ბოროდინი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ბოროდინი

ბოროდინი ალექსანდრე პორფირის ძე - (31. X. 1833, პეტერბურგი, – 15. II. 1887, იქვე), რუსი კომპოზიტორი და ქიმიკოსი. ქართველი თავადის ლუკა გედევანიშვილის (გედეონოვის) შვილი (ჩაწერილი იყო როგორც თავადის მსახურის-პორფირი ბოროდინის შვილი).

1856 დაამთავრა სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. 1858-იდან მედიცინის მეცნიერების დოქტორია, 1877-იდან აკადემიკოსი.

XIX ს. 50-იან წლებში დაიწყო რომანსების, საფორტეპიანოს პიესების, კამერულ-საკრავიერი ანსამბლის შექმნა. 1862 გაეცნო მ. ბალაკირევს და შევიდა მის წრეში („მძლავრი ჯგუფი“). აქ საბოლოოდ ჩამოყალიბდა მისი, როგორც მ. გლინკას მიმდევარის მუსიკალურ-ესთეტიკური შეხედულებანი.

ბოროდინის შემოქმედებითი მემკვიდრეობა საკმაოდ მცირეა, მაგრამ მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს კლასიკური მუსიკის საგანძურში. გამოირჩევა ეპიკური სიდიადითა და ღრმა ლირიზმით.

ბოროდინის მთავარი ნაწარმოებია ოპერა „თავადი იგორი“, რომელიც 18 წლის განმავლობაში იქმნებოდა და დაუმთავრებელი დარჩა (ბოროდინის სიკვდილის შემდეგ დაამთავრეს ნ. რიმსკი-კორსაკოვმა და ა. გლაზუნოვმა. დაიდგა 1890 მარიას თეატრში, პეტერბურგში). ოპერა გამოირჩევა სახეების მონუმენტური მთლიანობით, ძლიერი ხალხური საგუნდო სცენებითა და ეროვნული კოლორიტით. ბოროდინი რუსული კლასიკური სიმფონიისა და კვარტეტის ერთ-ერთი შემქმნელია. მსოფლიო ეპიკური სიმფონიზმის ერთ-ერთი მწვერვალია II (ე.წ. „გოლიათური“) სიმფონია (1876). კამერულ-საკრავიერი ჟანრის საუკეთესო ქმნილებებია 2 კვარტეტი. მისი ვოკალური ლირიკის ნიმუშია ელეგია „შორეული სამშობლოს ნაპირებისათვის“ (პუშკინის სიტყვებზე), „უღრანი ტყის სიმღერა“ და სხვ.

ბოროდინის თვითმყოფმა შემოქმედებამ გავლენა მოახდინა რუს და საზღვარგარეთელ კომპოზიტორებზე. მის ტრადიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს ამიერკავკასიისა და შუა აზიის ხალხთა ეროვნულ მუსიკალური კულტურის განვითარებაში.

ბოროდინს აგრეთვე ეკუთვნის სიმფონიური სურათი „შუა აზიაში“, კვინტეტი სიმებიანი საკრავებისათვის ფორტეპიანოსთან ერთად, ორი კვარტეტი, „პატარა სიუიტა“ ფორტეპიანოსათვის, 16 რომანსი, ოპერეტა „გოლიათები“.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები