ანცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-ნცვა (აფხ. Анцәа) – უმაღლესი ღმერთი აფხაზურ მითოლოგიაში, ბუნებისა და ადამიანთა, ყოველგვარ ცოცხალ არსებათა გამჩენი და მბრძანებელი. მისი ეპითეტებია აშაცვა – „გამჩენი“, აჰდუ – „უზენაესი“; იმყოფება ზეცაში (აქედანაა მისი კიდევ ერთი ეპითეტი ხიხიქოუ – „ზეცასმყოფი“). ზოგი ვარიანტით, იგი ახალგაზრდა ლამაზი მამკაცია, ზოგითაც – ჭაღარა მოხუცი; აცვია ტყავის სამოსი, აქვს ოქროს ტერფი და ხელში უჭირავს კვერთხი, რომლითაც ელვას აჩენს. ხშირად ანცვა და ჭექა-ქუხილის ღვთაება („ა-ფი“) გაიგივებულია. ანცვას სახელზე სავალდებულო ლოცვა – ანცვაჰვა და მსხვერპლშეწირვა, ე.წ. „აითარნიჰვაში“ (ღვთაება აითარისადმი მიძღვნილ წეს-ჩვეულებათა რიგი) იცოდნენ; სწირავდნენ კონუსის ფორმის სამ კვერს (ახუაჟვს) და ოჯახის კეთილდღეობასა და მფარველობას შესთხოვდნენ. ანცვას ეძღვნებოდა სპეციალური სიმღერა, ე.წ. „ანცვარაშვა“, რომელსაც აფხაზები განსაკუთრებულ შემთხვევებში (მაგ., მეხის დაცემის ჟამს) მღეროდნენ.

ტერმინ „ანცვას“ დამაჯერებელი ეტიმოლოგია არ არსებობს. ს. ჯანაშიას განმარტებით, უზენაესი ღვთაების აფხაზური სახელწოდება, ისევე როგორც მისი ეპითეტი "აშაცვა" მრავლობით რიცხვში (ცვა) დგას. რაც შეეხება ტერმინის პირველ ნაწილს („ან“), არის ცდა იგი აფხაზურ ენაში დედის აღმნიშვნელ სიტყვას დაუკავშირონ. პრობლემის საბოლოო გადაჭრისათვის აუცილებელია ტერმინ "ანცვასა" და აბაზურში ღმერთის აღმნიშვნელი „ნცვა|| ნჩვა“ სიტყვის ურთიერთმიმართების საკითხის გარკვევა.


ლიტერატურა

  • А. Веденский. Религиозные верования абхазцев // ССКГ. Тф., 1871, вып. V;
  • Ш. Д. Инал-ипа. О генезисе божества «анцва» – верховного бога обхазов // ИАИЯЛИ. Сух., 1974. Т. 3;
  • პ. გიორგიძე. აფხაზეთი და აფხაზნი // ივერია. 1888. №182;
  • ს. ჯანაშია. უზენაესი ღვთაების აფხაზური სახელწოდების ფორმისათვის // შრომები, ტ. III. თბ., 1959.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები