გერმანე (მიტროპოლიტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერმანე – (1708-1790, ქ. თბილისი), საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტი. ერისკაცობის სახელი და გვარი უცნობია.

სიყრმიდანვე იზრდებოდა დავითგარეჯის მონასტერში, სადაც მისი აღმზრდელი, მასწავლებელი და სულიერი მოძღვარი იყო მღვდელ-მონაზონი წმ. იოანე (სააკაძე), შემდგომში მანგლელი ეპისკოპოსი. მანვე აღკვეცა ბერად გერმანეს სახელით და დიაკვნად აკურთხა. ახალგაზრდა ბერ-დიაკონი ეპისკოპოს იოანეს კრებულში არქიდიაკონის პატივით მსახურობდა. ეპისკოპოს იოანეს საქართველოდან წასვლის შემდეგ იგი თან ახლდა მას დარუბანდში, შემდეგ კი ჩრდილოეთ კავკასიაში. 1743-1744 წწ., როდესაც იოანე მანგლელი მოსკოვში ჩავიდა, გერმანე მასთან ერთად იყო, უკვე იღუმენის პატივში. სავარაუდოდ, XVIII ს. 30-იან წლებში იოანემ მას მღვდლად დაასხა ხელი. მოსკოვში ყოფნის პერიოდში ეპისკოპოს იოანეს რეკომენდაციით გერმანეს არქიმანდრიტის პატივი უბოძეს. 1746 წ. რუსეთის წმ. სინოდის გადაწყვეტილებით იოანე მანგლელის აშენებული წმ. იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია მონასტრად გადაკეთდა და მის წინამძღვრად გერმანე დაინიშნა.

1751 წ. 28 მარტს ყიზლარში მყოფი ეპისკოპოსი იოანე გარდაიცვალა. თავის ანდერძში იგი გარეჯის წმ. იოანე ნასთლისმცემლის მონასტერში ითხოვდა დასაფლავებას. 1752 წ. მეუფის ძმასთან, ნიკოლოზ სააკაძესთან ერთად გერმანემ თავისი მოძღვრის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენა, თუმცა მეფის ნებითა და კათოლიკოსის კურთხევით იგი სიონში დაკრძალეს.

კათოლიკოს ანტონ I-ის ლოცვა-კურთხევით გერმანე სამშობლოში დარჩა და დავითგარეჯის ლავრაში განაგრძო მოღვაწეობა. როგორც თანამედროვენი ახასიათებენ, გერმანე თავისი მოძღვრის მსგავსად მაღალი ზნეობისა და ასკეტური ცხოვრების მიმდევარი ბერი ყოფილა. გარეჯის მონასტერში მოღვაწეობის პერიოდში მან მრავალი ადამიანი აღზარდა და ღირსეულად აზიარა ბერული ცხოვრების წესს.

1769 წ. კათოლიკოსმა ანტონ I-მა გერმანე, როგორც მონაზვნობაში გამოცდილი და ღირსეული პიროვნება, დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. პირველად იგი 1769 წ. 29 მაისით დათარიღებულ საბუთში იხსენიება ამ თანამდებობაზე. გერმანე თორმეტი წლის განმავლობაში კეთილად განაგებდა აღნიშნულ მონასტერს.

1781 6. 21 ივნისს იგი უკანასკნელად იხსენიება დავითგარეჯის ლავრის წინამძღვრად. ამავე წლის ნოემბერში უკვე ჩანს, რომ წინამძღვარია არქიმანდრიტი თომა (გარსევანიშვილი), გერმანეს კი თბილელი მიტროპოლიტის ადგილი ეკავა. როგორც ჩანს, 1781 წ. ივნის-ნოემბერში კათოლიკოსმა ანტონ I-მა იგი ეპისკოპოსად აკურთხა და თბილისის კათედრა ჩააბარა.

იოანე ბატონიშვილი თავის ნაშრომში მიტროპოლიტ გერმანეზე წერდა: „გერმანე ტფილელი, რომელიცა სიყრმიდგან თვისით აღიზარდა მონასტერსა შინა ესრეთ მცირე ყრმა, რომელ ოდეს წარმოგზავნეს მონასტერსა, მამათა სოფელსა შინა მოსარეწელად მოწყალებისათვის ერთგან, მხილველმან დედაკაცთამან იკითხა, თუ: ვინ არიან ესენი? – რომელ პირველ ხილვასავე განკვირვებულ იყო, ვინაიდგან არა უწყოდა სახე დედათა. ამან კეთილად იღვაწა მონასტრისათვის იყო ფრიად სიწმინდის მოყვარე და მეცნიერი, უცხო დიალიქტიკოსი, მამათ ცხოვრების წერილთა ზედმიწევნილი. უკანასკნელ მეფემან ირაკლი იძულებით დადგინებულ ყო ტფილელად ტფილისსა შინა. და კეთილად იღვაწა ეკლესიისათვის და მრავალნიცა განსწავლნა სამღვდელოდ და ესრეთ სიწმინდით გარდავლნო წელნი თვისნი“.

წმ. პოლიევქტოს კარბელაშვილი თავის ნაშრომში, „ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში“, მოგვითხრობს კათოლიკოს ანტონ I-ის უკანასკნელი დღეების შესახებ: „მომაკვდავმა კათოლიკოსმა თბილელი მიტროპოლიტი გერმანე იხმო საზიარებლად. 1788 წლის 27 თებერვალს, კვირას, ანჩისხატის ტაძარში სწირა ტფილელ მიტროპოლიტმა გერმანემ; წირვა რომ გამოვიდა, შემოსილმა გაასვენა ბარძიმი კათალიკოზის საზიარებლად. ანტონი მოემზადა წმინდა საიდუმლოს მისაღებად: დაიბანა პირი, დაივარცხნა თმა, წვერი, ჩაიცვა კაბა ანაფორა და მაჯის ღილები თვითონ შეიკრა. მოხუცებულს გერმანეს გული ამოუჯდა ტირილით, ქვით-ქვითებდა და ვერ მოახერხა ეზიარებინა ავადმყოფი. მაშინ ანტონმა თვით წარმოსთქვა სუსტის ხმით ზიარების ლოცვა „მრწამს, უფალო, და აღვიარებ“ და თავის ხელით ეზიარა“.

პ. იოსელიანი თავის ნაშრომში, „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“, გერმანეს შესახებ წერს: „თფილელ-მიტროპოლიტი გერმანე, მოხუცი და ღირსი კაცი, აღზრდილი სიყრმითგან იოანე მანგლელისაგან, შეიქმნა ავად. მეფის ძე გიორგი მიბრძანდა და ნახა მწოლარე სიკვდილისა საწოლსა. თანაჰყვა მას იკონომოსი და დეკანოზი სიონისა იოანე ოსეს ძე, რომელიცა მოხუცებისა გამო და უძლურებისა თვით გერმანესსა, განაგებდა ეპარქიასა მისსა ნახვამან მეფისა ძისა და საუბარმან მისმან წმინდათათვის ეკლესიისა და თვით წმინდისა გერმანესსა, რომლისაცა სახელითა იწოდებოდა იგი, მოიყვანა სნეული ესრეთსა მდგომარეობასა, რომელ შეიქმნა უკეთ და განმხნობილი იტყოდა: ბატონიშვილო! სიტყვა თქვენი, ზეცით მეტყველი, შემექმნა მე სამკურნალოდ. ვხედავ თავსა ჩემსა ცოდვილსა კვალად მოსრულად სოფელსა ამას, რათა სინანული ბრალთა ჩემთათვის განგრძელდეს და ვეღირსო დიდებასა მას ქრისტესსა, რომელსაცა თქვენ მომითხრობთ. ცოდვილითა ჩემითა პირითა, მადლობასა მოგახსენებ და კურთხევასა მოგართმევ: მადლი იესოსი, ყოვლისა სოფლისა ცოდვათაგან მხსნელისა, იყოს თქვენზედა და თქვენსა სახლსა ზედა“.

მეფის ძემან იტირა, ემთხვია მოხუცისა ხელსა. „დამწერე ჯვარი, ეკლესიისა ქრისტესისა მწყემსო“, – რქვა მეფის ძემან. მაშინ წარმოსთქვა: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა...მეორესა დღესა დილით წარავლინა კაცი მოკითხვისა, მოუვიდა პასუხად სრულიად უკეთესობისა მისისა და სიმრთელისა ამბავი. განიხარა და კვალად წირვისა შემდგომად მიბრძანდა და წარიყვანა შვილი თვისი მიხეილი ჯერეთ ათამდინ წლისა. მოახსენეს გერმანეს მიბრძანება მეფის ძისა და მეფის ძის ძისა. აღდგა თვით საწოლით და ქურქმოდებული მიეგება სენაკისა კარსა. განკვირდა მეფის ძე და მაღალისა ხმითა ბრძანა: „კურთხეულ არს ღმერთი მამათა ჩვენთა“ (ესრეთი თქმა ხშირად იცოდა მეფის ძემან ქრისტეს მოყვარემან). იოანე დეკანოზმან პასუხა უგო: „მადლი უფლისა თანა უვის მარადის მადლითა ქრისტესითა სავსე კაცსა“. მაშინ მეფის ძემან მიიყვანა შვილი თვისი მიხეილი და სთხოვა აკურთხოს იგი. გერმანემ დასდვა ხელი თავზედ და ოდესაც აპირებდა კურთხევისა სიტყვისა წარმოთქმასა, უბრძანა მამამან, დაიჩოქოს. მსწრაფლ დაიჩოქა და მაშინ სთქვა: „წმინდამან სამებამან გაკურთხოს შენ. მადლი უფლისა და ღვთისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყოს შენთანა. ჯვარი მისი საჭურველად გექმნას შენ. იხილვიდე კეთილსა მარადის ქრისტეს სიყვარულითა. დღე გრძელი მოგენიჭოს“. ეს ამბავი თვით მიხეილმან მიამბო სანკ-პეტერბურგის ბინაზე, ოდეს ვსადგურობდი მასთან 2 წელიწადსა (1843 და 1844)...“.

მიტროპოლიტი გერმანე კათედრაზე დანიშვნის დროს უკვე საკმაოდ მოხუცი იყო და უჭირდა ეპარქიის მართვა, ამიტომ მთელ საეპარქიო საქმეებს სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი იოანე ოსეს ძე განაგებდა.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი


წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა, ფ. №226 და №1449; სხეც, ფ. Ad 119.
  • იოანე ბატონიშვილი, წგ.: მცირე უწყებანი ქართველთა მწერალთათვის XVI-XIX სს, თბ., 1982;
  • იოსელიანი პ., ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა, ა. გაწერელიას რედ., თბ., 1978;
  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1962;
  • ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 3, თბ., 1967.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები