გლობალიზაცია (ეკონომიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Global.PNG

გლობალიზაცია (globalization) - მსოფლიოს ყველა ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, მეცნიერულ-ტექნოლოგიური და ა.შ. პროცესების უნიფიკაცია აშშ-სა და ევროატლანტიკური ბლოკის უმსხვილესი ქვეყნების მიერ შემუშავებული მოთხოვნების (ნორმების, ფასეულობების, კრიტერიუმებისა და ა.შ.)

შესაბამისად. გლობალიზაცია ფრაგმენტაციის (დაყოფა, დანაწევრება) საწინააღმდეგო ტერმინად მოგვევლინა XX საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც პირველად ამერიკელმა მეცნიერმა თ. ლევიტმა იგი ცალკეული [[ბაზარი (ეკონომიკა)|ბაზრების]] შესწავლის პროცესის ასახსნელად გამოიყენა. თუ თავდაპირველად გლობალიზაცია წმინდა ეკონომიკური შინაარსის ტერმინი იყო, სულ რამდენიმე წელიწადში ფართო მნიშვნელობა შეიძინა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. 1990 წელს ლონდონში გამოცემულ კრებულში - „გლობალიზაცია: შემეცნება და საზოგადოება” - ეს ტერმინი პირველმა გამოიყენა მ. ელბროუმ მსოფლიოს ქვეყნებისა და ხალხების, სხვადასხვა ცივილიზაციისა და კულტურის ერთიანობის გამოსახატავად. ამავე წელს, ფართო გაგებით, იგი აგრეთვე გამოიყენა იაპონელმა კ. ომემ, ხოლო 1999 წელს დავოსში გამართული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მთავარი თემა სწორედ გლობალიზაცია იყო. გლობალიზაციის პროცესი სათავეს იღებს XX საუკუნის 60-იანი წლებიდან, თუმცა ამ ყოვლისმომცველ პროცესს წინ უძღოდა ამავე საუკუნის 40-იან წლებში დაწყებული „კეინზიანური რევოლუცია“, რომელმაც ბიძგი მისცა თვისებრივად ახალ ეკონომიკურ ზრდას და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გლობალიზაციის წარმოშობაში.

აღნიშნული პროცესი გარკვეულწილად დააჩქარა 50-იან წლებში დეკოლონიზაციის ფართოდ გაშლამ, აგრეთვე მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის საფუძველზე მსოფლიოში მიმდინარე სტრუქტურულმა ცვლილებებმა, რაც, უპირველეს ყოვლისა, მომსახურების სფეროს პრიორიტეტულ განვითარებაში გამოიხატა. მსოფლიოს ეკონომიკურმა განვითარებამ ახალი თვისებრიობა შეიძინა. 70-იანი წლების დასაწყისში ინდუსტრიული საზოგადოების გადაზრდამ პოსტინდუსტრიულში ახალი ბიძგი მისცა მსოფლიო განვითარებას. ამ თვისებრივ ნახტომში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან ეკონომიკას სოციალური ორიენტაცია შესძინა. საბაზრო ურთიერთობებმა საკუთრების პლურალიზმის დამკვიდრებით, შეიძლება ითქვას „შტამპი მოხსნა“ ველურ კაპიტალიზმს და გზა გაუხსნა საკუთრების დემოკრატიზაციის პროცესს. ბაზარმა სრულიად სხვა შინაარსი შეიძინა. ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირებასთან ერთად, კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე ბაზარი პირველად მეურნეობის ეფექტიან მექანიზმად ჩამოყალიბდა. ამ გარემოებამ დასაბამი მისცა საზოგადოებრივ გარდაქმნებს ახალ ამპლუაში და დადებითი გავლენა მოახდინა თანამედროვე საზოგადოების ფორმირებაზე, ახალ სოციუმზე, რამაც ხელი შეუწყო ჰუმანიზაციის პროცესების გაღრმავებას. განვითარებულმა სამყარომ მიიღო ახალი დროის გამოწვევა. საფუძველი ჩაეყარა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას. ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი უფრო მაღალი სოციალური და ამავე დროს, ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების თვალსაზრისით. გლობალიზაციას ახალი იმპულსი შესძინა 90-იან წლებში ელვისებურად განვითარებულმა სოციალურმა კატაკლიზმებმა, რაც სწრაფად დაგვირგვინდა მსოფლიო სოციალისტური სისტემის ნგრევითა და კომუნისტური სოციალიზმის ხანის დასრულებით. ეს დროის მოთხოვნა და გლობალიზაციის მსოფლიო პროცესის გამოძახილიც იყო.

გლობალიზაცია თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიო პოლიტიკის შინაარსს. იგი რადიკალურად ცვლის თანამედროვე საზოგადოების ცხოვრების შინაარსსაც. გლობალიზაცია არა მხოლოდ აახლოებს ქვეყნებს ერთმანეთთან, არამედ ურთიერთდამოკიდებულსაც ხდის მათ. იგი აჩქარებს ცალკეულ ქვეყნებში ღია საზოგადოების ჩამოყალიბებას და ანგრევს ჩაკეტილ, ტოტალიტარულ რეჟიმებსა და ეკონომიკებს. გლობალიზაცია ხელს უწყობს პარტნიორული ურთიერთობების წინა პლანზე წამოწევას, მსოფლიო მასშტაბით რესურსების ეფექტიანგამოყენებას, მეცნიერების მიღწევების მოკლე ვადაში დანერგვას, რესურსდამზოგველი და ნაკლებნარჩენიანი ტექნოლოგიების ფართოდ გავრცელებას, ინტელექტუალური კაპიტალის წარმოჩენას, ინტერნეტული ქსელისა და, საერთოდ, საინფორმაციო ინდუსტრიის სწრაფ განვითარებას, კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას, განსაკუთრებით, ფინანსური კაპიტალის მობილურობის ზრდას და ა.შ.

ბოლო ხანს საინფორმაციო ტექნოლოგიებში მომხდარმა რევოლუციამ და ტრანსპორტის სფეროში განხორციელებულმა კოლოსალურმა პროგრესმა შეამცირა წარმოების ხარჯები. ამიტომ ასეთი ტრანსფორმაციის პირობებში, შეიცვალა თავად წარმოების მასშტაბის ეფექტიც. გლობალიზაცია თავისი არსით უნივერსალურია. ამიტომ მისი მასშტაბებისა და ფუნქციებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რამდენად მართული იქნება ეს მრავალწახნაგოვანი და წინააღმდეგობებით სავსე ფენომენი. წინააღმდეგ შემთხვევაში გლობალიზაციას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია კაცობრიობისათვის.

გლობალიზაციის ძლიერი ტენდენციები დღეს გარდაუვალია. მას ბევრ პოზიტიურთან ერთად, ახლავს გარკვეული ნეგატიური შედეგები. იგი განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მცირე რეგიონებს, ქვეყნებსა და ერებს, უარყოფით გავლენას ახდენს ლოკალურ კულტურებზე. საერთაშორისო შეზღუდვების პირობებში დღეს შეუძლებელია ეროვნული ეკონომიკების მართვის დამოუკიდებელი სტრატეგიების განხორციელება. სახელმწიფოები, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის გზაზე ახალდამდგარი ქვეყნები ნაკლებად ავტონომიურია. მათ სულ უფრო ნაკლები ექსკლუზიური კონტროლი აქვთ საკუთარ ტერიტორიაზე მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებზე, ამასთან, ეროვნული თავისებურებებისა და ტრადიციების შენარჩუნების ნაკლები უნარი შესწევთ. მცირე ქვეყნების კულტურა სულ უფრო მეტად ექცევა წინააღმდეგობაში მსოფლიო პროცესებთან. ღრმავდება მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუციონალიზაციის პროცესი. საერთაშორისო დონეზე მართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი ნაწილი კონტროლდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მსოფლიოს სააგენტოებს, სავაჭრო ბლოკებსა და მთავარ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებებით. დღეს ეროვნულ პოლიტიკას აღარ შეუძლია ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებზე განსაკუთრებული გავლენის მოხდენა. იგი სულ უფრო და უფრო „გრილდება“. ამიტომ ეროვნული ეკონომიკების ეფექტიანი მართვის ფუნქციები ეცემა. მესამე ათასწლეულის დასაწყისში გლობალიზაციის პროცესი მკვეთრად დიფერენცირებულია, ხასიათდება შინაგანი წინააღმდეგობებით, რომლებიც უპირატესად თავს იჩენს განვითარებად ქვეყნებში.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები