ბულისკერია მანონ
ბულისკერია მანონ − (1972), პოეტი, მხატვარი. დაიბადა აფხაზეთში (გალის რაიონი, წარჩე). 1996 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა პასუხისმგებელ მდივნად ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ჟურნალში „რიწა“, ხოლო 2005 წლიდან 2010 წლამდე – ამავე ჟურნალის მთავარი რედაქტორის მოადგილედ. 2010 წლიდან ის აფხაზეთის ლიტერატორთა და ხელოვანთა შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეა, 2017 წლის აპრილიდან – ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარე. ლიტერატურულ პრესაში სისტემატურად იბეჭდება 1994 წლიდან. გამოცემული აქვს ოთხი პოეტური კრებული; 2013 წელს, წიგნისთვის „ნედლი ნამხრევი“, მიენიჭა გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია. ასევე, არის ორი პერსონალური გამოფენის ავტორი. ამჟამად მუშაობს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მინისტრის თანაშემწის თანამდებობაზე.
- * * *
- ხედავ? − ცხოვრება დავამსგავსეთ
- განსაცდელს! ხმაში სიფიცხე ჩადგა
- და მზერაში ეჭვი ჩაშენდა! −
- მეტყვი და ხელებს, როგორც აფრებს,
- საშველად გაშლი,
- რომ უმეგზურო ამ ცხოვრებას,
- ჯერაც არშემდგარს!
- მლაშე ცრემლები
- აირეკლავს ნაბილიკარებს,
- სადაც არასდროს შევდგებით
- და მაინც ჩრდილებად
- გავკრთებით... და ვინც არ დავეცით,
- სუნთქვა ვიკმარეთ,
- ვისაც საკუთარ თავზე უფრო
- გვემორჩილება ამ მიწის ბრუნვა,
- ერთი მზე და მთელი სამყარო,
- ვეპატრონებით გაშლილ ხრიოკს,
- რადგან ვიცით, რომ
- ხე საოცარი ტკივილია, როცა არ ხარობს...
- მას შეუძლია სიკვდილზე და სუსხზე იფიქროს...