გაბური ლელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გაბური ლელა − (1967), მეცნიერი, მწერალი, პოეტი. ნამდვილი სახელი - მარინე. 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. გამოცემული აქვს 4 პოეტური კრებული: „ყამარის ლექსი” (1998), „ნუ დაღონდი, ბუბაილო” (2013), „სამანი” (2014) და „აი, იმ გზამდი...” (2017). 2006-10 წლებში გამოცემულ წიგნებში „ძველი აღთქმა და ხევსურთა წეს-რწმუნებანი”, „რა არის სწორფრობა?!” და „ხევსურეთი ახალი აღთქმის შუქზე” ხევსურთა რელიგიური შეხედულებები და ადათ-წესები ბიბლიის შუქზეა შესწავლილი. მის ლექსებზე შექმნილია არაერთი ფოლკლორული სიმღერა.
- * * *
- არ დაიჯერო, თითქოს მაკლიხარ
- არ დაიჯერო, თითქოს გინატრე,
- შენ ხომ ჩემთან ხარ დღისით და ღამით,
- შენ ხომ ჩემში ხარ, როგორც სინათლე...
- ჩვენი სიშორე ვინ მოიგონა,
- ან მარტოსულად როგორ ჩამთვალეს
- რად ვერ ამჩნევენ რომ მზეებივით
- შენი თვალები დააქვთ ჩემ თვალებს...
- როგორ თქვეს ჩემზე ცხოვრობს ეულად
- და გულზე დარდებს იკრავს ღილივით
- სასაცილოა...რად ვერ შენიშნეს
- ჩემს ბაგეებზე შენი ღიმილი?!
- უკვირთ, აღმართზე მყარად რომ მივალ,
- მე ხომ გეყრდნობი მხარზე გოლიათს,
- სასაცილოა...როდესაც ვტირი
- ის ცრემლი მარტო ჩემი ჰგონიათ.
- მე შენი სულიც მიმაქვს სხეულით,
- მინდა ლაჟვარდის ფრთებზე ვარწიო
- და უკვდავებას თუ ვერ ვუბოძებ,
- ლექსებად მაინც გადავაქციო...