არგო (ენა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არგო – (ფრანგ. argot – ქურდების ენა), ზოგიერთი სოციალური ან პროფესიული ჯგუფის, წრის თავისებური მეტყველება, რომლის სიტყვები და გამოთქმები სპეციალურად არის გასაიდუმლოებული და გასაგებია მხოლოდ სათანადო კოლექტივისათვის. არგოს ჩვეულებრივი სალიტერატურო ენისაგან ძირითადად ლექსიკა (ზოგჯერ ინტონაცია და წარმოთქმაც) განასხვავებს. არგოს სპეციფიკური ლექსიკა იქმნება საერთო ლექსიკის გადასხვაფერებით (როგორც მნიშვნელობის, ისე წარმოების თვალსაზრისით), უცხო ენებიდან და ტერიტორიული დიალექტებიდან ნასესხობებით ან ხელოვნურად შექმნილი ფორმებით.

არგო წარმოიშვა როგორც საზოგადოების დაბალი ფენების (ქურდების, მოხეტიალეთა და ღატაკთა, სუტენიორებისა და მისთ.) მეტყველება. მაგრამ თანდათანობით არგოს მნიშვნელობა გაფართოვდა და იგი აღნიშნავს სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების მეტყველებასაც, რომლის ჩამოყალიბებაც შეპირობებულია პროფესიასთან დაკავშირებული ლექსიკის თავისებურებით (თეატრალური არგო, ექიმთა არგო). ამ აზრით არგო გაიგივებულია ჟარგონთან.

ზოგჯერ მეტყველების განგებ გასაიდუმლოება დაკავშირებულია სიტყვის მაგიური ძალის რწმენასთან. ამგვარი გასაიდუმლოებული რიტუალური არგო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გვხვდება. ქურუმები საგანგებო ენას ქმნიდნენ სულებთან სალაპარაკოდ. ასეთი არგო საქართველოშიც (ხევსურეთი) არის ცნობილი ხატის, ანუ ჯვრის ენის სახით.

არგოს ნიმუშია აგრეთვე სხვადასხვა პირობითი და საიდუმლო ენები, მაგ. ე.წ. ქაჯური ენა, რომლის ორი ვარიანტია ცნობილი საქართველოში: 1. ხდება სიტყვის ორად გახლეჩა და ნაწილების გადასმა: და-სა ხვალ-მი ნა-შე ჭო-ბი – „სადა მიხვალ შენა ბიჭო“; 2. ყოველ მარცვალს ემატება წ, ზ (ან სხვა რომელიმე) თანხმოვანი იმ ხმოვნით, რა გახმოვანებისაც მარცვალია: სა-წა-და-წა მი-წი-ხვალწა შე-წე-ნა-წა ბი-წი-ჭო-წო (იგივე). ამ შემთხვევაში სიტყვების გადასხვაფერება არ უკავშირდება არც ჟარგონს და არც რიტუალურ ა-ს.

მ. კობაიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები