გერასიმე (გაბუნია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერასიმე – (გაბუნია გიორგი), (1852 ქუთაისის გუბერნია, – XX ს. 20-იანი წლები), საეკლესიო მოღვაწე, არქიმანდრიტი.

არქიმანდრიტი გერასიმე (გაბუნია)

დაიბადა აზნაურის ოჯახში. ქართულ და რუსულ ენებზე წერა-კითხვა, წმ. წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის, თბილისის მაცხოვრის ფერისცვალებისა და აფხაზეთში, ახალი ათონის რუსულ მონასტრებში შეისწავლა. 1879 წ. 15 მაისს თბილისის ფერისცვალების მონასტრის მორჩილად განაწესეს. 1880 წ. 6 ივნისს აფხაზეთის ეპარქიაში, ახალი ათონის მონასტერში გადაიყვანეს. 1881 წ. 6 მარტს ისევ ფერისცვალების მონასტერში დაბრუნდა. 1881 წ. 15 ივნისს დავითგარეჯის მონასტრის მორჩილად განაწესეს. 1881 წ. 6 ოქტომბერს თბილისის ფერისცვალების მონასტერში არქიმანდრიტმა კესარიოსმა (ჩეკურიშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად გერასიმე უწოდა. 1881 წ. 1 ნოემბერს ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი) დიაკვნად აკურთხა და გარეჯის მონასტრის მორჩილად განაწესა. 1882 წ. 29 აგვისტოს ვლადიკავკაზის ეპისკოპოს იოსების (ჩეპიგოვი) ლოცვა-კურთხევით მღვდლად ეკურთხა. 1884 წ. 5 მარტს კვლავ თბილისის ფერისცვალების მონასტერში გადმოიყვანეს. 1884 წ. 2 აპრილს გერასიმემ მონასტრის სასარგებლოდ შეაგროვა 620 მანეთი და 18 ივნისს შესწირა ტაძრის კეთილმოწყობას. 1885 წ. 8 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1886 წ. 3 თებერვალს შიომღვიმის მონასტერში დაინიშნა მღვდელმსახურად. 1886 წ. 6 დეკემბერს ეგზარქოსების სამღვდელმთავრო რეზიდენციაში არსებულ მონასტრის საძმოში განაწესეს. 1887 წ. მარტყოფის მონასტერში გადაიყვანეს და ხაზინადრობა ჩააბარეს. 1890 წ. წმ. სინოდმა ერთგული მსახურებისთვის მადლობა გამოუცხადა. 1891 წ. 15 აპრილს ჯილდოდ სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1894 წ. ივნისში გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში გადაიყვანეს. იქ მოღვაწეობის პერიოდში გერასიმემ მონასტრის კუთვნილ წიგნებზე შემდეგი წარწერები გააკეთა: XIX ს-ში მღვდელ-მონაზონ იოანეს მიერ გადაწერილ „მარგალიტზე“: „ღმერთო, მოიხსენე ამ მამა იოვანეს უჩენიკი, აწ მღვდელ-მონაზონი გერასიმე გაბუნია, რამეთუ გულმოდგინეთ გარდაკითხულ იქმნა ეს წმიდა წერილი ჩემ მიერა. 1896 წლის 3 იანვარი“; XVI-XVIII სს. კრებულზე – „1895 წ. თვესა მარტსა, 5 დღესა მე, ცოდვილმან და ფრიად საწყალობელმანა ხუცეს-მონაზონმანა გერასიმემ, გვარათ გაბუნიამა, იმერეთისამან, ამა წმინდა მონასტერსა შინა აღზრდილმანა, გარდავიკითხე ესე წმინდა ცხოვრება ქალწულთა მოწამეთა მათითა მეოხებითა შემიწყალე, ტკბილო მაცხოვარო ჩემო იესო, და ახოცე მრავალი ცოდვა ჩემთა ხელით წერილი და შემიწყალე ხუცეს-მონაზონი გერასიმე“; მაქსიმე აღმსარებლის XVIII ს. კრებულზე – „ღმერთო, შაიწყალე მდაბალი მღვდელ-მონაზონი გერასიმე გაბუნია, რამეთუ სრულიად გარდავიკითხე სასოებითა 1895 წ“. 1897 წ. 25 სექტემბერს ნათლისმცემლის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. 1899 წ. 30 მარტს ფერისცვალების მონასტერში დააბრუნეს და ამავე წ. 29 ივნისს მონასტრის ეკონომოსად დაინიშნა. 1899 წ. წმ. სინოდმა კვლავ მადლობა გამოუცხადა ეკლესიაში ერთგული მსახურებისთვის. 1900 წ. 6 ივნისს ზედაზნისა და მცხეთის წმ. ჯვრის მონასტრების წინამძღვრად დაინიშნა. 1902 წ. 2 ივნისს იღუმენის პატივი მიენიჭა და ენქერით დაჯილდოვდა. 1902 წ. გერასიმეს დაევალა დროდადრო წირვა-ლოცვა ჩაეტარებინა ეგზარქოსების კარის ჯვრის ეკლესიაში. 1903 წ. 9 სექტემბერს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ მადლობა გამოუცხადა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებზე ყურადღების გამოჩენისთვის. 1903 წ. მრევლმა გამშვენებული ჯვარი მიართვა. 1904 წ. 14 ოქტომბერს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ოქროს ჯვრით, ხოლო წმ. სინოდმა წმ. ნინოს IV ხარისხის ორდენით და იმპერატორ ალექსანდრე III – ის სამახსოვრო ვერცხლის მედლით დააჯილდოვა. 1905 წ. 6 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს. 1906 წ. 13 ოქტომბერს შემოქმედის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრად განაწესეს. ამავე წლის 29 ოქტომბერს არქიმანდრიტის პატივი მიენიჭა. 1907 წ. 14 აპრილს ოზურგეთის მაზრაში არსებული მონასტრების მთავარხუცესად დაინიშნა. 1907 წ. 27 სექტემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1909 წ. 1910 წ. 13 სექტემბერს ქვათახევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1912 წ. 11 დეკემბერს გერასიმე პენსიაზე გავიდა და 1913 წ. 11 იანვარს გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის კრებულში განაწესეს. 1918 წ. ბერ გობრონის (წკრიალაშვილი, შემდგომში – წილკნელი ეპისკოპოსი) პირად მოსახსენებელში არქიმანდრიტი გერასიმე ცოცხალთა შორის წერია. გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი


წყაროები დალიტერატურა

  • სცსა, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა ფ. 489, აღწერა 1, საქმე №49305, საქმე №57648; №56337;
  • მონასტრების ფ. 500, აღწერა 4, ფერისცვალების მონასტერი, საქმე №16.
  • ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექცია), ტ. 1, 4 ნაკვეთი, თბ., 1985.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები