ბაინდურაშვილი აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკაკი ბაინდურაშვილი

ბაინდურაშვილი აკაკი - Baindurashvuli Akaki, Баиндурашвули Акаки, 1924-2003

ქართველი ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1955), დოქტორი (1969), პროფესორი (1969). საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. მეორე მსოფლიო ომის წლებში ჯარში მსახურობდა. შემდეგ სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ფსიქოლოგიის სპეციალობით. 1954-1960 წლებში მუშობდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო 1960 წლიდან თსუ-ში, ჯერ დოცენტად, შემდეგ ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორად, დაბოლოს, 1981 წლიდან გარდაცვალებამდე − ასაკობრივი და პედაგოგიკური ფსიქოლოგიის კათედრის გამგედ.

ა. ბაინდურაშვილის კვლევით ინტერესებში შედიოდა ზოგადი, საინჟინრო, შემოქმედების, პედაგოგიური და ასაკობრივი ფსიქოლოგიის საკითხები. მაგრამ უმთავრესი ადგილი მის მეცნიერულ საქმიანობაში ეკავა ფსიქოლინგვისტიკას, კერძოდ სახელდების პრობლემატიკას, რომლის სხვადასხვა ასპექტებს იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ამუშავებდა და რომლის ცნობილ სპეციალისტადაც იყო მიჩნეული. მის ნაშრომებს ამჟამადაც მოიხსენიებენ სახელდების პრობლემაზე მომუშავე უცხოელი მეცნიერები.

დ. უზნაძე მართებულადაა მიჩნეული სახელდების პრობლემის ექსპერიმენტული კვლევის თავკაცად. ა. ბაინდურაშვილმა თავიდანვე განიზრახა განეგრძო და გაეღრმავებინა დ. უზნაძის მიერ ამ მიმართულებით დაწყებული ექსპერიმენტული ძიება. ამ ხანგრძლივი კვლევის შედეგად დადასტურდა სიტყვის ბგერითი მხარისა და მნიშვნელობის არაშემთხვევითი, კანონზომიერი ხასიათი {სახელდება}. ეს მონაცემები ეწინააღმდეგება ენობრივი ნიშნის პირობითობის პოსტულატს. ღრმა ანალიზის საფუძველზე ავტორი ამ პოსტულატის წმინდა თეორიული ხასიათის სირთულეებსა და წინააღმდეგობებსაც აჩვენებს, მაგრამ უმთავრესი მაინც ემპირიული არგუმენტაციაა. ის მრავალნაირი და მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტებითაა განმტკიცებული. მათი გამორჩეული თავისებურება ისაა, რომ, განსხვავებით უზნაძის ცდებისაგან, ექსპერიმენტის პირობები მაქსიმალურად არის მიახლოებული თანამედროვე ადამიანის მიერ წარმოებული სახელდების პირობებთან. ირჩევენ რა გარკვეულ ბგერათა კომპლექსს სახელსადები შინაარსის აღსანიშნავად, ცდისპირები თან შინაგან გრძნობას/დარწმუნებულობას განიცდიან. ამას მათ ერთი მხრივ თითქოს თავად შინაარსი, ხოლო მეორე მხრივ, სახელად შერჩეული ბგერათა კომპლექსი „ჰკარნახობს”. სახელდების პროცესში ხორციელდება სახელსადები შინაარსისა და სახელად შერჩეული ბგერითი კომპლექსის განცდათა ურთიერთმორგება {ფონეტიკური სიმბოლიზმი}. ამასთან, ცდისპირები ვერ ახერხებენ, გააცნობიერონ მათ მიერ წარმოებული არჩევანის საფუძველი; სახელდების საფუძველი ცნობიერების მიღმა რჩება, ის თითქოს თავისთავად ხდება, თუმცა, ცხადია, არაცნობიერ ძალას ემყარება. ისევე როგორც დ. უზნაძე, ა. ბაინდურაშვილსაც ამ ძალად განწყობა მიაჩნია. არსებითად იგივე დასკვნები გამომდინარეობს ორიგინალური მეთოდიკით ჩატარებული სხვა ექსპერიმენტიდანაც − მაგ., ქართველი ცდისპირები იაპონურ სიტყვებს გამოიცნობენ ჟღერადობის საფუძველზე. გაირკვა, რომ ცდისპირები ახერხებენ მათთვის უცნობი უცხო ენის სიტყვების ნამდვილი მნიშვნელობის ამოცნობას ანუ მათთვის შესატყვისების შერჩევას მშობლიური ენიდან. თანაც ეს ხდება შემთხვევითი დამთხვევის ალბათობაზე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მეტობით.

სახელდების კვლევისას გამოვლენილი კანონზომიერებანი დამახასიათებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ენობრივი ნიშნებისათვის, არამედ სხვა ნიშანთა სისტებისთვისაც, კერძოდ, კომუნიკაციის ვიზუალური საშუალებებისთვის. ამ კვლევას პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს, თუნდაც საინჟინრო ფსიქოლოგიის კუთხით, სადაც აქტუალურია ინფორმაციის კოდირების ამოცანა, და შესაბამისად, კოდის ეფექტურობის საკითხი.

ა. ბაინდურაშვილის აზრით, „განწყობის საფუძველზე ხორციელდება არა მხოლოდ სიტყვის ბგერითი მხარისა და მნიშვნელობის დაკავშირება, არამედ მნიშვნელობის ფორმირებაც და სიტყვის, როგორც ენობრივი ერთეულის, შემდგომი ფუნქციონირება”. აქედან გამომდინარე, ავტორი განწყობის მოქმედების ფსიქოლოგიური მექანიზმის ბუნების გარკვევითაც ინტერესდება. სათანადო ექსპერიმენტული და თეორიული ანალიზით მან აჩვენა, რომ უსაფუძვლოა ზოგიერთი ავტორის {ლ. ვენგერი} მტკიცება, თითქოს სიდიდისა და წონის ილუზიების ახსნა {კონტრასტული ილუზია} არ საჭიროებს განწყობის ცნებას, რამდენადაც ისინი და მათი ანალოგებიც მხოლოდ ფიზიოლოგიური ფაქტებია და ამომწურავად აიხსნება პირობითი რეფლექსის მექანიზმებით. ა. ბაინდურაშვილი მუშაობდა საკუთრივ განწყობის თეორიის განვითარება/დახვეწის მიმართულებითაც. მან დამატებითი არგუმენტები წამოაყენა განწყობის არაცნობიერობისა და ფსიქიკური აქტივობის მიმართ მისი პირველადობის დებულებათა გასამყარებლად.

ა. ბაინდურაშვილის პედაგოგიკური ფსიქოლოგიის კუთხით შესრულებული კვლევებიდან აღსანიშნავია ნაშრომები, რომლებშიც სასკოლო რეფორმისა და სკოლაში ფსიქოლოგიური სამსახურის ორგანიზაციის საკითხებია განხილული.


მთავარი ნაშრომები

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

იხილე აგრეთვე

აკაკი ბაინდურაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები