აშხვარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშხვარ (აშხοარ) - აფხ. ნავის ჯარი, მეკობრეები. ჩრდილოეთ კავკასიელთა ყოფაში მესაქონლეობასთან ერთად მნიშვნელოვანი ეკონომიკური საშუალება იყო თარეში. ეს საკუთრების, ქონების დაგროვების აგრესიული შესაძლებლობა იყო. თარეშის სისტემა ჩაისახა მთიელთა საზოგადოებაში ჩრდილოეთ კავკასიის ყველა ხალხში შავიდან კასპიის ზღვამდე. ნ. დუბროვინი წერდა, რომ ჩრდილოკავკასიელები მებრძოლები და ძარცვა-გლეჯისაკენ მიდრეკილები არიან. სიღარიბეს მამაცობასთან შეერთებულს მოჰქონდა, ერთი მხრივ, ქურდობა საკუთარ ხალხში, ხოლო მეორე მხრივ თარეში სხვა ხალხთან. ეს სისტემა მაშინ უნდა ჩასახულიყო, როდესაც მთის საზოგადოებაში გვაროვნული წყობილების რღვევა დაიწყო. ისინი საშუალებას ეძიებდნენ მატერიალურად უზრუნველეყოთ საკუთარი თავი და ოჯახი, რომ შემდეგ მეთემეებზე მაღლა დამდგარიყვნენ. ამ დროს ფეოდალიზაციაზე ჯერ კიდევ ლაპარაკი არ შეიძლებოდა.

თარეშის სისტემის მთავარი მიზანი ნადავლის მოპოვება - საქონლის მოტაცება და ადამიანების დატყვევება იყო. გვიან შუა საუკუნეებში აფხაზები და მათი წინაპრები ამ სისტემით სარგებლობდნენ და ქართველებს ნავებით ზღვიდან ესხმოდნენ თავს, ქონებასაც იტაცებდნენ, ადამიანებსაც ატყვევებდნენ და მათ ოსმალებზე ყიდდნენ. თარეშით არაერთი საკითხი წყდებოდა, მათ შორის მიგრაციული პროცესებიც. თარეში მარტო ქონების დაგროვების პრობლემას როდი წყვეტდა, ამავე დროს ხდებოდა სხვისი მიწების მითვისებაც (ე.ი. თარეშის დროს დატყვევებული ოჯახის სახლ-კარის და მიწის მითვისება). დოკუმენტური მასალის მიხედვით, ასეთი შემთხვევები XVI ს. ბზიფში და XVII საუკუნეში ამჟამინდელ აბჟუაში, ოჩამჩირის რაიონში ხშირი იყო.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები