ანასეული ქართლის ცხოვრება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანასეული „ქართლის ცხოვრება“ - „ქართლის ცხოვრების“ ნუსხა, რომელიც გადაწერილია დაახლოებით 1479-1495 წლებში კახეთის მეფის, ალექსანდრე I-ის მეუღლის, ანა დედოფლის ბრძანებით, რის გამოც მას ანასეული ეწოდა. იგი უძველესია დღემდე ცნობილ „ქართლის ცხოვრების“ ნუსხათა შორის. ხელნაწერში დაცულია გადამწერის ანდერძი, მოთავსებული დავით აღმაშენებლის ისტორიის შემდეგ: „ღმერთო და ყოველნო წმიდანო მისნო და წმიდაო გიორგი ალავერდისაო, მთავარმოწამეო, მცველ და მფარველ, მჴარსა მდგომელ და განმმარჯუებელ ექმნენით ორთა ცხორებათა შინა პატრონთა დედოფალთა დედოფალსა ნესტან-დარეჯანს და ძესა მათსა, ღმრთივგვრგვნოსანსა მეფესა ალექსანდრეს და დედოფალსა ანას, რომლისა მიერ გუებრძანა პატიოსანთა ამათ წიგნთა აღწერა“. გადამწერის ვინაობა უცნობია. ხელნაწერი 1913 წ. აღმოაჩინა ივ. ჯავახიშვილმა სოფელ ლამისყანაში, ალექსანდრე ჯამბაკურ ორბელიანის საგვარეულო წიგნსაცავში. მასვე ეკუთვნის ამ ძეგლის პირველი აღწერილობა და ზოგადი ანალიზი.

ხელნაწერს დასაწყისში აკლია დაახლოებით 50 გვერდი, გადამწერის შეცდომები უნებლიე ხასიათისაა. ანასეული „ქართლის ცხოვრება“ გადაწერილია მხედრულით. ასოები გადაბმულია და მკაფიოდ არის გამოყვანილი. მასში „ქართლის ცხოვრების“ ძირითადი ძეგლებიდან შედის: ლეონტი მროველი, ჯუანშერი, არჩილის წამება, მატიანე ქართლისა და დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულება. ანასეული „ქართლის ცხოვრების“ გადამწერს ხელთ ჰქონია ისეთი ნუსხა, რომელიც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებით მთავრდებოდა. ამიტომ დავით აღმაშენებლის ისტორიის შემდეგ დართულია მოკლე ისტორია, ე.წ. „ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე“ (შეიცავს დემეტრე I-ის, გიორგი III-ის, თამარ მეფისა და გიორგი IV-ის მეფობათა ისტორიას).

პალეოგრაფიულ-კოდიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე (ნ. შოშიაშვილი) გაირკვა, რომ ანასეული „ქართლის ცხოვრება“ არის შევსებული ნუსხა, რომელიც შედგენილია XVI საუკუნის ბოლოს ან XVII საუკუნის I ნახევარში, რაზედაც მიუთითებს ჭვირნიშანი და ასოების გრაფიკული მოხაზულობა. თავის მხრივ, ანასეული „ქართლის ცხოვრება“ ემყარებოდა „ქართლის ცხოვრების“ XII საუკუნის რედაქციას, რომელიც მთავრდებოდა დავით აღმაშენებლის ისტორიით (ე.ი. 1125 წ.) და რომელშიც ჯერ არ იყო შეტანილი სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“, თამარის ორი ისტორია და ე.წ. „ასწლოვანი ისტორია“ (ჟამთააღმწერლის თხზულება). ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანის თხზულება კი მასში XVI საუკუნის ბოლოს ან XVII საუკუნის დასაწყისშია შეტანილი. ანასეული „ქართლის ცხოვრება“ წარმოადგენდა ყველაზე ძველ ნუსხას „ქართლის ცხოვრების“ ვახტანგამდელ ნუსხებს შორის (ანასეული, მარიამისეული, მცხეთური, ჭილაშვილისეული და მაჩაბლისეული). ასევე უძველესი ნუსხაა Q 795 ხელნაწერი, სადაც შესულია ანასეული „ქართლის ცხოვრებაც“. 1927 წ. ივ. ჯავახიშვილმა დაბეჭდა ამ ნუსხის ნაწილი – „ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე“. 1942 წ. ს. ყაუხჩიშვილმა მთლიანად გამოსცა ეს ნუსხა. ანასეული „ქართლის ცხოვრებას“ და მის საფუძველზე შედგენილ XVII საუკუნის რედაქციას დიდი მნიშვნელობა აქვს „ქართლის ცხოვრების“ თხზულების ტექსტის დადგენისა და კრებულის შედგენის ისტორიული შესწავლისათვის. ხელნაწერში, სხვა ნუსხებისგან განსხვავებით, ბევრი გამართული და გასწორებული ადგილია.

ა. მარუაშვილი

ლიტერატურა

  • ლორთქიფანიძე ვ., რა არის „ქართლის ცხოვრება?", თბ., 1989;
  • შოშიაშვილი ნ., „ანასეული ქართლის ცხოვრების“ პირის გადაწერის თარიღი, კრ.: „მრავალთავი“, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, ტ. 5, თბ.,1975;
  • ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგ.: 1, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V-XVIII სს.), თბ., 1977 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 8).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები