ბიზნეს-გეგმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიზნეს-გეგმა - გეგმა (business plan) - ფირმის საქმიანობის მოკლევადიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს მოსალოდნელი შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშს; დგება ერთი თვის, კვარტალისა და წლისათვის (ზოგჯერ უფრო მეტი ხნითაც). ბიზნეს-გეგმა წარმოადგენს საწარმოს მიერ დასახული მიზნების შესრულების კონკრეტულ ღონისძიებათა ოპერატიულ პროგრამას. მას წინ უძღვის მიღწეული შედეგების ანუ წარმოების დანახარჯების, საქონლის გაყიდვის, წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების მოცულობისა და სტრუქტურის ანალიზი.

პროგნოზულ მაჩვენებლებს უდარებენ მიღწეულს, რის საფუძველზეც ფასდება ფირმის მუშაობის მოსალოდნელი ეფექტიანობა. ბიზნეს-გეგმის მთავარი ამოცანაა წარმოების ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებათა განსაზღვრა. მისი შემუშავებისას ითვალისწინებენ ბაზრის მოსალოდნელ კონიუნქტურას, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობის ცვალებადობის ტენდენციას, მომხმარებელთა გადახდისუნარიანობას, აგრეთვე რეკლამის, სერვისისა და ა.შ. საშუალებით მყიდველთა მოზიდვის შესაძლებლობებს.

ფირმა, როგორც წესი, ეყრდნობა ჩამოყალიბებულ საბაზრო ფასებსა და ფაქტორებს. ბიზნესგეგმის განყოფილებებისა და მაჩვენებლების რაოდენობას განსაზღვრავს ფირმის სამმართველო. მისი წამყვანი განყოფილებებია:
ა) მარკეტინგი, რომელიც ადგენს გაყიდვისა და შემოსავლების მოცულობას, შეჯამებულ დანახარჯებსა და კომერციულ შედეგებს;
ბ) მონაცემების ბაზაზე შედგენილი წარმოებრივი დავალება პოტენციური მოთხოვნის, საბაზრო ფასების მოძრაობის, ბაზრის გაჯერების შესახებ. მის საფუძველზე ზუსტდება პროდუქციის ასორტიმენტი, განისაზღვრება მომხმარებელთა მომსახურების მასშტაბები;
გ) ფირმის საფინანსო გეგმა, რომელიც გამოხატავს საფინანსო რესურსების წყაროებსა და მათი მოძრაობის მიმართულებებს. ბიზნეს-გეგმა მოიცავს აგრეთვე ისეთ განყოფილებას, სადაც ასახულია პარტნიორთა სავალუტო ურთიერთდამოკიდებულება, საზღვარგარეთული ბანკების კრედიტების უცხოური ვალუტით გამოყენება, წმინდა მოგების განაწილება დამფუძნებლებს შორის და სხვა მაჩვენებლები.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები