აჭის წმინდა გიორგის ეკლესია
აჭის წმინდა გიორგის ეკლესია − აღმართულია საქართველოში, სოფელ აჭის ცენტრში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, შემოქმედის ეპარქია), გორაკზე.
თლილი ქვით ნაგები ცალნავიანი ეკლესია (6.1 X 9.2 X 6.9 მ) მარტივი გეგმის ნაგებობაა აღმოსავლეთით საკურთხევლის აფსიდით, სამი შესასავლელით (დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან); თითო სარკმლით ოთხივე ფასადზე. დარბაზი კამარითაა გადახურული. ფასადები მხატვრულად ძუნწადაა გაფორმებული. ძირითადი სამკაული დასავლეთ სამხრეთ კარების არქიტრავებზე მოთავსებული რელიეფური ჯვრებია.
არქიტექტორული თავისებურებებითა და ორნამენტის ხასიათით ეკლესია XIII ს. მიწურულით თარიღდება. შიგნიდან ტაძარი მხატვრობითაა შემკული. საკურთხევლის აფსიდაში გამოსახულია: ვედრება, მთავარანგელოზთა და მღვდელმთავართა რიგები; დარბაზის კამარასა და კედლებზე – 12 საუფლო დღესასასწაული, წმ. გიორგის ცხოვრების სცენები და ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებები; ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია ჯგუფური საქტიტორო პორტრეტის ფრაგმენტი. განმარტებითი წარწერები ქართულია, არის რამდენიმე ბერძნული წარწერაც. იკონოგრაფიული და სტილისტური ნიშნებით მოხატულობის შესრულების დრო XIII ს. მიწურულით განისაზღვრება. ტაძრის მოხატულობა სტილის მიხედვით გარდამავალი ძეგლია. იგი XII-XIII სს. მხატვრულ-კომპოზიციურ პრინციპებსაც იცავს და ახალი, პალეოლოგოსური, ხელოვნების ნიშნებსაც ამჟღავნებს. ფრესკები გამოირჩევა ნათელი და ჟღერადი კოლორიტითა და წერის ინდივიდუალური მანერით. კომპოზიციათა განაწილება და ცალკეულ სცენათა იკონოგრაფიული თავისებურებანი გუმბათური ტაძრებისთვის დამახასიათებელი პროგრამის ტრანსფორმაციას ადასტურებენ. აჭის მოხატულობას ბევრი აქვს საერთო ტრაპიზონის წმ. სოფიას ეკლესიის ფრესკებთან.
ქ. მიქელაძე
ლიტერატურა
Иосебидзе Д., Роспись Ачи. Тб., 1989.