გრეიპფრუტი პერნამბუკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრეიპფრუტი პერნამბუკო - ჩვეულებრივი გრეიპფრუტის მოყვანილობისაა;

ნაყოფი საკმაოდ დიდია, ოდნავ ბრტყელი, წონა 250 გრამამდეა, ყვითელი ფერისაა, არაწესიერია, სიმაღლე – 9,0 სმ, დიამეტრი – 9,7 სმ. ზედაპირი გლუვი აქვს. ჩამჯდარი, თანაბარ ეთერზეთოვანჯირკვლებიანი. ნაყოფის წვერი ჩაღრმავებულია, მცირებორცვიანი, რადიუსისებრი ღარებით; ფუძე სწორია, ფართო, ნაცრისფერი დინგის სვეტის კვალით, არაწესიერი და პატარა უჯირკვლო რკალით.

კანი საკმაოდ სქელია 1,0 სმ-მდე, ზედაფენი ეთერზეთოვანი ჯირკვლების მწკრივითაა შემორკალული. ქვედა თეთრი ფერისაა, ფუყე აღნაგობისა, ნაკლებად მწარე და მწკლარტე, შებმულობა რბილობთან საშუალო აქვს. გულის ღერძი დიდია 2 სმ. იგი ამოვსებულია და ჭურჭელბოჭკოვანი კონებით არის შემორკალული. აპკები გულთან უფრო მაგარი და უხეშია, სეგმენტები 13-ია, არათანაბარი, მახვილსოლისებრი, განაკვეთზე ღია ლიმონისფერისაა, ურთიერთშებმულობა მეტად მჭიდრო აქვს. საწვნე უჯრედები გრძელია, მსხვილი და უწესო ფორმისა, წაწვრილებული, ძაფისმაგვარი ბოლოებით.

წვენი უხვად იცის, გემო სასიამოვნოდ მომჟავო-მოტკბილოა, სიმწარე მხოლოდ შემდეგ გადაჰკრავს. სირბილე მსხვილმარცვლოვანი და მოთავსებულია მეტად ნაზ აპკებში. სასიამოვნო გემოსია, სიტკბოს, სიმჟავის და სიმწარის კარგი შეზავებით.

თესლი მრავალი აქვს, 65-მდე, ისინი პოლიმორფულია და გაბრტყელებულია წვერისაკენ. გარე გარსი მეტად უხეში აქვს, შიგა – ვარდისფერი, საფარი ქალაძასთან მუქი-ვარდისფერია. საკმაოდ დიდი, თეთრი ლებნები რამდენიმე აქვს (5–6), ჩანასახი პატარაა და თეთრი. ეს ჯიში ადვილად ავადდება ფოთლების სიჭრელით და ამის გამო სამრეწველო მნიშვნელობა ნაკლები აქვს.


წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები