ბიჭვინთის საწინამძღვრო ჯვარი
ბიჭვინთის საწინამძღვრო ჯვარი - შეწირულია ბიჭვინთის ღმრთისმშობლის სახელობის კათედრალური ტაძრისათვის დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ევდემონ ჩხეტიძის მიერ. დამზადებულია 1565 წლის ახლო ხანებში ცნობილი ოსტატის მამნეს მიერ და წარმოადგენს ამ ოსტატის ბოლო ნამუშევარს.
სარჩევი |
აღმოჩენის ადგილი
საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ქალაქ გაგრის მუნიციპალიტეტი, დაბა ბიჭვინთა.
აღწერა
ჯვარზე ასომთავრულით შესრულებულ საქტიტორო წარწერებში მოიხსენიებიან საერო პირები. კერძოდ, ქართველი მეფეები – ბაგრატ III (1510-1565) დედოფალი მართა, მათი ძე გიორგი II (1565-1585); ქართველი მთავრები: მამია III დადიანი ოდიშის მთავარი (1512-1532), ძე მისი ლეონ I დადიანი (1532-1572) და ჯვრის მომგებელი – აფხაზეთის კათოლიკოსი ევდემონ ჩხეტიძე (1557-1578), ასევე ოსტატი მამნე და მისი მეუღლე ულუმპია.
ჯვარი შედგება: ჯვრის, სიონისა და მოოქროვილი ვერცხლის ტარისაგან. მასალად გამოყენებულია: ოქრო, მოოქროვილი ვერცხლი, პატიოსანი თვლები. საერთო სიმაღლეა -159 სმ. ჯვრის - 57,5 X 17,5 სმ. სიონის -16 X 8,3 X 8,3 სმ.
ზოგადი ფორმებითა და აგებულებით ჯვარი ერთიანდება საქართველოში X-XI საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული ჯვრების ჯგუფში. ბოლოებ გაფართოებულია ჯვრის მკლავები, რომელთა კიდეები ფორმდება მედალიონებით. ჯვრის წინა პირზე რელიეფურად გამოსახულნი არიან: ჯვარცმული მაცხოვარი, ღმრთისმშობელი, წმ. იოანე მახარებელი, გაბრიელ მთავარანგელოზი, წმ. ნიკოლოზ მარლიკიელი; შიონზე კი: ბიჭვინთის კათედრალური ტაძრის პატრონი - ღმრთისმშობელი ყრმით (ოდიგიტრია), თანამდგომებით პეტრეთი და პავლეთი, მთავარანგელოზები – მიქაელი და გაბრიელი, საქართველოში ქრისტეს მოძღვრების მქადაგებელი მოციქულები – წმ. ანდრია პირველწოდებული და წმ. სვიმონ კანანელი, რომელიც აფხაზეთშია დაკრძალული, ასევე წმ. იოანე ნათლისმცემელი და წმ. იოანე ოქროპირი; მღვდელმთავრები: გრიგოლ ღმრთისმეტყველი და ბასილ დიდი გაშლილი გრაგნილით ხელში. ყოველ გამოსახულებას თან ახლავს ქართული ასომთავრულით შესრულებული განმსაზღვრელი წარწერა.
ამჟამინდელი მდგომარეობა
ბიჭვინთის საწინამძღვრო ჯვარი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.