ბრძანებითი მიმართვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრძანებითი მიმართვა – ზმნური მიმართვის ფორმა, რომელიც ემთხვევა აორისტის II პირის ფორმას, ოღონდ მისგან განსხვავდება ინტონაციურად – წარმოითქმის სპეციფიკურად მაღალი ტონით და ხმის ინტენსივობით (შდრ.: გააკეთე (უკვე) და გააკეთე!) ეს ნიშნები და ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისაკენ მოწოდების ფუნქცია გამოარჩევს ბრძანებითი მიმართვას სხვა ფორმებისაგან და, ამრიგად, იგი განასახიერებს ე. წ. ბრძანებით კილოს, რომელიც უპირისპირდება თხრობითსა და კავშირებით კილოებს. ბრძანებითი მიმართვა, ჩვეულებრივ, პუნქტუაციურად ფორმდება ძახილის ნიშნით (მაგ.: „მეგობრებო, წინ, წინ გასწით!“ ი. ევდოშვილი).

ბრძანებითი ფორმის ადგილი ზმნის სხვა პირიან ფორმებს შორის განისაზღვრება თვით ამ კილოური კატეგორიის ფართო და ვიწრო გაგებით. სპეციალისტთა დიდი ნაწილის აზრით, ბრძანების სემანტიკის გადმოცემა სამივე პირს შეუძლია, და არა მხოლოდ II პირს; I და III პირის ზმნები საამისოდ II კავშირებითის ფორმებსიშველიებენ, ოღონდ I პირის ზმნას მხოლოდ მრავლობითის ფორმები აქვს (წეროს/წერონ, მაგრამ: ეწეროთ!); ამავე (ფართო) თვალსაზრისის მიხედვით (ა. შანიძე), გამოიყოფა ე. წ. უკუთქმითი, ანუ აკრძალვითი ბრძანებითი ფორმები, რომლებიც უარყოფითი ნუ და არ ნაწილაკების დართვით იშველიებენ სხვა კილოურ ფორმებს: თხრობითისას – ნუ + აწმყო/მყოფადი (ნუ წერ/დაწერ!) და კავშირებითისას – არ + მეორე კავშირებითი (არ + წერო/დაწერო!).

მეორე (ვიწრო) თვალსაზრისის მიხედვით (ქ. ლომთათიძე), ბრძანებითი ოდენ მიმართვის ფორმაა (როგორც დიალოგური მეტყველების სპეციფიკური მახასიათებელი) და ამიტომ იგი მხოლოდ მეორე პირის კუთვნილებაა. ამ ფორმით მთქმელი თანამოსაუბრეს მოუწოდებს – სთხოვს ან უბრძანებს – შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება. ამიტომ ამ თვალსაზრისისათვის მიუღებელია უკუთქმითი (აკრძალვითი) ბრძანება, რომელიც მოქმედების შეუსრულებლობისკენ მოუწოდებს თანამოსაუბრეს.

ბრძანებითის, როგორც მიმართვის ფორმის, სასარგებლოდ მეტყველებს სპეციფიკური ინტონაციის გავლენით II პირის ფორმებში ბოლო მარცვლის მოკვეცა ზეპირ მეტყველებაში: მოიტა(ნე), ადე(ქი), დაჯე(ქი), მოიცა(დე), გაიქე(ცი), მომე(ცი), წამო(დი), შეხე(დე). გასწი(ე). დაჰკა(რი). დადე(ვი), გეთაყვა(ნე), გენაცვა(ლე) და მისთ. (ანალოგიური პროცესისათვის შდრ.:სახელური მიმართვის შემოკლებული ფორმები: ქა(ლო), გო(გო), ბიძი(ა), დედი(ლო), მამი(ლო), ბაბუ(ა) და მისთ.).

თანამედროვე ქართულში ერთადერთი ბრძანებითის ფორმა, რომელიც არ ემთხვევა აორისტისას, არის - დი (შდრ.: მოხვედი და მოდი, წახვედი და წადი): იგი მიღებული ჩანს ვედ ზმნის ფონეტიკური ცვლილების შედეგად (მოვედი > მოედი > მოდი).

შ. აფრიდორიძე



ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. I- თბ., 1953 (1973. 1980); ერთელიშვილი ფ. რატომ იყენებს მეორე ბრძანებითი წყვეტილის ფუძეს?. – „თსუ შრომები“. 1956, ტ. 61;
  • კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ. 1966;
  • ლომთათიძე ქ. ბრძანებითი კილოს შესახებ. – „იკეწ”, XX-XXI, თბ. 1995;
  • აფრიდონიძე შ. ბრძანებითი, როგორც მიმართეის ზმნური ფორმა. – „საენათმეცნიერო ძიებანი“. IV, თბ., 1995.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები