ბეთ აშარი
ბეთ აშარ-ი (ნოღ. Бет ашар – „სახის გახსნა“) – საქორწილო ციკლის ნოღაური რიტუალი – პატარძლის პირბადის ჩამოხსნის წეს-ჩვეულება. პირველი ღამის მეორე დღეს თავსაფარჩამოფარებული დედოფალი ორ ენგეს (ცოლისძმებს) დროშით ხელში გამოჰყავდათ. ახალრძალთან ნეფის ნათესავთაგან ასაკით უფროსი ქალი მივიდოდა, ხის ან ვერცხლის კოვზით პირბადეს გადაუწევდა და თაფლს შეაჭმევდა, რის შემდეგაც მოეხვეოდა და მარჯვენა ფეხზე მარჯვენა ფეხს დაადგამდა. პატარძალი ქალს სამჯერ ჩაეხუტებოდა და მის ხელს შუბლზე მიიდებდა. ამას მოსდევდა თეატრალიზებული სცენა: დედამთილს, რომელსაც, თითქოს, ამ ცერემონიაში მონაწილეობა არ სურდა, იქ მყოფი ქალები „იჭერდნენ“ და იგი დედოფალთან მიყავდათ. დედამთილი ვალდებული იყო მოხვეოდა რძალს და მარჯვენა ფეხზე მარჯვენა ფეხი დაედგა. ამას სიძის ყველა ნათესავი ქალი იმეორებდა, ახალრძალი კი მათ ხელებს, მორჩილების ნიშნად, შუბლზე იდებდა.
ლიტერატურა
Гаджиева С. Очерки истории семьи и брака у ногайцев в XIX – начале XX века. М., 1979.