ბლეკი კონრად

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

კონრად ბლეკი - (Conrad Black, 25 აგვისტო 1944), ბრიტანელი გამომცემელი, საგაზეთო ინდუსტრიის მაგნატი.

კანადაში გამოდის ახალი, ყოველდღიური საერთო-ეროვნული გაზეთი, ორი ასარჩევი სახელწოდებით: „თაიმს კანადა“ (Times Canada) და „კანადა თაიმსი“ (Canada Times). მისი მფლობელია კონრად ბლეკი. მართალია, იგი ყველასთვის ცნობილია, როგორც გაზეთის უმსხვილესი მაგნატი, მაგრამ მისი ახალი პროექტი სენსაციად იქცა, ისევე როგორც თავის დროზე მის მიერ ცნობილი ლონდონური „დეილი ტელეგრაფ“-ის (Daly Telegraph) შეძენა. ყველაფერი კი 20 წლის წინ დაიწყო, როდესაც ბლეკმა გადაწყვიტა, ჩამოშორებოდა მამისეულ სუპერმარკეტებს, ტრაქტორებს და ხელი მოეკიდა მხოლოდ და მხოლოდ საგაზეთო ბიზნესისთვის.

ბავშვობაში ბლეკმა „ჯენერალ მოტორს“-ის ერთი აქცია იყიდა, მაგრამ საავტომობილო ბიზნესი არ მოეწონა. სიყმაწვილეში მან შეიძინა მცირეტირაჟიანი გაზეთი „ნოულტონ ედვართაიზერ“ (Knowlton Advertiser), შემდეგ კიდევ ერთი, შემდეგ კიდევ და კიდევ. როცა ბლეკს ორმოცი წელი შეუსრულდა, ლონდონის „დეილი ტელეგრაფის“ შტაბბინის მეპატრონე გახდა. კონრად ბლეკს შეეძლო ამაზე შეჩერებულიყო, მაგრამ არა, მან განაგრძო მთელი მსოფლიოს გაზეთებისა და ჟურნალების შესყიდვა. მას აინტერესებს საგამომცემლო ბიზნესი აშშ-სა და კანადაში, ავსტრალიასა და კარიბის კუნძულებზე, ისრაელში და ვინ იცის კიდევ სად. ერთი სიტყვით, ყველგან, სადაც ეს ბიზნესი რენტაბელურია.

კონრად ბლეკი პრესის დიდი დამფასებელია. მისი ჰოლდინგური კომპანია „ჰოლლინგერ“ (Hollinger), რომელიც აშშ-შია რეგისტრირებული, ასზე მეტ ყოველდღიურ და ორასამდე ყოველკვირეულ გაზეთს აკონტროლებს. მათი უმრავლესობა ციცქნა გაზეთებია და ნაკლებად ცნობილი, მაგრამ კოლექციაში მარგალიტებიც საკმაოდაა. ყველაზე დიდია ლონდონის „დეილი ტელეგრაფი“, რომელსაც მოგების დაახლოებით 80% მოაქვს. უფრო მომცროა ისრაელის „ჯერუსალემ პოსტი“ (Jerusalem Post) და ამერიკული „ჩიკაგო სან თაიმსი“ (Chicago Sun Times). კანადაში ბლეკი 104 ყოველდღიური გაზეთიდან 59-ს აკონტროლებს. თავისი ლონდონური ოფისიდან, რომელსაც საზღვაო ბატალიების ამსახველი სურათები ამშვენებს, 53 წლის ბლეკი მსოფლიოში სიდიდით მესამე მედიაიმპერიას მართავს. მის გამოცემებს 4,3 მილიონი მკითხველი ჰყავს და ამ მხრივ მხოლოდ „ნიუს ქორფორეიშენის“(News Corporation) პატრონს რუპერტ მერდოკსა და „იუ-ეს-ეი თუდეი“-ს (USA Today) გამომცემელ ჯგუფ „ჯანლეთს“ (Gannlett) ჩამორჩება. ასე რომ, ბლეკს სრული უფლება აქვს, განაცხადოს: - „მე ვამაყობ ახლანდელი ეპოქით, რამდენადაც მან შესაძლებლობა მომცა, პატიოსნად და კანონიერად შემექმნა ჩემი სიმდიდრე“.

კანადელი კონრად ბლეკი დროის დიდ ნაწილს ლონდონში ატარებს, სადაც მას ორი სახლი აქვს. მასთან გამართულ საღამოებზე თავს იყრის ბრიტანელი ისტებლიშმენტის მთელი გამა. არჩევნებში კონსერვატორების გამარჯვების პატივსაცემად გამართულ მიღებას გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად და ლონდონის ახალი ამბების ყურადღების ცენტრში მოექცა.

რამდენიმე ხნის წინათ ბლეკი სააუქციონო სახლის „სოთების“ (Sotheby’s) მმართველობის შემადგენლობაში შევიდა. მის ბედნიერ ქორწინებას ბარბარა ამიელთან სრულიად ვერ აფერმკრთალებს ის ფაქტი, რომ უწინ ბარბარა მის მთავარ კონკურენტთან - მერდოკთან მუშაობდა. ბევრი ბლეკს საგამომცემლო ბიზნესის დიდ ინტელექტუალად მიიჩნევს. ყოველ შემთხვევაში, ნაშრომი, რომელიც მან კანადის პოლიტიკურ მოღვაწეს დიუპლესის მიუძღვნა, 743 გვერდს ითვლის და ჟანრის კლასიკად მიიჩნევა. ერთ-ერთმა მისმა თანამშრომელმა შენიშნა, რომ კონრად ბლეკის ინტერესების 90% გონებრივია: იგი ბეისბოლსაც კი ინტელექტუალურად უდგება.

ბლეკის ავტობიოგრაფიას „ლაიფ ინ პროგრეს“ (Life inProgress - ცხოვრება წინ მიდის) ჰქვია. იგი მაშინ დაიწერა, როდესაც 50 წელი არ შესრულებოდა. ავტორისა და გმირისთვის სიცოცხლე დიდი ავანტიურაა, ის ტკბება მისი ყოველი წუთით. ბლეკის მამა კანადის ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფის - „არგუს“-ის (Argus) აქციონერი იყო. სწორედ მისგან გადაეცა ბლეკს მემკვიდრეობით დიდი ამბიციები და ციფრებისადმი ლტოლვა. რვა წლისამ თავისი პირველი დანაზოგით (60 დოლარით) „ჯენერალ მოტორს“-ის ერთი აქცია იყიდა. შემდეგი ნაბიჯი ბიზნესში მან ტორონტოს სკოლაში სწავლისას გადადგა, მაგრამ ამაოდ. სასკოლო ბიზნესი ცუდად დამთავრდა: მოპარული საგამოცდო ბილეთებით ვაჭრობისთვის 14 წლის ბლეკი სკოლიდან გააგდეს. ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, იურისტის დიპლომი და ისტორიულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიეღო.

მისი პირველი გაზეთი „ნოულთონ ედვართაიზერ“ (ტირაჟი - 300 ეგზემპლარი) ლექციებს შორის, დასვენებებზე გასართობს წარმოადგენდა. უნივერსიტეტელმა ამხანაგმა იგი ერთ დოლარად შეიძინა და კონდარ ბლეკს „წილში შესვლა“ შესთავაზა. მალე მათ იმდენი სახსრები გაუჩნდათ, რომ შეძლეს 18 ათას დოლარად ეყიდათ გაზეთი „ზე შერბრუკ რიქორდი“ (The Sherbrooke Record). რვა წლის შემდეგ ეს გაზეთი 40-ჯერ ძვირად გაიყიდა.

მშობლების გარდაცვალების შემდეგ, როცა 1976 წელს კონრადმა „არგუს“-ის აქციები მიიღო, ცხადი გახდა, რომ ლუდი, სუპერმარკეტები და ტრაქტორები მასში დიდ ენთუზიაზმს არ იწვევდა, მაგრამ თავისი „საგაზეთო“ გეგმების განსახორციელებლად საჭირო იყო სახსრები და ბლეკმა ხელიდან არ გაუშვა მათი შოვნის შესაძლებლობა. ჰქონდა რა აქციების 22 პროცენტი, კავშირი დაამყარა წვრილ აქციონერებთან და შეძლო უფროსი თაობის დირექტორების დათრგუნვა. საბოლოოდ ოთხმილიარდიანი კომპანია ბლეკს 18 მილიონი დოლარი დაუჯდა და გზა გაეხსნა მედიაბიზნესისკენ.

თავიდან ბლეკს განზრახული ჰქონდა ხელში ჩაეგდო საერთონაციონალური ყოველდღიური გაზეთი „ტორონტო გლოუბ ენდ მეილ“ (Toronto Globe & Mail), მაგრამ გარიგება ვერ მოხერხდა. მაშინ ბლეკმა გადაწყვიტა, თავი დაენებებინა გაზეთის გიგანტებთან ჭიდილისთვის და ტაქტიკა შეეცვალა. 70-იანი წლების ბოლოს მან შეიძინა ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ საკმაოდ მომგებიანი, ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონული გამოცემები, ამასთანავე, ის აგრძელებს სუპერმარკეტებში, სანავთობო ჭაბურღილებში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და სხვა „გარეშე“ საგნებში ფულის დაბანდებას. 40 წლის ბლეკი მეტად მრავალფეროვანი საკუთრების მფლობელი იყო, მაგრამ „ტორონტო სთარ“-ის (Toronto Star) გამომცემელი ჯონ ჰონდერდიხი აღნიშნავდა, რომ ძალაუფლება და გაზეთების მფლობელობა - „არის ის, რისკენაც მიილტვოდა ბლეკი“. ამ მიზანს შესწირა ბლეკმა მთელი „არასაგაზეთო“ საკუთრება.

1985 წელს „დეილი ტელეგრაფისთვის“ ბრძოლა მისი აუსტერლიცი გახდა. – „ასეთი გარიგება სიცოცხლეში ერთხელ ხდება“ - აღიარებდა თვით ბლეკი. გაზეთში დაბანდებული სახსრები 1975 წელს 1500 პროცენტით გაიზარდა. რა თქმა უნდა, ასეთი ბრწყინვალე პერსპექტივა ბევრს უტოპიად მიაჩნდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ბლეკი, უბრალოდ ჭკუაზე არ იყო. გარიგების მომენტში გაზეთი ყოველდღიურად კარგავდა 10 ათას მკითხველს. კონკურენტები „ტელეგრაფის“ გარდაუვალ კრახს მოელოდნენ.

თავიდან ბლეკმა გასაკვირი თავმდაბლობა გამოიჩინა. „ტელეგრაფის“ ახალი მფლობელი იმდენად შეუმჩნეველი იყო, რომ უხუცესი მმართველი, რომელიც თანდათან კარგავდა „ტელეგრაფზე“ კონტროლს, გარკვევით ვერ ამბობდა, ვინ ავიწროვებს მას, ვისი წყალობით კარგავს გაზეთს. „ტელეგრაფის“ მფლობელთა შეცვლა ისტორიაში შევიდა, როგორც ძველი საგაზეთო „ფეოდალებისა“ და ტრანსნაციონალური „მტაცებლების“ ახალი თაობის შერკინების ნიმუში. „მტაცებლებმა“ გაიმარჯვეს. პროფკავშირებით შეშინებულმა მფლობელებმა (ბერის ოჯახი) თითქმის უფასოდ დათმეს გაზეთი.

მაგრამ ბლეკის მომავალი ზეიმისთვის ეს საკმარისი არ იყო. გაზეთი მკითხველისთვის მიმზიდველი უნდა გამხდარიყო, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობისთვის. მან მკვეთრად შეამცირა საწარმოო და გაზეთის გავრცელების ხარჯები, მაგრამ იმავდროულად გააორმაგა რედაქციის ბიუჯეტი. არანაკლები პრინციპულობით მიუდგა იგი საცალო ფასის საკითხს: თუ მანამდე „ტელეგრაფ“-ს მაღალხარისხოვან და პოპულარულ გამოცემებს შორის „არავისი მიწა“ ეკავა, ბლეკის დროს იგი არაფერადი გაზეთების საფასო ლიდერი გახდა. რამაც განაპირობა, გაზეთის ნაკლებად დამოკიდებულება სარეკლამო ბაზრის ცვალებადობაზე.

„ტელეგრაფ“-ისთვის ბრძოლის ბლეკისეული სტრატეგია დიდად არ განსხვავდებოდა „არგუს“-ის ხელში ჩაგდების მექანიზმისგან. თავდაპირველად მისი წილი „ტელეგრაფ“-ში მხოლოდ 14 პროცენტს შეადგენდა და 10 მილიონი დოლარი დაჯდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ იგი უკვე საკონტროლო პაკეტს ფლობდა. სულ, 1992 წლისთვის ბლეკმა გაზეთში 119 მილიონი ფუნტი სტერლინგი დააბანდა. ახლა „ტელეგრაფი“ ნახევარ მილიარდამდე ღირს.

რაშია ბლეკის წარმატების საიდუმლო?

ბლეკის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ „ის დიდად არის დაკავებული თავისი გაზეთებით; ეს ის ბიზნესია, რომელიც კარგად იცის“. ახალშეძენილ გამოცემებში საკადრო საკითხი ყველაზე მტკივნეულია; ერთის მხრივ, თანამშრომელთა სიჭარბე ბიზნესს ვნებს. იმ შემთხვევაში კი, თუ რედაქციას „ძველებამდე“ დაიყვანენ და დაზარალდება ხარისხი, ამის დაშვება ბლეკს არ შეუძლია. ძალაუნებურად კომპრომისის ძებნა ხდება საჭირო - იგი ჩვეულებრივად აწყნარებს თავის მომავალ კოლექტივს და არწმუნებს, რომ კომპეტენტურ ჟურნალისტებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ.

ახალი სტრუქტურის შექმნისა და გარდამავალი პერიოდის გადალახვის შემდეგ, ბლეკს უპირველეს ყოვლისა, მთელი დანახარჯების შემცირება, ტირაჟის გაზრდა და რეკლამისგან მიღებული შემოსავლები აღელვებს. აქ იგი უკვე მიზანდასახულად მოქმედებს მკაცრად, მაგრამ სამართლიანად. რაც შეეხება სარედაქციო პოლიტიკას, მთავარი რედაქტორები საგრძნობი თავისუფლებით სარგებლობდნენ. ცნობილია შემთხევევა, როდესაც 1980 წელს ბლეკს დაჟინებით ურჩევდნენ „არასწორი“ პოლიტიკური შეხედულებების გამო, გაეთავისუფლებინა მაშინდელი მთავარი რედაქტორი. ბლეკი, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი რედაქტორისგან განსხვავებული პოზიცია ეკავა, არ დაეთანხმა, უფრო მეტიც, იცავდა მას შემოტევებისგან. ის, რისი მიზეზითაც მთავარ რედაქტორს გათავისუფლება ემუქრება, გამოცემის არამომგებიანობაა.

თავისი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევებს ბლეკი სამ კატეგორიად ყოფს: ტრივიალური, ზომიერად მნიშვნელოვანი და ნამდვილად მნიშვნელოვანი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში იგი მთავარ რედაქტორთან ერთად მსჯელობს გამოცემის საერთო პოლიტიკურ ხაზზე ან მოითხოვს თავისი მოსაზრების რედაქტორის სვეტში ასახვას, თუმცა ასეთი შემთხვევა დიდი იშვიათობაა. თვითონ ბლეკმა მხოლოდ ორი დაასახელა: ტეტჩერისადმი ერთგულება მისი მთავრობის კრიზისის პერიოდში და კონსერვატორების არაორაზროვანი მხარდაჭერა ბოლო არჩევნებზე. თვით ბლეკის განცხადებით, საგამომცემლო ჯგუფში საქმის მსვლელობის სტილი უფლებამოსილების გადაცემაა და ყველაფერი, „რაც შეიძლება შეუმჩნევლად და თავის მობეზრების გარეშე“ აისახოს. კოლეგები ადასტურებენ, რომ ბლეკი ნამდვილად ენდობა თანამშრომლებს და იშვიათად ნახულობს თავის სამფლობელოს. მისი მართვის სტილის შტრიხებია - დაგეგმილ შემოსავლებზე გათვლილი დიდი სესხები და გეოპოლიტიკური კრიტერიუმების გათვალისწინება სახსრების ინვესტირებისას.

საერთოდ, ბლეკი, უპირველეს ყოვლისა, ბიზნესმენია, ხოლო შემდეგ - მეგაზეთე და თუ იჭრება სარედაქციო პროცესში, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი დიდებული, შემწყნარებლური მანერით. ის არასოდეს ამბობს: - „მე არ მომწონს მოწინავე სტატია“, ამჯობინებს სხვათა შორის შენიშნოს: - „კარგი იქნება თუ თქვენ ერთხელაც ჩაიხედავთ სიტყვარში - ორთოგრაფიული შეცდომა გაქვთ“. ამით ბლეკი მკვეთრად განსხვავდება თავისი მთავარი კონკურენტისგან, ავსტრალიელი რუპერტ მერდოკისგან, რომელიც ეჭვიანად ადევნებს თვალ-ყურს თავისი „თაიმს“ და „სანდეი თაიმს“-ის (Sunday Times) პირველ გვერდებს. მიუხედავად ამისა, იგი პატივისცემით ეპყრობა თავის კონკურენტს და აღიარებს მის გამბედაობას, რისკისადმი სიყვარულსა და ფულის კეთების ხელოვნებას - „მას აქვს ისეთი ტალანტი, რაც მე არ გამაჩნია“.

ბლეკის კონსერვატიული პოლიტიკური მისწრაფებები ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ვერ ხედავს დაბრკოლებას, იყოს ზომიერ-ლეიბორისტული გაზეთის მფლობელი: - „მე ინფორმაციისა და გონივრული პუბლიკაციის პროფესიონალურად გაშუქება უფრო მაინტერესებს, ვიდრე საკუთარი შეხედულებების პროპაგანდა.“

ევროპაში პლაცდარმითა და ამერიკაში ზურგით უზრუნველყოფილი ბლეკი ავსტრალიისა და კანადის დასაპყრობად გაემგზავრა, მაგრამ იქ არცთუ დიდი სიხარულით შეხვედრიან. 1991 წელს იგი თითქოს გამარჯვებული გამოვიდა ავსტრალიის ყველაზე ძველი, მდიდარი და გავლენიანი საგამომცემლო ჯგუფის „ფეირფაქს“-ის (Fairfax) საკონტროლო პაკეტისთვის ბრძოლიდან, მაგრამ ბლეკის წილი, ავსტრალიური კანონის თანახმად, არ შეიძლებოდა 25%-ზე მეტი ყოფილიყო. „ფეირფაქს“-ში დიდი წილის გარეშე კი, ის, ვისზეც კომპანიის მმართველობის მთელი პასუხისმგებლობაა დაკისრებული, მოკლებულია დიდი მოგებისა და ჰოლდინგის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობას.

მშობლიურ კანადასთან ურთიერთდამოკიდებულებაც არცთუ უმტკივნეულოდ ვითარდებოდა. მას ბრალად სდებდნენ ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, ეგოიზმს, ცილისწამებას და მიუხედავად ამისა, კანადა ბოლოს და ბოლოს მაინც დაემორჩილა ბლეკს. ახლა მას ქვეყნის ყოველდღიური გაზეთების ტირაჟის 41% ეკუთვნის. უფრო მეტიც, სააგენტო „ქენედიენ პრეს“-ის (Canadian Press) ბედი ბლეკზეა დამოკიდებული, რამდენადაც იგი ყოვლდღიური გაზეთებით ფინანსდება.

კანადის საგაზეთო ბაზარზე გამოსვლას იწყებს ახალი ფერადი გაზეთი. მას მძიმე ბრძოლა ელის „გლოუბ ენდ მეილ“-თან, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი გაზეთი ბლეკს ბაზარზე პოზიციების განმტკიცების საშუალებას მისცემს. რედაქცია განლაგებულია ტორონტოში, ხოლო მისი ბეჭდვა კანადის შვიდ ქალაქში იწარმოებს. ბლეკი 7 წლის განმავლობაში მასში 130 მილიონი კანადური დოლარის დაბანდებას აპირებს. ვარაუდობენ, რომ ამ პერიოდში გაზეთის ტირაჟი 200 ათას ეგზემპლიარს მიაღწევს და მომგებიანი გახდება.



წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები