ანუშავან სოსანვერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანუშავან სოსანვერ-ი (სომხ. Անուշավան Սոսանվեր) – არა გეხეციკის შვილიშვილი, სიბრძნით დაჯილდოებული ჭაბუკი, ჭადრის ან არმავირთან ახლომდებარე ჭადრთა წმინდა კორომის განსახიერება სომხურ მითოლოგიაში; მას, როგორც წმინდა ჭადრის სულს, მომავლის საწინასწარმეტყველოდ მიმართავდნენ (კორომში ხის ფოთლების შრიალით მკითხაობდნენ).
სახელის პირველი ნაწილი ირანულ ანუშირვანს („უკვდავი სული“) უკავშირდება, მეორე კი – ორსეგმენტიანი სომხური სიტყვაა: սոսի – „ჭადარი“, նվեր – „ნიჭი“, „კურთხევა“. სახელის ეტიმოლოგიიდან გამომდინარე, მიაჩნიათ, რომ ანუშავან სოსანვერი მცენარეულობის აღორძინების ციკლურობასთან იყო ასოცირებული.
ლიტერატურა
- Ананикян М. А. Мифы Армении. М., 2010;
- Арутюнян С. Б. Анушаван сосанвер // Мифологический словарь. Главный редактор Е. М. Мелетинский. М., 1991.