გოლდენვეიზერი ალექსანდრე
გოლდენვეიზერი ალექსანდრე ბორისის ძე - (26. II. 1875, კიშინიოვი, – 26. XI. 1961, მოსკოვი), რუსი პიანისტი, პედაგოგი, კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე. სსრკ. სახალხო არტისტი (1946), ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1940).
დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (1895, პ. პაბსტის საფორტეპიანო კლასი, 1897 მ. იპოლიტოვ-ივანოვის საკომპოზიციო კლასი). 1906-61 იყო მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, ხოლო 1922-24 და 1939-42 მისი დირექტორი. ცნობილი საფორტეპიანო სკოლის შემქმნელია.
მისი მოწაფეებია: დ. ბაშკიროვი, ლ. ბერმანი, გ. გინზბურგი, ს. ფეინბერგი, რ. ტამარკინა და სხვები, ქართველი პიანისტები ნ. გაბუნია, მ. ჩხეიძე, რ. ჩხეიძე (ასპირანტურა), ნ. ექსანიშვილი და სხვ.
40-50-იან წლებში ხშირად ჩამოდიოდა თბილისში, მართავდა კონცერტებს, ატარებდა ღია გაკვეთილებს და ა. შ. ავტორია მრავალი მუსიკალური ნაწარმოებისა. დაწერილი აქვს მოგონებები ლ. ტოლსტოისა და ს. რახმანინოვის შესახებ.