გარმიშ პარტენკირხენის ზამთრის IV ოლიმპიური თამაშები (1936)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარმიშ პარტენკირხენის ზამთრის IV ოლიმპიური თამაშები (1936) – ზამთრის IV ოლიმპიური თამაშები ჩატარდა გერმანიის ქალაქ გარმიშ პარტენკირხენში

ზამთრის მეოთხე ოლიმპიური თამაშების პლაკატი

1936 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლად ბერლინის გამოცხადებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან იმ არაოფიციალური წესის გამოყენება მოჰყვა, რაც გერმანიას - იმავე წელს ზამთრის თამაშების ჩატარების უფლებასაც აძლევდა. შედეგად, ქვეყნის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა თეთრი თამაშების ჩასატარებლად გერმანიის სხვა ქალაქებს შორის გარმიშ პარტენკირხენი გამოარჩია, რასაც სოკ-ი დაეთანხმა.

ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით ქვეყნის სათავეში მოსულმა ნაციონალ-სოციალისტებმა ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა მესამე რაიხის წარმოსაჩენად გამოიყენეს

ისტორიაში მესამედ, ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიადებს ერთმა ქვეყანამ უმასპინძლა. ზამთრის IV თამაშები ბერლინის ოლიმპიადის ერთგვარ გენერალურ რეპეტიციადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. 1933 წელს ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით ქვეყნის სათავეში მოსულმა ნაციონალ-სოციალისტებმა ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა მესამე რაიხის წარმოსაჩენად გამოიყენეს.

თამაშების, როგორც ნაცისტური რეჟიმის პროპაგანდის იარაღად გამოყენების საფრთხემ და ქვეყანაში ანტისემიტური მოძრაობის გაღვივებამ რიგი ევროპული ქვეყნები და აშშ თამაშების ბოიკოტირებაზე დააფიქრა, მაგრამ საქმე რადიკალურ ნაბიჯამდე აღარ მისულა.

გარმიშ პარტენკირხენში ზამთრის თამაშების ისტორიაში რეკორდულად ბევრი ქვეყნის დელეგაცია ჩავიდა. მათ შორის - პირველად გამოჩნდნენ ავსტრალიის, ბულგარეთის, ესპანეთის, საბერძნეთისა და თურქეთის დელეგაციები. ლიხტენშტაინის გუნდმა კი, საერთოდ, ოლიმპიადებზე მონაწილეობის ათვლა სწორედ გარმიშიდან დაიწყო.

ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია

ოლიმპიადის მასპინძლებმა სიმბოლურად ოლიმპიური ცეცხლიც დაანთეს, რაც ზამთრის თამაშებზე პირველი შემთხვევა იყო. ეს თამაშები მნიშვნელოვანი გამოდგა იმითაც, რომ მასში სამთო მოთხილამურეთა დებიუტი შედგა. ისინი ოლიმპიადაზე ქალთა და ვაჟთა კომბინაციით წარსდგნენ, რაც სწრაფდაშვებასა და სლალომის შედეგების ჯამს ითვალისწინებდა. პირველი, ვინც ამ დისციპლინაში ოქროს მედალი მოიპოვა, გერმანელი მსოფლიო ჩემპიონი ფრანც პფნიური იყო, ქალებში კი მისმა თანამემამულემ, კრისტლ კრანცმა გაიმარჯვა, რომელსაც ოლიმპიადამდე ოთხგზის იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა. მთლიანობაში, სადებიუტო სახეობაში შთამბეჭდავად ბევრი – 26 ქვეყნის 103 სპორტსმენი გამოვიდა.

თამაშების ყველაზე წარმატებული მონაწილე გახდა სენტ მორიცის ოლიმპიური ჩემპიონი, ნორვეგიელი ივარ ბალანგრუდი, რომელმაც ციგურებით რბოლაში ოთხიდან სამ დისტანციაზე ჩემპიონობა მოიპოვა, ერთში კი – ვერცხლის მედალი.

ფიგურულ ციგურაობაში მესამე ოლიმპიური ოქრო დაისაკუთრა ნორვეგიელმა სონია ჰენიმ. ამასთან, ჰენი დღემდე ერთადერთია, რომელმაც ქალთა ერთეულთა თანრიგში შესაბამის წარმატებას მიაღწია. ტრამპლინიდან ხტომაში, ისევე როგორც წინა ოლიმპიადაზე, კვლავაც საუკეთესო იყო ნორვეგიელი ბირგერ რუდი. მან რამდენიმე დღით ადრე სამთო მოთხილამურეთა ასპარეზობებშიც მოსინჯა საკუთარი ძალები. ახლოსაც იყო წარმატებასთან, როდესაც საწყის დისციპლინაში – სწრაფდაშვებაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, მაგრამ სლალომში ტექნიკამ უმტყუნა, კარი გამოტოვა, დაჯარიმდა და მეექვსე შედეგი აღმოაჩნდა, ჯამში კი მეოთხე იყო.

ჰოკეიში ოლიმპიურ მედლებთან ერთად ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ჯილდოებიც გათამაშდა. კანადა, რომელიც გარმიშ-პარტენკირხენს ზედიზედ მეხუთე ოლიმპიური ოქროს მოსაპოვებლად ეწვია, გაწბილებული დარჩა. ჩრდილოამერიკელთა ჰეგემონია 1924 წლის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა, — დიდი ბრიტანეთის გუნდმა დაამხო. პირველ და დღემდე ერთადერთ ოლიმპიურ ოქროსთან ერთად (2018 წლის ჩათვლით) დიდბრიტანელებმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონობაც იზეიმეს.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელ ჰოკეისტთა გუნდის საუკეთესო მოთამაშე რუდი ბოლი მთელი გერმანიის ოლიმპიური დელეგაციის ერთადერთი ებრაელი წარმომადგენელი გახლდათ, რომელსაც ნაცისტურმა რეჟიმმა თამაშებზე გამოსვლის უფლება მისცა. თუმცა, გუნდში ბოლის აყვანაზე მნიშვნელოვანი როლი მისმა ახლო მეგობარმა და თანაგუნდელმა გუსტავ იანეცკემაც ითამაშა, რომელმაც მეგობრის გარეშე თამაშზე უარი განაცხადა.




წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები