ანუხვის წარწერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანუხვის წარწერა – ქართული ასომთავრული წარწერა. 1930-იან წლებში აღმოაჩინა მხარეთმცოდნე ი. აძინბამ გუდაუთის რაიონის სოფელ ანუხვის ეკლესიის ნანგრევებში, შესრულებულია კიდურწაისრული დამწერლობით. ამოკვეთილია 10 სტრიქონად ქვასვეტის ფრაგმენტზე. ინახება დ. გულიას სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში. პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით წარწერა თარიღდება XI საუკუნით. მისი ტექსტი ასეთია:

სახელითა ღმრთისაჲთა, აღვაშენე ჯუარი ესე სახელსა ზედა ღმრთისა. მამისა, ძისა, სულისა წმიდისსა მე, გიორგი ბასილისძემან. აწ, ვინცა ევედრებოდეთ ჩუენ, გ-ნივე ძმანი ლოცვასა მოგუიჴსენენით; ამენ იყავნ“.

წარწერა ამოკვეთილია თეთრი კირქვის ოთხკუთხედად გათლილ სვეტზე და მოჩუქურთმებულია გეომეტრიული და სტილიზებული მცენარეული ორნამენტებით. ქვის სვეტის ქვედა კიდე მოტეხილია, უმნიშვნელოდ დაზიანებულია მისი ზოგიერთი სხვა ნაწილიც. სვეტის შემორჩენილი ფრაგმენტის ზომებია: სიგრძე – 220 სმ, სიგანე ორ მხარეს – 25 სმ, დანარჩენ ორ მხარეს – 23 სმ. გეომეტრიული ჩუქურთმებით დაყოფილია 4 რეგისტრად. წინა მხარეს, გიორგი ბასილისძის წარწერის ზემოთ და ქვემოთ, წარმოდგენილია „აყვავებული ჯვრის“ და ჯვარს ახლავს ასომთავრული, კიდურწაისრული წარწერა „წმიდაჲ გიორგი“. ქვედა ჯვარი დაზიანებულია – მოტეხილია მისი ქვედა ნახევარი: ახლავს წარწერა „წმიდაჲ ბას[ილი]“.

სვეტის გვერდით და უკანა კიდეებზე გამოსახულია რელიეფური „აყვავებული ჯვრები“, რომელთაც ახლავს ასომთავრული კიდურწაისრული წარწერები: „წმიდაიჲ თეოდორე“, „წმიდაჲ დემეტრე“, „წმიდაჲ [მე]ერკილე”.

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • ქართული წარწერების კორპუსი. II შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვ. სილოგავამ. თბ., 1980. №43, 44

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები