ანაფორა (სტილისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანაფორა – (ბერინ. anaphora – ზევით აწევა, გამოტანა),

1. რიტორიკაში – მეტყველების ფიგურა, როდესაც მეტი ექსპრესიულობის მისაღწევად მეტყველების პარალელურ მონაკვეთებში (ლექსებში – მოსაზღერე ტაეპების, სტროფების) დასაწყისი ნაწილები მეორდება. ეს შეიძლება იყოს ბგერის ან ბგერათმიმდევრობის გამეორება – ფონეტიკური ანაფორა („რამ გამახაროს / როს თქვენ ტირიხართ, ჩემო კარგებო, / რისთვის დადუმდით, შრიალებთ რად არ?” ა. კალანდაძე); სიტყვის ან სიტყვების გამეორება – ლექსიკური ანაფორა („და ვიდრე ჩემთანაც მოსულა ფაქიზი / და ვიდრე ჩემს თმებსაც თვითნებურ შეღებავს“, ა. კალანდაძე) ერთი და იმავე გრამატიკული კონსტრუქციის გამეორება - სინტაქსური ანაფორა („დავალ ქვეყანაზე, როგორც ბნედიანი, / ღმერთო! მაპატიე უქმად ხეტიალი, / დავალ ქვეყანაზე, როგორც გაძარცვული, / ღმერთო! დააჩქარე ჩემი აღსასრული” ტ. გრანელი). ანაფორას პროზაშიც მიმართავენ. მჭევრმეტყველებაში ანაფორა ემოციურობის გასაძლიერებლად გამოიყენება. განსაკუთრებით მდიდარია ანაფორით ქადაგებათა ტექსტები: „ჵ მდიდარო, რაისთვის იმოსები ძოწეულითა და ზეზითა? არა გესმაა, რასა იტეჳს: „უკეთუ გედვას ორი სამოსელი, მიეც, რომელსა არა აქუნდეს?“ არა გესმაა: „განყიდღე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და შემომიდეგ მე“? არცა-მე ესე გესმაა: „განაბნია და მისცა იგი გლახაკთა და სიმართლე მისი უკუნისამდე ჰგიეს“? (იოვანე ბოლნელის ქადაგებანი).

2. სინტაქსური მიმართება, როდესაც ერთი სიტყვის, ჩვეულებრივ, ნაცვალსახელის მნიშვნელობა გასაგები ხდება სხვა (იმავე ან წინამავალ წინადადებაში შემავალი) სიტყვის მნიშვნელობით. წინამავალი სიტყვა, რომელიც გამოხატავს ნაცვალსახელის რეფერენტს, წარმოადგენს ანტეცედენტს. მაგ., გამონათქვამში: „უცნაურ ქარბორბალას ვუცქერდი. იგი ფერადი იყო, ცისარტყელას შვიდივე ფერით გაწყობილი" (ნ. დუმბაძე), იგი-ს მნიშვნელობას გასაგებს ხდის ანტეცედენტი „ქარბორბალა“. ზოგჯერ, ანტეცედენტთან ანაფორულ მიმართებაში შეიძლება აღმოჩნდეს სხვა სიტყვებიც: „ორნი კაცნი მიდიოდეს სადაურნი სადმე გზასა / უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა“ (შოთა რუსთაველი). ანაფორას, როდესაც ანაფორული სიტყვა წინადადებაში წინ უსწრებს ანტეცედენტს, უწოდებენ კატაფორას. მაგ., როცა [ის] ხატავს, მარიამი აღტაცებულია".

ც. ბარბაქაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები