არასაბაზრო ურთიერთობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არასაბაზრო ურთიერთობა - (non-market relations) - ურთიერთობა, რომელიც საბაზრო ეკონომიკაში ყალიბდება ქვეყნის მაკროეკონომიკური რეგულირების, სახელმწიფო საწარმოებში მტკიცე ფასების დადგენის, სახელმწიფო დაკვეთების შემოღების, მოსახლეობის სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების შემთხვევაში. არასაბაზრო პირობებში მოქმედებენ საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციები.

არასაბაზრო ურთიერთობის არსებობას ძირითადად განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: პირველი, ბაზრის მექანიზმი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დაიკმაყოფილონ მხოლოდ მოთხოვნით გამოხატული მოთხოვნილებები. მაგრამ არსებობს მოთხოვნილებები, რომელთა ფულით გაზომვაც შეუძლებელია. ბაზარი მათზე არ რეაგირებს. ასეთი სახის მოთხოვნილებები უკავშირდება განსაკუთრებული ტიპის საქონელსა და მომსახურებას, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ ლიტერატურაში ცნობილია „საზოგადოებრივი საქონლის” სახელწოდებით. მისი კვლავწარმოების არეალი ქმნის ეკონომიკის არასაბაზრო სექტორს; მეორე, ბაზარს არ შეუძლია მისთვის ნიშანდობლივი ფასწარმოქმნის მექანიზმის მეშვეობით შეაფასოს ადამიანთა საქმიანობის საბოლოო გარე ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოიხატოს როგორც დადებით, ისე უარყოფით სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებში. გარე ეფექტების არსებობა განაპირობებს კერძო და სოციალური დანახარჯებისა და შედეგების გამიჯვნის აუცილებლობას. კერძო დანახარჯები და შედეგები ასახავს საბაზრო ურთიერთობას, მათი ტოლობა საბაზრო წონასწორობას, ხოლო სოციალური დანახარჯები და შედეგები ფსევდოსაბაზრო წონასწორობას, რომელიც თავისი ეკონომიკური შინაარსით გაცილებით ფართოა საბაზროზე. მხოლოდ ბაზარს არ შეუძლია ფსევდოსაბაზრო წონასწორობის დამყარება, იგი დგინდება სახელმწიფოსა და მოთხოვნა-მიწოდების მექანიზმის ერთობლივი ძალისხმევით. იქ, სადაც ბაზარი უძლურია, აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა; მესამე, ეკონომიკის დარგების - ენერგო-, თბო-, წყალ- და გაზმომარაგების, სარკინიგზო მიმოსვლის, საფოსტო, სატელეფონო და სატელეგრაფო კავშირგაბმულობის და ა.შ. ტექნიკური და ტექნოლოგიური სპეციფიკა, რომელიც მოითხოვს წარმოების, განაწილებისა და მოხმარების ერთიან სისტემას, წარმოებული პროდუქციის თავისებუარასაბაზრო ურთიერთობარებები და მოხმარების მასობრივი ხასიათი, რომელიც განაპირობებს ფართომასშტაბიანი წარმოების აუცილებლობას, არ ქმნის ეკონომიკურ სივრცეს ნორმალური კონკურენციისათვის. ამიტომ ამ დარგებში სახელმწიფო მონოპოლია (ბუნებრივი მონოპოლია) განპირობებულია ობიექტური აუცილებლობით, რაც არასაბაზრო ურთიერთობებში აისახება.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები