ბროკოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბროკოლი

ბროკოლი (Braddica oleracea L. Var.Italica)

სარჩევი

კულტურის ზოგადი დახასიათება

ჯვაროსანთა ოჯახის წარმომადგენელი, ერთწლოვანი კულტურაა. წარმოშობით ხმელთაშუა ზღვის აუზიდან. ცალკაული ინფორმაციით, მას უძველესი დროიდან იყენებდნენ საკვებად, მაგრამ მსოფლიოში ფართოდ გავრცელება მეოცე საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო.

მცენარე 45-60 სმ. სიმაღლისაა, მუქი მწვანედან მოლურჯო-მწვანე ფერის, ძირითად ღეროზე მეჩხერად განლაგებული ოვალური, ტალღოვანი ფოთლებით, ძირითადი ფესვთა სისტემა ნიადაგში განლაგებულია 30-60 სმ-ზე. ვეგეტაციის პერიოდი საადრეო ტიპებისათვის 75-90 დღეა, საგვიანო ტიპებისათვის – 100-120 დღე. ნაყოფი წარმოადგენს 10-25 სმ. დიამეტრის მქონე მკვრივად შეკრულ ყვავილედს. განვითარების მინიმალური ტემპერატურაა 50C, ოპტიმალური – 16-200C. ბროკოლი ყინვაგამძლე მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, მოზრდილი მცენარე ადვილად იტანს რამდენიმედღიან წაყინვებს.

აღსანიშნავია, რომ ბროკოლი მაღალი ანტიკანცეროგენული და ანრიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა (მასში შემავალი ცალკეული ნივთიერებები ბლოკავენ ე.წ. თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ ფაქტორად ითვლებიან). იმავდროულად, იგი ვიტამინების მდიდარ წყაროს წარმოადგენს. ეს ფაქტორები განაპირობებენ მსოფლიო ბაზარზე ბროკოლიზე არსებულ მაღალ მოთხოვნასა და ფასს. ბროკოლის წარმოება მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება და დღეისათვის 24 მლნ. ტონას აღემატება. ჩინეთი და ინდოეთი აწარმოებენ მსოფლიო წარმოების 76%-ს, ხოლო უდიდეს იმპორტიორად აშშ გვევლინება.

საქართველოს აგროკლიმატურ პირობებში შესაძლებელია როგორც საადრეო (აპრილ-ივნისი), ასევე, საგვიანო (აგვისტო-ნოემბერი) მაღალხარისხოვანი ბროკოლის წარმოება.

ნაყოფის დაგვიანებით მოჭრის შემთხვევაში, ხდება მისი პატარა ბუტონების (თანაყვავილედების) გაშლა ყვითელი ფერის ყვავილებად და ნაყოფი კარგავს სასაქონლო სახეს. ეს პროცესი მით უფრო სწრაფად მიმდინარეობს, რაც მეტია დღეღამური ტემპერატურა (28-300C). ასეთი ტემპერატურა საქართველოს ბარის მთელ რიგ რეგიონებში აღწევს ივლისის შუა რიცხვებში, ამიტომ მნიშვნელოვანია მოსავლის აღების დამთავრება ამ პერიოდამდე.

ჯიშები

ბროკოლი

დღეისათვის არსებული ჯიშების დიდი ნაწილი გამძლეა რიგი სერიოზული დაავადებების მიმართ, როგორიცაა კომბოსტოს ნაცარი და კომბოსტოს კილა.

საქართველოს პირობებისთვის გასათვალისწინებელია შემდეგი ჯიშები: „ლორდი“ (საშემოდგომო), „მილედი“ (საგაზაფხულო-საადრეო), „გრინ კომკეტი“ (გვალვაგამძლე, რეზისტენტულია კომბოსტოს ნაცრის მიმართ), „სამურაი“, „პირატი“ (გამძლენი არიან კილის მიმართ).

მოყვანის აგროტექნიკა

ბროკოლის მოსაყვანად უნდა შეირჩეს კარგად დრენაჟირებული სტრუქტურული ნიადაგები, მას არ უყვარს მძიმე თიხნარი და ქვიშნარი ნიადაგები. არასასურველია იმ ნაკვეთების გამოყენება, რომელზეც 2-4 წლის წინ მოყვანილი იყო ჯვაროსანთა კულტურის წარმომადგენელი (კომბოსტო, ბროკოლი, კოლრაბი, ყვავილოვანი, ჩინური ან ბრიუსელის კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი).

ბროკოლი, ისევე როგორც სხვა კომბოსტოსებრნი, ყველაზე მეტად მომთხოვნია აზოტის მიმართ. ერთ ჰექტარზე აუცილებელია 100-120 კგ. სუფთა აზოტის შეტანა (ამონიუმის გვარჯილის შემთხვევაში, 33,4% 300-360კგ/ჰა). შეტანა სასურველია ორჯერ, 2:1 თანაფარდობით. პირველი გამოკვება ტარდება გადარგვიდან ერთი თვის შემდეგ, ხოლო მეორე – ცენტრალური პატარა ყვავილედის გამოჩენისთანავე.

ბროკოლი ასევე ძალიან მგრძნობიარეა ნიადაგში მიკროელემენტების არსებობის მიმართ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ნიადაგს არ ახასიათებს სასურველი აქტიური მჟავიანობა pH 6,5-7,0. განსხვავებული pH-ის შემთხვევაში, თითქმის ყველა მაკრო (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი) და მაკროელემენტი (B, Mo, Fe, Mn, Cu) ბროკოლისათვის აუთვისებელ ფორმაში გადადის. ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება მიკროელემენტების ნარევის შესხურებით ფოთლებზე, რაც სავსებით აკმაყოფილებს მცენარის მოთხოვნებს აღნიშნულ ელემენტებზე (იმის გამო, რომ ბროკოლის ფოთლები დაფარულია საკმაოდ მდგრადი ცვილოვანი ნაფიფქით, მეტი ეფექტურობის მისაღწევად მკვებავი ხსნარის ან ინსექტიციდებით შესხურებისას რეკომენდებულია, ხსნარს დაემატოს რომელიმე მიმწებებელი, ან წინასწარ წყალში გახსნილი სარეცხის საპონი).

ჩითილის გამოსაყვანად სათბურში ან კვალსათბურში უნდა მომზადდეს ნოყიერი ნიადაგი ტორფისა და გამომწვარი ნაკელის შერევით, შეტანილ უნდა იქნეს მინერალური სასუქები. საუკეთესო ჩითილები მიიღება კასეტური მეთოდით გამოყვანისას, სპეციალური ტორფნარევი სუბტრასტების გამოყენებით, საჩითილე კასეტებში კუბურების ზომა – 3,5-4X3,5-4 სმ. ღამის განმავლობაში ტემპერატურა არ უნდა დაეცეს 7,50C-ზე დაბლა, დღის მანძილზე არა უმეტეს 300C. ჩითილები გადასარგავად მზადაა აღმოცენებიდან 25-35 დღის შემდეგ.

შემოდგომაზე ბროკოლის მოსავლის მისაღებად ჩითილების გამოყვანა უნდა დავიწყოთ ივნისის ბოლოს – ივლისის დასაწყისში. ამ დროს რეკომენდებულია შედარებით ნაკლებად მზიანი (განათებული) ადგილის შერჩევა ან გამოსაყვანი ჩითილების დაჩრდილვა. გადარგვის წინ ჩითილები კარგად უნდა მოირწყას.

ფესვის სიდამპლის თავიდან აცილების მიზნით მიმართავენ ჩითილების ორჯერად შესხურებას პრეპარატ „პრევიკური ენერჯის“ ან „პროპაკურის“, ან „ფუნდაზოლის“, ან მათი ანალოგების 0,2%-იანი ხსნარის გამოყენებით (10 ლიტრ წყალში 20 გრამი პრეპარატის გახსნით).

ბროკოლის რგავენ მწკრივებად, 90-110 სმ. სიგანის შემაღლებულ კვლებზე, რიგებს შორის 30-40 სმ-ის დაშორებით. ჰექტარზე ირგვება 35 000-50 000-მდე მცენარე. 1 ჰექტრის სამყოფი ჩითილის გამოსაყვანად საჭიროა 400-500 გ. თესლი.

ჩითილები უნდა გადაირგოს დღის გრილ პერიოდში (შუადღის შემდეგ) და დაუყონებლივ მოირწყას.

აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში შემოდგომაზე ბროკოლის მოსავლის მისაღებად აუცილებელია, ჩითილები მინდორში გადაირგოს არა უგვიანეს 10 აგვისტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარე ვერ ასწრებს თავის ფორმირებას და მოსავლიანობის დანაკარგი ხშირად 50-70%-ს აღემატება.

მავნებლებთან ბრძოლა

ერთლებნიან სარეველებთან საბრძოლველად საჭიროა ჰერბიციდების გამოყენება, „ფიუზილად სუპერი“ ან „ფლუზიტოპი“ 2-4 ლ. ჰა-ზე.

ახალგადარგულ მცენარეებს ხშირად აზიანებს სხვადასხვა მავნებელი (ბუგრები, რწყილები, კომბოსტოს თეთრულა, კომბოსტოს ჩრჩილი), მათ წინააღმდეგ იყენებენინსექტიციდებს („ბი-58“, „კონფიდორ მაქსი“, „დურსბანი“, „კარატე“ და ა.შ.).

მოსავლის აღება და შენახვა

მოსავლის აღება იწყება მაშინ, როდესაც თავები ჯერ კიდევ მკვრივია და არ არის დანაწევრებული. ყუნწზე ყვავილებს არ უნდა ჰქონდეთ მოყვითალო ფოთლები. ზოგიერთ სახეობას ძირითადი თავის მოჭრის შემდეგ ფოთლის იღლიებიდან სწრაფად უვითარდება გვერდითი თავები და დამატებითი მოსავლის აღება შესაძლებელია 2-3 კვირის შემდეგ. 1ჰა-ზე ბროკოლის საშუალო მოსავლიანობა 10-12 ტონაა (მოსავლიანობა ბევრადაა დამოკიდებული თავად საწარმოებელ ჰიბრიდებსა და მოყვანის აგროტექნიკაზე).

სიმწვანის და ხარისხის შესანარჩუნებლად ბროკოლის მოჭრილი თავები დაუყოვნებლივ უნდა მოთავსდეს სამაცივრო პირობებში. ბროკოლი ინახება 10-14 დღე 00C-ზე. უფრო ხანგრძლივი შენახვა არ არის სასურველი, რადგან ფოთლები კარგავს ფერს, კვირტები ყვავილდება და ცვივა, თავი კი რბილდება. ზოგიერთ ქვეყანაში ბროკოლის მოჭრილ თავებს ამუშავებენ სპეციალური ნივთიერებებით, რაც ტემპერატურული რეჟიმის პირობებში ზრდის ნედლი თავების შენახვისუნარიანობას. ევროპასა და ამერიკაში ფართოდაა გავრცელებული ბროკოლის თავების გაყინვა შოკურ მაცივრებში.


წყარო

ჟურნალი „აგრო ბაზისი“; 2016, №5, სტატია: ბროკოლის წარმოება; ავტორი: ილია მჭედლიძე;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები