გრაბარი ანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრაბარი ანდრე (08.08.1896, ქ. კიევი, რუსეთის იმპერია, – 03.10.1990, ქ. პარიზი, საფრანგეთი), ბიზანტიური და შუა საუკუნეების ევროპული ხელოვნების მკვლევარი და არქეოლოგი.

ანდრე გრაბარი

დაიბადა ცნობილი იურისტისა და სახელმწიფო მრჩევლის ოჯახში. დედა, ბარონესა ელიზავეტა პრიტვიცი თვითნასწავლი მხატვარი იყო. გრაბარი სწავლობდა კიევის ლიცეუმში და თავდაპირველად მხატვრობას აპირებდა; რეგულარულად მეცადინეობდა კიევის ერთ-ერთ სამხატვრო სკოლაში; ლიცეუმის დასრულების შემდეგ აზრი შეიცვალა და ხელოვნების ისტორიის შესწავლას მიჰყო ხელი სწავლა განაგრძო კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადავიდა მაშინდელი პეტროგრადის უნივერსიტეტში. მალევე პეტროგრადში საცხოვრებლად გადავიდა მისი ოჯახიც.

პეტროგრადის უნივერსიტეტში ანდრე გრაბარმა სწავლა განაგრძო ნ. კონდაკოვის, და აინალოვისა და ი. სმირნოვის ხელმძღვანელობით. რუსული ხელოვნებათმცოდნეობითი სკოლის ამ დიდ მოღვაწეებთან შეხვედრამ საფუძველი ჩაუყარა გრაბარის ინტერესთა სფეროს და მის კონცეფციას იკონოგრაფიის შესახებ.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ გ. ტოვებს პეტროგრადს და ისევ კიევში ბრუნდება. ოდნავ მოგვიანებით გადადის ოდესაში, სადაც იმ დროს მოღვაწეობდა ნ. კონდაკოვი და იქვე დაასრულა საუნივერსიტეტო კურსი.

1920 წ. ა. გრაბარი დედასთან ერთად ბულგარეთში გაემგზავრა, სადაც მუშაობა დაიწყო სოფიის არქეოლოგიის მუზეუმში, შუა საუკუნეების განყოფილების კურატორად. ბულგარეთში მაშინ იწყებოდა შუასაუკუნეების ხელოვნების ძეგლების შესწავლა. სამი წელი მძიმე საველე პირობებში მუშაობდა. ა. გრაბარმა მოამზადა 106 მოხატულობისა და 80 ხატის პირველი აღწერილობა. შექმნა პირველი კარტოთეკაც. იმ დროს სოფიაში იმყოფებოდა მისი მასწავლებელი ნ. კონდაკოვი. უშუალოდ მისი ხელშეწყობით ა. გრაბარმა დაიწყო სერიოზული იკონოგრაფიული კვლევები. 1921 წ. გამოვიდა მისი ნაშრომი საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი ბულგარული ძეგლების შესახებ. პირველმა აღწერა ბაჩკოვოს მონასტრის მოხატულობაც, სადაც მკვლევარი ძეგლის მხატვრობას XI-XII სს-ით ათარიღებს. მოხატულობის ხაზგასმული ქართულ-ბიზანტიური მხატვრული ტენდენციები დაკავშირებულია მონასტრის დაარსების ისტორიასთან და ბაკურიანიძეთა ოჯახის სახელთან.

ა. გრაბარმა გამოიკვლია შუასაუკუნეების ბულგარეთის ყველაზე ცნობილი ძეგლი ბოიანა, თანაბრად წარმოაჩინა როგორც ძეგლის არქიტექტურა, ასევე მხატვრობის თავისებურებანი.

სტრასბურგში ა. გრაბარი შეხვდა მედიევისტ პოლ პერდრიზეტს (1870-1938). რუსულთან ერთად სტრასბურგის უნივერსიტეტში ის ხელოვნების ისტორიასაც ასწავლიდა.

ბულგარეთში ჩატარებული მრავალწლიანი კვლევის შედეგები საბოლოოდ აისახა 1928 წ. გამოქვეყნებულ წიგნში „რელიგიური მხატვრობა ბულგარეთში“. რისთვისაც მას სტრასბურგის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

იმავე პერიოდში ა. გრაბარმა დაწერა „იმპერატორი ბიზანტიურ ხელოვნებაში“, რომელიც 1936 წ. გამოვიდა და დიდი რეზონანსი გამოიწვია მეცნიერულ საზოგადოებაში. მალევე იგი მიიწვია ფრანგული ბიზანტინისტიკის მეტრმა, გაბრიელ მილესმა, რომელიც თავის ადგილს სთავაზობდა სორბონის უნივერსიტეტში. 1938 წ. ა. გრაბარი გადასახლდა პარიზში და იქ ასწავლიდა 1966 წლამდე.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მეცნიერმა გამოაქვეყნა ნაშრომი ხატმებრძოლობის ხანის საკულტო რელიქვიებსა და ხატებზე.

1945 6. წ. დააარსა ჟურნალი „Cahiers Archeologiques“ და ჟან ჰუბერტთან ერთად რედაქტორობდა მას. 1946-1966 წწ. ხელმძღვანელობდა ბიზანტიური ხელოვნებისა და არქეოლოგიის კათედრას კოლეჯ დე ფრანსში. 1955 წ. აირჩიეს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1958 წლიდან იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის დუმბარტონ ოქსის ბიზანტიური კვლევის ცენტრის პროფესორი და ყოველწლიური სიმპოზიუმების მუდმივი მონაწილე. იმავე პერიოდში ა. გრაბარმა კარლ ნორდენფალკთან ერთად გამოსცა ორტომიანი ნაშრომი ადრეული შუა საუკუნეების მხატვრობაზე. 1961 წ. იგი კითხულობდა სალექციო კურსს ვაშინგტონის ეროვნულ გალერაში (ცნობილი, როგორც A.W.Mellon Lectures), რომელიც შემდგომ ცალკე წიგნად გამოიცა „Christian Iconography: Study of its Origins“ (ქრისტიანული იკონოგრაფია: მისი საფუძვლების კვლევა).

ა. გრაბარი უძღვებოდა ყოველკვირეულ შაბათის ლექციებსაც პარიზში შუა საუკუნეების მკვლევართათვის.

სიცოცხლის ბოლოს, სრულიად დაბრმავებული მეცნიერი კარნახობდა თავის ნააზრევს და ასე ქვეყნდებოდა მისი სტატიები ბიზანტიური ხელოვნების სხვადასხვა ასპექტების შესახებ.

ა. გრაბარის სამეცნიერო კვლევები 80-მდე მონოგრაფიას მოიცავს. იყო მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო აკადემიების წევრი. მისი ნაშრომები ფართო მეცნიერული დიაპაზონით გამოირჩევა. ა. გრაბარი მიჩნეულია ბიზანტიური ხელოვნებისა და ხატწერის შესწავლის ფუძემდებლად. მისი მთავარი აქცენტები მიმართულია იკონოგრაფიული კვლევებისკენ, კულტის როლის განსაზღვრისკენ ქრისტიანული ხელოვნების ჩამოყალიბებაში, ისლამური სამყაროს, აღმოსავლეთ საქრისტიანოსა და დასავლეთის კავშირების შესწავლისკენ.

ნ. ქავთარია

თხზულებები

  • Early Medieval Painting from the Fourth to the Eleventh Century: Mosaics and Mural Painting, New York: Skira, 1957;
  • Christian Iconography: a Study of its Origins, A.W. Mellon Lectures in the Fine Arts, 1961; The Beginnings of Christian Art, Arts of Mankind 9. London: Thames & Hudson, 1967;
  • Die mittelalterische Kunst Osteuropas, Baden-Baden: Holle, 1968;
  • Les manuscrits grecs enluminés de provenance italienne, IXe-Xle siècles. Paris: Klincksieck, 1972;
  • Les origines de l’esthétique médiévale. Paris: Macula, 1992.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები