ბედისმწერლიშვილები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბედისმწერლიშვილებიქართველი კალიგრაფები. მოღვაწეობდნენ XVII საუკუნის II ნახევარში. მდივან-მწიგნობრობა ბედისმწერლიშვილების საგვარეულო საქმიანობა იყო. ამ გვარის წარმომადგენლები საკათოლიკოსო და სათავადო მდივან-მწიგნობარნი იყვნენ: გიორგი – საკათოლიკოსო კარის მდივანი (1630-1638), ფარემუზი – საკათოლიკოსო კარის მდივანი (1649), იესე – ციციშვილების კარის მდივანი (1664-1695), გიორგი (1679-1710), იოანე (1674), ნათანაილი (1674-1708) და ნიკოლოზი (1701–1719).

ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებში ბედისმწერლიშვილების ოჯახის წარმომადგენელნი ხშირად იხსენიებიან ბადიაშვილებად, ბაღდიაშვილებად და ბაღდადიძეებად. ბედისმწერლიშვილები მათ ეწოდათ საგვარეულო საქმიანობის გამო.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საისტორიო საბუთების ფონდის ერთ-ერთ საბუთში (Ad 641) აღნიშნულია: „დაიწერა ესე ხელითა ჩუენითა მდივან-მწიგნობრისა ბედისმწერლიშვილის იესესითა“. საბუთი გაცემულია ციცი ციციშვილის მიერ 1682 წელს წმ. ნიკოლოზის ეკლესიისათვის.

ბედისმწერლიშვილებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ყაფლანიშვილ-ორბელიშვილებთან, ისინი ამ საგვარეულოს საბუთების შემდგენელ-დამწერნი არიან. ასლან ორბელიშვილისა და მისი მეუღლის, თამარ დიასამიძის, დაკვეთით იესეს მიერ გადაწერილია სახარება (A 517 1673 წ.) ხელნაწერი მათ შემდეგ ფიტარეთის ეკლესიისათვის შეუწირავთ.

ბედისმწერლიშვილების ოჯახში ჩამოყალიბდა ხელწერის თავისებური, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი სტილი. წერდნენ ნუსხურით – იშვიათად მხედრულით. მღვდლებმა, იესემ და მისმა ძმამ ფარემუზმა, 1664 წელს გადაწერეს კურთხევანი (H 1742), 1667 წელს მარხვანი (A 663) და შეავსეს ხელნაწერი კრებული (H 972). იასემ 1669 წელს გადაწერა სასულიერო თხზულებათა კრებული (A 179), 1673 წელს კი – ე.წ. ქვეშის სახარება (A 517), რომლის ტექსტი მორთულია მცენარეულორნამენტებიანი ჩარჩოებით. წიგნს თავში დართული აქვს 15 მინიატიურა. მასვე გადაუწერია ოთხთავი (S 1247). იესე და ფარემუზ ბედისმწერლიშვილებმა მონაწილეობა მიიღეს გულანის (A 186 აბგ, XVII-XVIII სს.) გადაწერაში: „ღმერთო, შეიწყალე იესე ბაღდიაშვილი“; „ღმერთო, მაცხოვნე მე, ცოდვილი მწერალი ფარემუზ“. მათი უმცროსი ძმა ნათანაილი 1672 წელს გადაწერილი წიგნის (ჟამნი H 1755) ანდერძში თავის თავს „ახლად მოსწავლეს“ უწოდებს. წიგნს დართული აქვს მინიატიურები სახარების სცენებით, მხატვარი უცნობია, ვახტანგ V-ის ძის, ლუარსაბის მეუღლის, მარიამ რევაზის ასულ ერისთავის, დაკვეთით 1691 წელს ნათანაილს გადაუწერია დავითნი (H 16). ხელნაწერი მორთულია თავსამკაულით, ნაწერი მაღალმხატვრულ დონეზეა შესრულებული. მისივე გადაწერილია ბიბლია (H 1207), რომელიც მსხვილი, კუთხოვანი ნუსხურით არის შესრულებული „ბატონის ყაფლანის ორბელისათა“ ბრძანებით.

ნათანაილი წერდა საბუთებსაც. მის მიერ არის დაწერილი:

1. ნასყიდობის წიგნი, გაცემული 1689 წ.: „მე ბაღდადელიძეს ბედისმწერლიშვილ ნათანაილს დამიწერია და მოწამეცა ვარ, უწყის ღ~თნ...“;
2. 1674 წელს გაცემული ნასყიდობის წიგნი გიორგი ყაფლანიშვილისა;
3. 1681 წელს გაცემული ნასყიდობის წიგნი გურგენიძისა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია ნიკოლოზ იესეს ძე ბედისმწერლიშვილის მიერ გადაწერილი ორი ხელნაწერი:

1. დავითნი (Q 113): „დაიწერა წმიდა ესე დავითნი... ხელითა ფრიად ცოდვილისა ნიკოლოზისითა...“ (38v). ხელნაწერს თარიღი არ უზის;
2. ლოცვანი (H 1061), გადაწერილი მთავარდიაკონ ნიკოლოზის მიერ 1742 წ.

ნიკოლოზ იესეს ძეს 1744 წელს გაუახლებია და საძიებლები დაურთავს პარხლის ოთხთავისათვის (A 1453, 1744 წ.): „უფალმან განაძლიეროს და ადიდოს ორსავე ცხოვრებასა ბატონი აბაშიძე ვახუშტი, რომლისა ბრძანებითა ძველად ნაწერი მრგლოვანი ესე წმიდა სახარება კვალავ გავმუხლე სათვალავი და საძიებლითურთ მცირედსა ხსენებასა ჰყოფდეთ... მთავარდიაკონის ნიკოლოზისათა“

ამ საგვარეულოს კიდევ ერთი წარმომადგენელი – გიორგი – მოიხსენიება იესეს მიერ გადაწერილი ხელნაწერის – მარხვანის (Q 663) – ანდერძში: „...ღ~ო~შ~ე~გ~ი ბე დისმწერალი და მეუღლე მისი“ (141ч]. ანდერძში დასახელებული გიორგი ბედისმწერლიშვილებთან უნდა იყოს დაკავშირებული. 1700 წელს ურბნელი ეპისკოპოსის, იოსების მიერ გაცემული წყალობის წიგნი რევაზ ჟორჟოლაძისადმი დაწერილია გიორგი ბაღდადელიძის მიერ. რადგან ბედისმწერლიშვილები ბაღდადიძეებად, ბაღდიაშვილებად, ზოგჯერ ბადიაშვილებადაც იწოდებოდნენ, სავარაუდოა, რომ საბუთის დამწერი გიორგი ბაღდადელიძე და ანდერძში დასახელებული გიორგი ბედისმწერალი ერთი და იგივე პირია.

ი. გაჩეჩილაძე

ლიტერატურა

  • ბაქრაძე ა., XVI-XVIII სს. საქართველოს საკათოლიკოსო და სათავადო მდივან-მწიგნობართა ქრონოლოგიური რიგი, „პალეოგრაფიული ძიებანი“, 1965, ტ 1;
  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
  • თაყაიშვილი ე., საქართველოს სიძველენი, ტტ. 1-3, ტფ., 1899-1915.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები