრემის ეკლესიების კომპლექსი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები