ახალციხის წმინდა მარინეს საკათედრო ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალციხე. წმ. მარინეს საკათედრო ტაძარი.

ახალცისის წმინდა მარინეს საკათედრო ტაძარი – (ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია), XIX ს. ხუროთმოძღვრების ძეგლი. ამჟღავნებს მსგავსებას შუა საუკუნეების ძეგლებთან, კერძოდ, საფარის წმ. საბას ტაძართან, თუმცა საგრძნობია პრინციპული განსხვავება – შეცვლილია გეგმა, გუმბათის საბჯენად ორი სვეტისა და აფსიდის მხრების ნაცვლად ოთხი სვეტია გამოყენებული. გუმბათი გადაადგილებულია დასავლეთით ერთი ინტერვალით, ხოლო ტაძრის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი დაგრძელებულია, რაც მას მნიშვნელოვნად უცვლის იერს. მსგავსების თვალსაზრისით აღსანიშნავია საფარის ტაძრის აღმოსავლეთის ფასადზე აფსიდის გარედან სწორკუთხა მცირე შვერილით წინ წამოწევა, რაც ახალციხის წმ. მარინეს საკათედრო ტაძარის ხუროთმოძღვრის მიერ გამოყენებულია ოთხივე ფასადზე მონოტონური სიბრტყის დასანაწევრებლად.

ტაძარი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების კიდევ ერთ ნიშანს ატარებს: ტაძრის ძირითადი მკლავები სივრცეში, გუმბათის ყელის გარშემო, მკაფიოდ გამოსახავს ჯვრულ სივრცეს, რომელიც ოთხივე ფასადზე დასრულებულია ფრონტონით. ინტერიერში გაბატონებულია გუმბათისა და მკლავების ჯვრული სივრცე, რომელიც განსაზღვრავს მთელი ტაძრის ინტერიერს. ტაძრის კუთხის მონაკვეთები, როგორც შიდა მხარეს, ისე გარედან, დაბალია. მთელი შენობის დომინანტი განიერი და მნიშვნელოვანი სიმაღლის 10-სარკმლიანი გუმბათის ყელია, რომელიც განათების ძირითადი წყაროა. ტაძრის ინტერიერი მთლიანად მოხატულია.

ახალციხე. წმ. მარინეს საკათედრო ტაძარი. საკურთხევლის ხედი

ტაძარში სამი შესასვლელია – სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. ამ უკანასკნელში სამრეკლოს პირველი სართულისა და სწორკუთხა ნართექსის გავლით ვხვდებით. სამივე შესასვლელის წინ ქვის სამსაფეხურიანი ბაქანია.

ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია თბილი ტონალობის ადგილობრივი ანდეზიტ-დაციტის კარგად გათლილი კვადრებით (გათლილ ქვაზე გვხვდება საღებავით დატანილი ქვის მთლელი ოსტატის დამღა). ფასადებზე შიდა სივრცის სტრუქტურა კარგად იკითხება. გრძივი ფასადები ერთმანეთის მსგავსია. სიმეტრიულად განლაგებულ სამ საკმაოდ განიერ სარკმელს სადა შეწყვილებულლილვიანი თაღოვანი თავსართი ასრულებს (ორი სარკმელი კარის თაღოვანი გადახურვის სიმაღლეზეა, ერთი – შუა ღერძზე, კარის ზემოთ საკმაოდ მაღლა). კარის თავსართი, შესაძლოა გავეთის სამხრეთის კარის თავსართის გავლენით, მუზარადისებური მოხაზულობისაა. შუა სარკმლის ზემოთ წნულითა და ვარდულით შემკული გირჩია ჩასმული. სამხრეთის კარი მოჭედილია სპილენძის ფურცლით. კარის ზედა თაღოვან არეში წმ. მარინეა გამოსახული, კარის ფრთებზე – მთავარანგელოზები გაბრიელი და მიქაელი.

ტაძრის მოცულობას ათწახნაგა გუმბათის ყელი ასრულებს, რომელიც დასრულებულია პირამიდული სახურავით. დასავლეთის ფასადზე ნართექსსა და ორ ბოძზე დაბჯენილი სამიარუსიანი გამჭოლი სამრეკლოა მიდგმული. აღმოსავლეთ ფასადზე, საკურთხევლის სარკმლის გვერდებზე, სიმეტრიულად განლაგებული დეკორით შემკული თითო გირჩაა. საკურთხევლის სარკმლის თავზე წითელი ფერის დაბალი კვეთის დეკორი არშიითა და ჯვრით შემკული სწორკუთხა ქვაა მის ქვედა ნაწილში ამოკვეთილი თარიღით – 1868 წ., წითელი ქვის ქვემოთ მეორე თარიღიცაა – 1898 წ. (1898 წ., შესაძლოა მიუთითებდეს სამიარუსიანი სამრეკლოს აგების თარიღს). არსებობს კიდევ ერთი თარიღი – 1865 წ., მოწოდებული პ. უვაროვას მიერ. სამრეკლო ტაძრის დასრულების შემდეგაა მიშენებული. მისი აღმოსავლეთის წყვილი ბურჯი ხელოვნურადაა „დასმული“ ნართექსის კედელზე, გამოყენებული მასალა იდენტურია ტაძრის მოსაპირკეთებელი მასალისა, თუმცა ქვის ზომა და ოსტატის ხელი განსხვავებულია. სამრეკლოზე ტაძრის კარნიზისაგან განსხვავებული კარნიზის პროფილია გამოყენებული. სამრეკლო-კარიბჭის ამ ადგილზე აგება თავიდან რომ ყოფილიყო ჩაფიქრებული, კვადრატული ფორმის წითელი ტუფის ქვაზე ამოკვეთილ დეკორატიულ ჯვარს დასავლეთის ფასადზე სამრეკლოს უკან არ მოათავსებდნენ.

ტაძრის გარშემო წარწერების მიხედვით, ახალციხის წარჩინებულთა და სამხედრო პირთა რამდენიმე საფლავია დარჩენილი.

გ. მარსაგიშვილი

ლიტერატურა

  • ბოჭორიძე გ., მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992;
  • Уварова П., Кваблианское ущелье, МАК, вып., 4, M., 1894.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები