გვასალია რუსუდან
გვასალია რუსუდან კირილეს ასული - (27. IX. 1953, თბილისი), მევიოლინე, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1972). მ. ლონგისა და ჟ. ტიბოს სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის (1973, პარიზი, გრან-პრი) და პ. ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (1974, მოსკოვი, II პრემია) ლაურეატი.
1969 დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო ათწლედი (პროფ. ლ. შიუკაშვილის კლასი), 1970-74 სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში (პროფ. დ. ოისტრახის კლასი). ჯერ კიდევ მოსწავლემ 1969 ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსში გაიმარჯვა და I პრემია მოიპოვა. 1975-იდან მართავს კონცერტებს. გასტროლებით მოვლილი აქვს საზღვარგარეთის მრავალი ქვეყანა. 1987-იდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ხელოვანთა საერთაშორისო კურსებზე (გერმანია, ქ. ფრანკენთალი). მისი დაკვრა გამოირჩევა მაღალი საშემსრულებლო კულტურით, ინტერპრეტაციის სიღრმით, არტისტიზმით. (გ. ტორაძე)
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი