ასკანის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასკანის ციხე

ასკანის ციხე (თამარის ციხე) (ინგლ. Askana Castle) – ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე გურიის სოფელ მთისპირში, მაღალ ფრიალო კლდეზე, ოზურგეთიდან 17 კმ-ზე, ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს, მდინარე ბახვისწყლის მარცხენა ნაპირზე, დელემურისა და თაფურიათის მთებს შორის. სავარაუდოდ, ასკანის ციხე IV საუკუნეშია აგებული. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით VIII საუკუნეში ციხეზე ულაშქრია არაბთა სარდალს მურვან ყრუს, მაგრამ ციხე ვერ აუღია. 1774 წელს ციხე ოსმალების ხელში იყო.

1804-1805 წლებში იგი მამია გურიელმა და სოლომონ I-მა დაიბრუნეს. 1828 წლიდან კი ასკანის ციხე რუსეთის ჯარმა დაიკავა.

ციხე ნაგებია ქვითა და კირხსნარით. შესასვლელის მარცხნივ გვირაბია, რომელიც ჩადის მდინარე ბახვისწყალზე. ციხეში შემავალი კარიბჭის მარჯვნივ შეინიშნება ძველი ნაგებობების უტყუარი ნაკვალევი – კლდოვან ქანში გამოკვეთილი საფეხურები; იქვეა ძველი მარანიც. ასკანის ციხე ორი კოშკის, წითელი მარმარილოთი ნაშენი სამლოცველოსა (V-VII სს.) და რამდენიმე ხის ქოხისაგან შედგებოდა. სამლოცველო საკმაოდ დაზიანებულია, ხის ქოხები დანგრეულია. შიდა და გარე ზღუდეთა ირგვლივ მეომართა სადგომი ბაქნებია მოწყობილი; შეინიშნება ციხის კედლებში გამოჭრილი სათოფურები. ციხის გარე ზღუდის დაქანებული კლდოვანი ფერდობის ძირში დიდი ზომის ხის ზედაპირი მოჩანს. აქედან იწყება ბახვის ხე-ობასთან დამაკავშირებელი, ციხიდან გამავალი საიდუმლო გვირაბი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები