აფციაური ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმერ აფციაურმა (მარჯვნივ) ოლიმპიადაზე ყველა პრინციპული ბრძოლა მოიგო. სეული, 1988 წელი

აფციაური ვლადიმერ — (დ. 4 თებერვალი, 1962, მანგლისი — გ. 14 მაისი, 2012, თბილისი) — ქართველი რაპირით მოფარიკავე. სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1988), მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1982), მეორე (1988) და სამგზის მესამე პრიზიორი (1982, 86, 90), ევროპის თასის მფლობელი გუნდურ ასპარეზობაში (1985), საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი პირად და გუნდურ პირველობაში (1984), უნივერსიადის მეორე პრიზიორი (1986), სსრკ-ის ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში (1984). კუვეიტის ნაკრების (რაპირა) მთავარი მწვრთნელი (1998-2010). სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.

ვლადიმერ აფციაური

მოფარიკავეები ორ ძირითად კატეგორიად იყოფიან: ერთნი მეტწილად პირად ტურნირებში იმარჯვებენ, მეორენი კი გუნდურ ბრძოლაში გამოირჩევიან. ვლადიმერ აფციაური გუნდურ მებრძოლად ჩამოყალიბდა. 1981 წელს, როცა საქართველოს ნაკრებმა საკავშირო ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, ამ საქმეში ლომის წილი სწორედ აფციაურმა დაიდო. მერე იყო სსრ კავშირის ნაკრები და ამ ნაკრებთან ერთად მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. თანაგუნდელები ამბობდნენ და ნაკრების მწვრთნელებიც ადასტურებდნენ, რომ აფციაურის თავდადებამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა 1982 წელს რომში მოპოვებული მაშინდელი წარმატება. გადამწყვეტი შეხვედრების – ნახევარფინალისა და ფინალის წინ საბჭოთა ნაკრები კაპიტნის, ვლადიმირ სმირნოვის გარეშე დარჩა. სმირნოვმა გერმანელებთან მეოთხედფინალში უმძიმესი ტრავმა მიიღო და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სწორედ ამ კრიტიკულ სიტუაციაში გამოვლინდა 20 წლის აფციაურის მებრძოლი ხასიათი. დაძაბულ ნახევარფინალურ მატჩში საბჭოთა ნაკრებმა იტალიის გუნდი დაამარცხა, ფინალში – ფრანგებისა. გადამწყვეტ მატჩში ქართველმა მოფარიკავემ ოთხივე შეხვედრა მოიგო, მათ შორის − საჩემპიონო დასკვნითი ბრძოლა ფილიპ ომნესთან.

მერე იყო სეულის ოლიმპიადა და იქ მოპოვებული გუნდური ოქრო. სეულში, გერმანელებთან ფინალში აფციაური სამჯერ გამოვიდა საფარიკაო ბილიკზე, სამივე მეტოქე დაამარცხა და ასპროცენტიანი შედეგით დაამთავრა ტურნირი. ფინალის დასკვნით ეტაპზე კარგად გამოვიდნენ აფციაურის თანაგუნდელებიც, საბოლოოდ 9:5 აჯობეს გერმანელებს და ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. როგორც სხვა ტურნირებზე, ოლიმპიადაზეც დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ დაიწყებს შეჯიბრებას, ვინ გახსნის ანგარიშს. სეულში საბჭოთა ნაკრების პირველ ნომრად აფციაური გამოდიოდა, რაც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობდა. ქართველმა სპორტსმენმა, იმ დროისთვის უკვე გამოცდილმა და ტიტულიანმა, ლიდერის საუკეთესო თვისებები გამოავლინა და ოლიმპიადაზე ყველა პრინციპული ბრძოლა მოიგო. სწორედ ამიტომ იყო, რომ მწვრთნელები, თანაგუნდელები, სპორტული პრესის წარმომადგენლები საგანგებოდ აღნიშნავდნენ ვლადიმერ აფციაურის გამორჩეულ პირად წვლილს დიდ ოლიმპიურ გამარჯვებაში.

იხილე აგრეთვე

ვლადიმერ აფციაური

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები