ბობღიაშვილი-ალვანელი ადამ
ბობღიაშვილი-ალვანელი ადამ – (1912 – 1943), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ზემო ალვანში (თუშეთში, მაშინდელი ახმეტის რაიონი). 1931-1935 წლებში სწავლობდა ერევნის ვეტერინარულ ინსტიტუტში. 1935 წელს დაბრუნდა საქართველოში და 1937 წლამდე მუშაობდა ხევსურეთში – ბარისახოში, ზემო სვანეთში, შირაქის მომთაბარე მედპუნქტში ექიმად. 1938 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ქართული ენისა და ლიტერატურის განხრით. სსრკ-გერმანიის ომის დაწყების შემდეგ იგი დაუკავშირდა საიდუმლო პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც „1942 წლის წლის შეთქმულების” სახელით არის ცნობილი. იყო საიდუმლო ორგანიზაციის „სამანის” (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) წევრი. ადამ ბობღიაშვილი-ალვანელი ჩეკისტებმა 30 წლის ასაკში მოკლეს თუშეთში რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად. შემდეგ თავები დააჭრეს და თან წაიღეს. ადამის ნაწერების ნაწილიც გაუნადგურებიათ. 1993 წელს გამოიცა მისი ლექსების კრებული „გრიგალო იყუჩე”.
- * * *
- ეგ ყორნისფერი თვალები ღია
- დაბინდულ სივრცეს ხარბადა სვამენ,
- მოსწყვიტე მზერა მიდამოს მთიანს,
- ალაპარაკდი, მითხარი რამე.
- ქვევით ალაზნის ზვირთები კრთიან
- და იდუმალად შრიალებს ღამე.
- ნუთუ მოგწყინდა ჩემი ალერსი,
- ნუთუ მანძილმა გრძნობა დაბინდა?!
- იყავ ღადარზე უმხურვალესი
- და განთიადის ლაჟვარდზე წმინდა.
- აგერ, ფიქრით და ცრემლით ნალესი,
- ჩამოიშალა ჯანღები მთიდან.
- რატომ ჩააქრე ცეცხლი ვნებათა
- ჩემს განშორებას რატომ იჩქარი?!
- მეტს რაღას მთხოვდი, სხვა რა მებადა,
- თუ არა ეშხი ობოლი ბწკარის.
- მორჩა ეს ღამეც წაიშლება და
- ალაზანს კვნესით გაჰყვება ქარი.
- და მოვიგონებ ოდესმე, კიდევ,
- როგორ ვებრძოდით ორნი იმ ღამეს,
- როგორ წამართვი სულის სიმშვიდე,
- და მოლოდინით როგორ დამღალე;
- დეე, ჩემს ნაცვლად ნიავი შლიდეს,
- ნიავი შლიდეს მაგ შენს დალალებს.