გოლდშტაინი კურტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურტ გოლდშტაინი

გოლდშტაინი კურტ - Goldstein Kurt, Гольдштейн Курт, 1878-1965

ებრაული წარმოშობის, გერმანელ-ამერიკელი ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი. ნეირო და პათოფსიქოლოგიის, ნევროლოგიაში ფენომენოლოგიური და ჰოლისტური მიდგომის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მედიცინის და პიროვნების ორგანიზმული თეორიის შემქმნელი. სამედიცინო განათლება მიიღო ბრესლაუს უნივერსიტეტში კ. ვერნიკეს ხელმძღვანელობით. ეწეოდა კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას გერმანიის სხვადასხვა უნივერისტეტებში, ინსტიტუტებში და კლინიკებში (კენიგსბერგი, ფრანკფურტი, ბერლინი). დაახლოებული იყო გეშტალტფსიქოლოგებთან, მ. ვერთჰაიმერთან ერთად დააარსა ცნობილი ჟურნალი „Psychologische Forschung” (1922). 1933 წელი იძულებით ემიგრაციაში გაატარა ჰოლანდიაში, სადაც დაწერა მონუმენტური ნაშრომი „ორგანიზმი” . 1935 წლიდან გადასახლდა აშშ-ში, სადაც განაგრძო წარმატებული სამეცნიერო კარიერა. იყო ნიუ-ორკის და ჰარვარდის უნივერსიტეტების პროფესორი, ხელმძღვანელობდა რამდენიმე ლაბორატორიას და კვლევით ცენტრს, ეწეოდა კერძო პრაქტიკას.

გოლდშტაინი ავითარებდა მთიანობით, ჰოლისტურ შეხედულებას თავის ტვინის მოქმედებაზე. იგი ეფუძნებოდა კლინიკურ მასალას, რომელიც მოიპოვა პირველი მსოფლიო ომის დროს თავის ტვინის დაზიანებათა მკურნალობისას. ასეთი ავადმყოფები ეჩვეოდნენ, გამოეყენებინათ თავიანთი ტვინის სხვა ნაწილები დაზიანებათა საკომპენსაციოდ {კომპენსაცია}. ეს ნევროლოგიური ჰოლიზმი გოლდშტაინმა მთელ ორგანიზმზე გაავრცელა. იგივე მოხდა გეშტალტფსიქოლოგიასთან მიმართებაშიც - ორგანიზმულმა თეორიამ გეშტალტის პრინციპი ცნობიერებიდან/ფსიქიკიდან მთელ ორგანიზმზე გაავრცელა. ორგანიზმი ყოველთვის მოქმედებს, როგორც მთლიანი და არა ნაწილებრივი ორგანოებისა თუ პროცესების ჯამი. ცნობიერება და სხეული გამხოლოებული არსებები არ არიან. ყოველი მოვლენა, ფსიქოლოგიურიც და ფიზიოლოგიურიც, მთელი ორგანიზმის ერთობლიობაში ხორციელდება. ნაწილების მუშაობას მთელის კანონები მართავს. ამიტომ საჭიროა ორგანიზმის მოქმედების ზოგადი, მთლიანობითი კანონების გამოვლენა. ორგანიზმური მოქმედების ორგანიზაციის პირველადი ფორმაა ფიგურა-ფონი. ცნობიერების თვალსაზრისით ფიგურა აღქმის (ყურადღების) ცენტრში მოხვედრილი ობიექტია {ფიგურაცია}. ხოლო ქცევის კუთხით ესაა ორგანიზმის აქტუალური აქტივობა მოცემულ მომენტში და სიტუაციაში.

ფსიქოლოგიის თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა გოლდშტაინის აზრები ორგანიზმის მოტივაციის შესახებ. იგი ამტკიცებდა, რომ ინდივიდი ერთი მთავარი მოტივითაა მოტივირებული. მის აღსანიშნავად შემოიტანა ტერმინი „თვითაქტუალიზაცია” ანუ „თვითგანხორციელება” და ამით დიდად გაამდიდრა ფსიქოლოგიის ლექსიკონი. ის, რაც ჩანს, როგორც განსხვავებული მისწრაფებები - შიმშილი, სექსი, მიღწევა, ცნობისმოყვარეობა და სხვა - სინამდვილეში უმთავრესი სასიცოცხლო ძალის - თვითაქტუალიზაციის გამოვლინებაა. მშიერი საჭმლით აქტუალიზდება, პრესტიჟს მოწყურებული - პრესტიჟის მოპოვებით და ა.შ. ყოველი ცალკეული მოთხოვნილება მაშინ ხდება შესამჩნევი, როცა ორგანიზმის თვითაქტუალიზაციის, თვითგანხორციელების პირობად იქცევა. ადამიანები მუდმივად მიისწრაფვიან, განახორციელონ თავიანთი თანდაყოლილი შესაძლებლობები. ამიტომაა თვითაქტუალიზაცია ადამიანური ბუნების შემოქმედებითი ძალა, ორგანიზმის განვითარების და სრულყოფის საფუძველია. მაგ., ცოდნას მოწადინებული შინაგან სიცარიელეს განიცდის. სწავლა ავსებს სიცარიელეს და ყალიბდება ახალი, ცოდნის მქონე ადამიანი. თვითაქტუალიზაცია უნივერსალური მოვლენაა, რომელიც სპეციფიკურ მიზნებში ხორცილედება. თუ რა მიზნებს დაისახავს კონკრეტული ადამიანი, დიდწილად მის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ამ უკანასკნელთა გამოვლენის საუკეთესო საშუალება კი იმის გარკვევაა, თუ რა მოსწონს ამ ადამიანს და რას აკეთებს უკეთესად.

გარდა ამისა, გოლდშტაინმა განავითარა ფსიქოზური შფოთვის თეორია, გააკეთა აფაზიების სისტემატიზაცია, პირველმა აღწერა „სხვისი ხელის სინდრომი”. გოლდშტაინის იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა ფენომენოლოგიური და ჰუმანისტური ორიენტაციის ფსიქოლოგებზე {ღია თეორია/დახურული თეორია}. მას ხშირად იხსენიებდა ა. მასლოუ.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები