ასაწყობ-მონოლითური კონსტრუქციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასაწყობ-მონოლითური კონსტრუქციები

ასაწყობ-მონოლითური კონსტრუქციები – ცალკეული ელემენტებისგან შემდგარი კონსტრუქცია, რომლის ერთი ნაწილი წინასწარაა დამზადებული ქარხანაში, ხოლო მეორე ნაწილი – ადგილზე, მონოლითური ბეტონის გამოყენებით, რითაც მიიღწევა მთლიანობა (მაგ., რკინაბეტონის კარკასულ შენობებში სვეტებისა და რიგელების შეერთების კვანძები).

ასაწყობი კონსტრუქციების ელემენტების შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს უპირატესად მაღალი სიმტკიცის ბეტონისა და არმატურისგან დამზადებული წინასწარ დაძაბული კონსტრუქციები, აგრეთვე კონსტრუქციები მსუბუქი და უჯრედოვანი ბეტონისაგან იქ, სადაც მათი გამოყენება სხვა ნორმატიული დოკუმენტებით შეზღუდული არ არის. ელემენტების გამსხვილება შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა სამონტაჟო მექანიზმების ტვირთამწეობა, დამზადებისა და გადაზიდვის პირობები. მონოლითური კონსტრუქციებისათვის გაითვალისწინება უნიფიცირებული ზომების გამოყენება, რაც საინვენტარო ყალიბების, აგრეთვე გამსხვილებული სივრცული არმატურის კარკასების გამოყენების საშუალებას იძლევა. ასაწყობ-მონოლითურ კონსტრუქციებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შეერთებების სიმტკიცესა და ხანგამძლეობას. ელემენტების კვანძებისა და შეერთებების კონსტრუქციები, სხვადასხვა კონსტრუქციული და ტექნოლოგიური ღონისძიებების მეშვეობით, უნდა უზრუნველყოფდნენ ძალვების საიმედო გადაცემას, პირაპირის ზონაში თვით ელემენტების სიმტკიცეს, აგრეთვე პირაპირში დამატებით ჩაწყობილი ბეტონის კავშირს კონსტრუქციის ბეტონთან. ასაწყობ-მონოლითური კონსტრუქციები, აგრეთვე მონოლითური კონსტრუქციები ხისტი არმატურით, გაანგარიშდება სიმტკიცეზე, დეფორმაციებზე, ბზარების წარმოქმნასა და გახსნის სიდიდეზე კონსტრუქციის მუშაობის შემდეგი ორი სტადიისათვის: ა) კონსტრუქციის გამოყენების ადგილზე ჩაწყობილი ბეტონის მიერ წინასწარ დასახული სიმტკიცის მიღწევამდე – ამ ბეტონის წონისგან გამოწვეულ და აგების მოცემულ ეტაპზე მოქმედი სხვა დატვირთვების ზემოქმედებაზე და ბ) კონსტრუქციის გამოყენების ადგილზე ჩაწყობილი ბეტონის მიერ წინასწარ დასახული სიმტკიცის მიღწევის შემდეგ – აგების მოცემულ ეტაპზე და ექსპლუატაციის დროს მოქმედ დატვირთვებზე. ასაწყობი კონსტრუქციების ელემენტების გაანგარიშებისას იმ ძალვების ზემოქმედებაზე, რომლებიც წარმოიშობა მათი აწევის, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის დროს, დატვირთვა ელემენტის წონისაგან გაანგარიშებებში უნდა შევიდეს დინამიკურობის კოეფიციენტით, ტოლი: ა) აწევისა და მონტაჟის დროს – 1,40; ტრანსპორტირების დროს – 1,6. დინამიკურობის კოეფიციენტი შეიძლება შემცირდეს სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, მაგრამ მიიღება არანაკლები – 1,25-სა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები