გრეიპფრუტი დუნკანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრეიპფრუტი დუნკანი

გრეიპფრუტი დუნკანი - დიდად გამძლე, უხვმოსავლიანი, მაღალხარისხიან, ტრანსპორტაბელურ ნაყოფების მომცემი ჯიშია. აღმოჩენილ იქნა 48 წლის წინათ დუნკანის მიერ ნათესებში. იზრდება მძლავრ და უხვად შეფოთლილ ხედ. ვარჯი ბლაგვკონუსისებრია, ძირითადი ტოტი 4–5 აქვს. ჩვენში ყვავილობს მაისის ბოლო რიცხვებში. ნაყოფი საკრეფ სიმწიფეს, შემოდგომის და დეკემბრის შესაფერი თბილი ამინდების შემთხვევაში, იანვარში აღწევს.

ნაყოფი წესიერი მრგვალი ან ბრტყელია, საშუალოზე დიდი, სიმაღლე – 7,0–7,5 სმ, დიამეტრი – 9,0–11,5 სმ, წონა – 257–500 გრ., ლამაზი, ერთნაირი, სწორი და ყვითელი ფერისაა, ზედაპირი გლუვია. ეთერზეთოვანი ჯირკვლები როგორც ზედაპირული ისე ჩამჯდარია; ეს უკანასკნელი უფრო მსხვილია. ნაყოფის წვერი მომრგვალებულია, ფუძე ჩაზნექილია და ჯამისებრად ამოსწორებული. არომატი სპეციფიკური აქვს. კანი ყვითელი ან ნარინჯისფერია, საკმაოდ სქელი, 1 სმ-მდე, მკვრივი, მეტად მწარე. ქვედა ფენასთან და რბილობთან მჭიდროდაა შეკავშირებული.

გულის ღერძი დიდია 1,5 სმ-მდე, ამოვსებულია მკვრივი ალბედოთი, სეგმენტები 12–15, არათანაბარია, მახვილსოლისებრი, მჭიდროდ შეკავშირებული.

საწვნე უჯრედები მსხვილია, ერთ ბოლოსაკენ წაწვრილებული, ძლიერ წვნიანია.

გრეიპფრუტი დუნკანი

წვენი თეთრი-მოყვითალო ფერისაა, სიმჟავე და სიმწარე სასიამოვნოდ შეზავებულია სიტკბოსთან.

რბილობი მარცვლოვანია, ისეთივე გემოსი, როგორც წვენი.

სოხუმის ზონალური სადგურის მონაცემების მიხედვით, შეიცავს: ლიმონის სიმჟავეს – 1,42%, შაქარს – 4,56%.

თესლი საშუალო ზომისაა, დიდი რაოდენობით (54-62 ცალი), ნაოჭზედაპირიანია, წვერისაკენ წაწვრილებული და ფრთისმაგვარად გაბრტყელებული. გარე გარსი უხეშია, სქელი, შუა საფარი ვარდისფერი, ქალაძასთან ვარდისფერ-მოყავისფრო. ლებნები თეთია.


წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები