გიორგი მაშენებელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი მაშენებელი – (გიორგი I, დიდი, მაშენებელი, 1019–1029, წმ. (ხსენ. დღე 28.07/10.08), ათონის ივერთა მონასტრის მესამე წინამძღვარი. მის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება ქართულ და ბერძნულ წყაროებში.

ქართული წყაროებიდან ცნობები შემოინახა იოანესა და ეფთვიმეს და გიორგი მთაწმიდლების „ცხოვრებებმა“. იოვანესა და ეფთვიმეს „ცხოვრებაში“ გიორგი I იწოდება იოანეს და ეფთჳიმეს „თვისად“, ანუ ნათესავად, იოვანე ქართველმა სიკვდილის წინ „ყოველი ხელმწიფებაჲ და უფლებაჲ მამასა ეფთვიმეს მისცა, რაჲთა რომელიცა განგები და წესი ენებოს, იგიცა დაუდვას მონასტერსა და მას ზედაცა განაკანონოს, და შინა და გარე, ვითარცა ენებოს, ეგრეცა განაგოს. და მერმე შემდგომად თვისა უბრძანა, რაითა გიორგის დაუტევოს მამობა, რომელიცა იგი თვისივე იყო მათი, კაცი სახელოანი და ფრთხილი ხორციელთა საქმეთა ზედა და კუალად უბრძანა, რაითა გიორგი შემდგომად მისა სხუაი დაუტევოს წინამძღუარი, რომელი იპოოს სიტყვით და საქმით სხუათა უმჯობესი ძმათა შორის“.

სიკვდილის წინ მონასტრის საერო ეპიტროპობა იოვანემ ბასილსა და კონსტანტინე კეისრებს „შეჰვედრა“ და მათვე „შეავედრა“ ეფთვიმე და გიორგიც. ჩანს, რომ გიორგი I ის პიროვნება იყო, რომელსაც იოვანე იბერმა ეფთჳიმეს შემდგომ გულდამშვიდებით მიანდო მონასტრის გამგებლობა იმ დიდი დამსახურებისა და სახელისთვის, რომელიც გიორგის მოუპოვებია იოვანეს სიცოცხლეშივე.

ივირონის ბერძნული აქტები გიორგის მოიხსენიებს როგორც იოვანე იბერის ძმისშვილს და ეფთვიმეს ბიძაშვილს (Actes d Iviron, l). ბერძნული წყაროების მიხედვით, გიორგი X ს. 90-იანი წლების დამდეგს ქართველთა მონასტრის ბერია, რომელსაც ათონზე იცნობენ როგორც იოვანე ქართველის ძმისწულს.

1020 წ. 20 დეკემბრის დოკუმენტში გიორგი პირველად იწოდება წინამძღვრად (Actes d’ Iviron, I,) გიორგი I-ის პოპულარობას X ს. 90-იან წლებში ათონსა და განსაკუთრებით ათანასეს ლავრაში მოწმობს აგრეთვე ათანასეს დიატიპოსი, რომელიც 984-1001 წწ. დაწერილად არის მიჩნეული. დიატიპოსი არის თავისებური ანდერძ-ტიპიკონი, სადაც ჩამოყალიბებულია ათანასეს უკანასკნელი ნება და განკარგულება ლავრის მომავალი განმგებლებისადმი. იმის შემდეგ, რაც ათანასე დამოძღვრავს ლავრის მომავალ ეპიტროპს იოვანე იბერს, რომელმაც ლავრის რჩეულ ბერებთან ერთად უნდა წარმართოს მონასტრის კრებულის სულიერი ცხოვრება, ის მიმართავს მომავალ წინამძღვრებს, რათა გაუფრთხილდნენ ათანასესთვის ყველაზე ახლობელ და საყვარელ პირებს, რომელთა შორის იხსენიება გიორგი ბერი. დიატიპოსში გიორგიის მოხსენიება მოწმობს იმას, რომ იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ლავრაში და ათანასეს ახლობელი იყო ისევე, როგორც იოვანე იბერი, თორნიკე და ეფთვიმე.

გიორგი ერთხანს ლავრაში ცხოვრობდა, აქტიურად იყო ჩაბმული სამონასტრო ცხოვრებაში და ათანასეს ეხმარებოდა საქმიანობაში. მისი აქტიური ბუნება, მოღვაწეობის ფართო ასპარეზი და საქმის ორგანიზაციის დიდი უნარი კარგად ჩანს ივირონში მისი მოღვაწეობიდან. აღსანიშნავია მისი კონტაქტები ბიზანტიელ მთავრებთან და მაღალ მოხელეებთან. საგულისხმოა გიორგი მთაწმიდლის მიერ გიორგი ბერის პიროვნების დახასიათება: „იგი ხორციელ სიამეთა ზედა ფრთხილ იყო და მის ჟამისა წარჩინებულთა და მთავართა წინაშე სახელოვან და მთაი ყოველი დიდად პატივს სცემდა და ეკრძალვოდა“. 1091 წლის შემდეგ გიორგი გახდა ივირონის წინამძღვარი. მან დაიწყო მონასტრის წესებში ცვლილებების განხორცილება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან გააკეთა, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აშენება იყო, რის გამოც მან „დიდისა“ და „მაშენებლის“ სახელი დაიმსახურა.

მონასტერში სამშენებლო საქმიანობისთვის გიორგიიმ ბერძენი ბერებიც მოიზიდა, რადგან ისინი კარგი ხელოსნები იყვნენ. „ცხოვრების“ ავტორი გიორგის ამ ნაბიჯს არასწორად მიიჩნევს, მაგრამ გამართლებასაც უძებნის. გიორგი მთაწმიდლის თქმით, ბერძნების მომრავლებას წინამძღვარმა იძულებით მიჰყო ხელი, ვინაიდან ამისთვის არსებობდა ობიექტური მიზეზები. ამას თხოულობდა მონასტრის გაზრდილი მამულები, სამუშაოთა სიმრავლე და აღმშენებლობა, რომელიც გიორგიმ წამოიწყო. მაგრამ ივირონში ჩამოსულ ქართველებს იგი განსაკუთრებული მზრუნველობით ეკიდებოდა და არაფერს აკლებდა. ივირონში ბერძენთა მომრავლებამ საბოლოოდ ქართველი მოწესეები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო და ამიტომ „ბერძნებისკენ მოდრეკა“, გიორგის, აღმშენებლობითი მოღვაწეობის მიუხედავად, დიდ ბრალდებად ჩაუთვალეს.

1029 წ. ბიზანტიის იმპერატორ რომანოზ არგიროსის (1028- 1034) წინააღმდეგ დიოგენეს შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ივირონის წინამძღვარი გიორგი ბიზანტიელთა რისხვის მსხვერპლი გახდა და კუნძულ მონოვატზე გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა. ამის შესახებ მოთხრობილია გიორგი მთაწმიდლის თხზულებაში. ივირონის ბერებმა თავიანთი წინამძღვარი გიორგი კ. მონოვატიდან ათონზე გადმოასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს მისთვის საგანგებოდ მომზადებულ მარმარილოს ლუსკუმაში თავისსავე აგებულ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. ივირონის კრებულის თვალში ამ დროისთვის გიორგი სრულიად რეაბილიტირებულია და მას სამუდამოდ დაუმკვიდრდა „დიდისა“ და „მაშენებლის“ სახელი, რომელმაც მრავალ საუკუნეს გაუძლო და ტრადიციის სახით თავი იჩინა „ივირონის“ მაშენებელთა – იოვანეს, გიორგის ბერძნულ ცხოვრებაში“. გიორგი I მაშენებელი, როგორც გამორჩეული მოღვაწე, ივირონში სავანის ქტიტორთა – იოვანესა და ეფთვიმეს გვერდითაა გამოსახული.

მისი ხსენება წმ. იოანესა და წმ. ექვთიმესთან ერთად აღესრულება.

ე. დუღაშვილი


ლიტერატურა

  • იოანე, ეფთვიმე და გიორგი ათონელების ბერძნული „ცხორებანი“, მ. მაჩხანელის გამოც., თბ., 1982;
  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 2, თბ., 1980;
  • მეტრეველი ე., ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ.,1998;
  • მისივე, ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბ., 1996;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის რედ., წგ. 2, თბ., 1967;
  • Actes d Iviron, II, Des origines au milieu du XI e siècle, edition diplomatique par Laques Lefort, Nikolas Oikonomides, Denise papachrisanthou avec la collaboration d' Helene Metreveli, 2008.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები