ბართა
ბართა (ლაკ. Барта) – ლაკური რიტუალური პური. ზოო- და ანთროპომოფრფულ ბართას აცხობდნენ მხოლოდ ნავრუზის დღესასწაულზე (21 მარტს) ერბოზელილი ცომისგან, შეზავებულს რძითა და კვერცხით. ამ პურებს მოსაკითხის სახით ნათესავ-მეზობლები ერთმანეთს ჩუქნიდნენ, აუცილებლად აგზავნიდნენ ცოლ-ქმრის მშობლიურ ოჯახებში.
ბევრ ლაკურ სოფელში გავრცელებული იყო ტრაბახის რიტუალი, ე. წ. მჲაშ-ი (ტრაბახის დროს გამოყენებული შორისდებული), რომელშიც მონაწილეობდა დიდი და პატარა, უპირატესად კი – ქალები, რომლებიც ზეიმის პირველ დღეს თავიანთი სახლების სახურავზე ავიდოდნენ, ხელში ბართას დაიკავებდნენ და მეზობელ უბანს შემდეგი შინაარსის ტექსტით მიმართავდნენ:
- „ეს ბართა, მჲაშ,
- ფრინველის ბართაა, მჲაშ,
- ფრინველის ფეხია, მჲაშ,
- მხვნელის დიდი ბართაა, მჲაშ,
- ახალი შამხალის ახალი ბართაა, მჲაშ,
- მიწის სათხრელი ოქროს თოხია, მჲაშ,
- ცის საცრელი (ე. ი. წვმის მომყვანი – ნ. ა.) ვერცხლის საცერია, მჲაშ,
- გაზაფხულის ღამეს, დე, ცოლი მოკვდეს ქმართან, მჲაშ,
- ძაღლის შობილი ლეკვი, დე, მოკვდეს, მჲაშ,
- ძროხის შობილი ხბო, დე, მოკვდეს, მჲაშ“.
შინაარსის მიხედვით, ეს ტექსტი ორ ნაწილად იყოფა: პირველი ნაწილი შეიცავს ტრაბახს მოსავალთან, მატერიალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული ამა თუ იმ საგნის ქონით; მეორე კი წარმოადგენს რიტუალურ წყევლას – „სიკეთის სურვებას პირუკუ“ – ხერხს, რომელიც ლაკებში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ პირდაპირი კარგი სურვილით არ გაეთვალათ: სიკვდილის სურვება აქ ჯანმრთელად ყოფნის ტოლფასია.
როგორც კი მოისმენდნენ მჲაშს, მოპირდაპირე უბნის ქალები სახურავებზე ავიდოდნენ და იმავე ტექსტს გაიძახოდნენ.
ლიტერატურა
- Чурсин Г. Ф. Фигурные обрядовые печения у кавказских народов // БКИАИ. Л., 1930, № 6;
- Булатова А. Г. Традиционные праздники и обряды народов Горного Дагестана в XIX – начале XX века. Л., 1988.