ბერნული იოჰან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერნული იოჰან (1667 – 1748), შვეიცარიელი მათემატიკოსი, იაკობ ბერნულის ძმა; დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის ერთ-ერთი შემქმნელი; ვარიაციული აღრიცხვის დამფუძნებელი.

Bernuli iohan.PNG

იოჰანის ნაშრომები მჭიდრო კავშირშია მისი ძმის – იაკობის სამეცნიერო მოღვაწეობასთან.

ლაიბნიცთან აქტიური თანამშრომლობით დაამუშავა დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის საკითხები, რომლებშიც მათ მრავალი აღმოჩენა ჰქონდათ (მოძღვრება მაჩვენებლიანი ფუნქციის შესახებ; Wil001.png სახის განუზღვრელობის გახსნის წესი, რომელსაც შეცდომით ლოპიტალის წესი ეწოდება; რაციონალური წილადის ინტეგრება; სხვადასხვა წირის კვადრატურა და გაწრფევება; ფუნქციის ცნების, როგორც ანალიზური გამოსახულების განსაზღვრა, რომელიც შედგება ცვლადებისა და მუდმივებისაგან, და სხვ.).

იოჰან ბერნულის ეკუთვნის დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის პირველი სისტემატური გადმოცემა. მის მიერ დიფერენციალურ აღრიცხვაში ლოპიტალისათვის წაკითხული ლექციების კონსპექტი დაედო საფუძვლად ლოპიტალის მიერ დაწერილ „უსასრულოდ მცირეთა ანალიზს“ (1687). ინტეგრალურ აღრიცხვათა კურსი იოჰანმა გამოსცა 1742 წელს. მანვე განავითარა ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებათა ამოხსნის ზოგიერთი მეთოდი (პირველი რიგის ერთგვაროვანი და წრფივი განტოლება, ე.წ. ბერნულის განტოლება; მუდმივ კოეფიციენტებიანი წრფივი განტოლება, ტრაექტორიების ამოცანები); მან დასვა კლასიკური ამოცანა გეოდეზიური წირების შესახებ და იპოვა მათთვის დამახასიათებელი გეომეტრიული თვისება, ხოლო მოგვიანებით გამოიყვანა ამ წირების დიფერენციალური განტოლება.

ძმები იაკობ და იოჰან ბერნულები ღებულობდნენ უაღრესად შემოქმედებით მონაწილეობას უსასრულო მცირეთა აღრიცხვის დამუშავებასა და გამოყენებაში. იკვლევდნენ მრავალ პრობლემას, მათ შორის ჯაჭვწირისა და ბრაქისტოქრონის ამოცანებს. მათი მათემატიკური იდეები, მათი ცდა აეგოთ მათემატიკური ანალიზი პრაქტიკულ ამოცანებთან მჭიდრო კავშირში ერწყმოდა ბუნებისმეტყველების განვითარების მოწინავე ტენდენციებს. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს იოჰან ბერნულის შრომებიდან მექანიკაში, სადაც გადმოცემულია მისი მნიშვნელოვანი გამოკვლევები.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები