გიორგი (მხატვარი XVIII ს.)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი – (XVIII ს. I ნახ.), მხატვარი. მოღვაწეობდა თბილისში, სიონის ტაძარში.

გიორგის მხატვრულ ნამუშევრებს ჩვენამდე არ მოუღწევია. მის შესახებ ცნობებს მხოლოდ მის სახელზე გაცემულ სიგელსა და სითარხნის წიგნში ვხვდებით. 1703 წ. თბილელი მიტროპოლიტის, დომენტი ორბელიშვილის მიერ გაცემულ სიგელში პირველად ჩნდება მისი სახელი: „ესე წყალობის წიგნი გიბოძეთ შენ, ჩვენის საყდრის ყმას მხატვარს გიორგის, შვილსა შენსა მიქაელს, შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა, ასრე რომე წყალობას დაგვეაჯე, ვისმინეთ მოხსენება შენი და გიბოძეთ ჩვენს ქარვასლას უკან ქულბაქებიო“. ვახტანგ მეფის მიერ სიონის მხატვარ გიორგისთვის მიცემულ სითარხნის წიგნსა და ნიშანში ვკითხულობთ: „ნებითა და შეწევნითა მღთისითა ჩვენ იესიან დავითიან სოლომონიან ბანგრატოანმან ღთივ აღმატებულმან და ღთივ დამყარებულმან, ღთივ ზეცით გვირგვინოსანმან საქართველოს ტახტისა და სახელმწიფოს მპყრობელ მქონებელმან, ბატონიშვილმან პატრონმან ვახტანგ და თანა მეცხედრემან ჩვენმან ჩერქეზთა მეფის ასულმან დედოფალთ დედოფალმან პატრონმან რუსუდან, პირმშომან და სასურველმან ძემან ჩვენმან პატრონმან ბაქარ, ესე ამიერით, უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი წყალობის და სითარხნის წიგნი და ნიშანი. შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ ჩვენს ერთგულად ნამსახურ ყმას, სიონის მხატვარს გიორგის და შვილს შენსა მიქელს და იოვანესა და მომავალთა სახლისა თქვენისათა...“.

გიორგიმ მუშაობა დაწყო პირველ ქართულ სტამბაში მბეჭდავად. 1716 წ. დაბეჭდილ ფსალმუნს თავფურცელზე ახლავს წარწერა: „განსრულდა დავითი ესე თვესა ივნისსა, ქკსა უდ. სტამბის მეურნეობასა გიორგი მხატვარისასა“. 1720 წ. დასტამბულ პარაკლიტონის თავფურცელზე კვლავ მისი სახელი ჩნდება: „მბეჭდავი წმიდისა ამის პარაკლიტონისა, მდაბალი მონა და მოსამსახურე თქვენი ტფილისის სიონის მხატვარი გიორგი“.

მხატვარ გიორგის სახელი მოხსენიებულია მოწმეთა შორის 1715 წლის საბუთში. ზოგიერთი მოსაზრებით, ის გაიგივებულია, XVII ს. ბოლოსა და XVIII ს. დასაწყისში მოღვაწე კალიგრაფთან და მხატვართან გიორგი ართმელაძესთან. მის სახელთანაა დაკავშირებული საეკლესიო კრებულისა და სახელმწიფო არქივში დაცული ხელნაწერის (№311)

გადაწერა და მხატვრული გაფორმება ხელნაწერებზე დართული მინაწერები მხატვრის სახელს ნათლად წარმოაჩენს: „შენდობაჲ ყავთ ჩემ ცოდვილის გიორგის მხატურისათჳს, ქრონიკონს ტჟდ“ (1706). კალიგრაფიული მხედრულით შესრულებული ტექსტები გადამწერის გაწაფულ ხელს ავლენს, ჩართული გაფორმების ელემენტები კი თავად კალიგრაფის მიერაა მოხატული. საზედაო ასოების გარდა, ხელნაწერი შემკულია წმინდანთა ფიგურებითა და სხვადასხვა გვერდებზე განთავსებული ხელის მტევნის გამოსახულებებით.

გიორგი მხატვრის სახელი მოგვიანო პერიოდის სიგელებში მის შვილებთან მიმართებით ჩნდება. გარეჯის უდაბნოს 1721 წლით დათარიღებულ სიგელში (№ 130) ნათქვამია: „დაიწერა ესე ნასყიდობის წიგნი და სიგელი ცელითა სიონის ღმრთისმშობლის მხატვრის გიორგის შვილის იოანესითა...“. 1743 წლის ნასყიდობის სიგელში მოხსენიებულია გიორგი მხატვრის შვილი და მისი ოჯახი (Ad-80).

ნ. ქავთარია


წყაროები და ლიტერატურა

  • სხეც, Sd-774, (Sd-1904). (S-1163) (№311) S-116.
  • ბერიძე ვ., ძველი ქართ- ველი ოსტატები, თბ., 1967;
  • გაჩეჩილაძე ი., ქართულ ხელნაწერთა ამაგდარნი (მწიგნობარ-კალიგრაფი ალექსი-მესხიშვილები), თბ., 2011,
  • თაყაიშვილი ე., საქართველოს სიძველენი, ტ. 2, ტფ., 1909;
  • კაკაბაძე ს, ისტორიული საბუთები, წგ. 5, ტფ., 1913;
  • მოხატული ისტორიული დოკუმენტები საქართველოს სიძველეთსაცავებიდან, დ. კლდიაშვილის რედ, თბ., 2011;
  • ქართული წიგნი, ბიბლიოგრაფია, ტ. 1 (1629-1920), თბ, 1941.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები