გველი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერტსეგერი

გველი (ეგვიპტურ მითოლოგიაში) – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცხოველი ეგვიპტის რელიგიასა და მითოლოგიაში.

გველები ეგვიპტელისათვის ხთონიურ, პირველქმნილ შემოქმედ ძალებთან ასოცირდებოდნენ. იმავდროულად, გველი იყო შხამიანი ცხოველი, და ეგვიპტელებს ძალიან ეშინოდათ მისი კბენის. ცნობილი მითი ისიდას და რას შესახებ გვამცნობს, რომ შხამიანი გველის თავად რას ეშინოდა. ეგვიპტელების „ოქროს ხანა“, რომელსაც ეგვიპტური ტექსტები „ღმერთების დროს“ ეძახდნენ, იმითაც იყო მომხიბვლელი, რომ იმ დროს „არ არსებობდა გველების კბენა“. იმავდროულად, ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ლოცვით და შელოცვით შეიძლებოდა გველების მომაკვდინებელი ძალის თავიანთ სასარგებლოდ გამოყენება. ამიტომ ეგვიპტურ მითოლოგიაში გველები როგორც კეთილ, ასევე ბოროტ საწყისს წარმოადგენდნენ. ორივე საწყისის მატარებლად გვევლინება გველის (კობრას) სახის ქალღმერთი – უაჯეტი, რომელიც წინადინასტიური ჩრდილოეგვიპტური სამეფოს დედაქალაქის, ბუტოს მფარველი იყო, გაერთიანებულ ეგვიპტეში კი, როგორც ურეუსის გველი, ფარაონის გვირგვინის სიმბოლო გახდა. მის გამოსახულებას ფარაონი, როგორც დამცველს, შუბლზე ატარებდა. როცა ფარაონს თავზე ურეუსიანი გვირგვინი ედგა, მას ქურუმი საკმეველს უკმევდა კობრის დასაწყნარებლად. ითვლებოდა, რომ ურეუსის ცეცხლოვანი შხამი ფარაონის მტრებისათვის მომაკვდინებელი იყო. ურეუსის გველის „ცეცხლოვანებამ“ დააკავშირა ის მზესთან და მითოლოგიურ წარმოდგენებთან შევარდნის, როგორც გიგანტური ჩიტის შესახებ, რომლის თვალები მზე და მთვარე იყო. თანდათან ურეუსის გველი გახდა „ხორის ცეცხლოვანი თვალი“, რომელიც ჰერაკლეოპოლისური პერიოდის სარკოფაგების ტექსტებში მოიხსენიება, როგორც „ხორის ცეცხლოვანი თვალი, რომელიც წარმოქმნა ძრწოლამ და ცეცხლმა, შიშის ქალბატონი, რომელსაც სახე მისცა რამ“. უაჯეტი იყო ასევე მეათე ზემოეგვიპტური ნომის ნიშანი, სადაც იგივე სახელის ქალაქიც არსებობდა.

სარკოფაგების ტექსტების დროიდან (დაახლ. პირველი გარდამავალი პერიოდი) ჩნდება გველის სახის ბოროტი დემონი აპოპი, რომელიც ყოველ ღამე ებრძვის რას, როცა ციური მნათობი მიწისქვეშეთში ეშვება. აპოპის გარდა, რას მიწისქვეშეთში გველის სახის მქონე მრავალი მოწინააღმდეგე ებრძოდა. პირველქმნილ ღმერთებს ასევე გველის სახე ჰქონდათ. უკვე პირამიდების ტექსტებში ვხვდებით უძველეს გველის სახის ღვთაებას ნეხებკაუს, რომელიც ატუმის „მეტოქედაც“ კი გვევლინება, თუმცა ატუმს, ისევე როგორც ხეპრის, შეეძლო გველის სახის მიღება.

გველის სახე ჰქონდათ ჰერმოპოლისის ოგდოადის პირველქმნილ ქალღმერთებს ნუნეტს, კუკეტს, ხუხეტს და ამუნეტს და ნაყოფიერების ქალღმერთს, თერმუტისს. გველის სახის ქალღმერთი მერეტსეგერი, რომელსაც თებეს ნეკროპოლისში ეთაყვანებოდნენ, უფრო მფარველი, და არა საშიში ღვთაება იყო. პტოლემაიოსების დროის სატაძრო კულტტოპოგრაფიული ცხრილების თანახმად კი გვიანდელ პერიოდში ყველა ტაძარს თავისი მფარველი გველს სახის ღვთაება ჰყავდა. ეგვიპტელების მიერ გველების მისტიურ ცხოველებად აღქმა იქიდანაც ჩანს, რომ სიტყვა „ქალღმერთი“ (ntr:t) შეიძლებოდა გველის ნიშნით ყოფილიყო გამოწერილი ან გველის დეტერმინატივე ჰქონოდა.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები