ამტნისხევი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამტნისხევი – ისტორიული სოფელი (თემი) ერწოში (თიანეთის რ.). ტრადიციული ცნობის თანახმად ამტნისხევი ეწოდებოდა მთელ იმ ტერიტორიას, რომელზედაც დღეს ერწოს სოფლები: ვეძათხევა, დორეულები, ზურაბები, წყაროთუბანი, ღულელები, ხადოელები... არის გაშენებული. „ცნობა რო გვინდა ავიღოთ არხივში, ღულელები და ტოლათსოფელი იმათ არა იციან რა. ვეტყვით, რომ მონათლული ვარ ამტნიხევის ეკლესიაშიო და იმით კი ნიშანდობლივ პოულობენ ქაღალდს“ (ნიკო ობგაიძე).

გასულ საუკუნეში ცნობილ გერმანელ მოგზაურსა და გეოგრაფს გუსტავ რადეს ამ სოფლის სახელი ოდნავ შეცვლილი სახით (ანტნის-ხევი) ჩაუწერია. ეს ალბათ იმითაც არის გამოწვეული, რომ ზოგიერთ ძველ ეკონომიკურ-ისტორიულ საბუთში ამტნისხევი ანტნისხევ-ად არის წარმოდგენილი. ვაჟა-ფშაველას ნაწერებში სწორი ფორმაა მოცემული (ამტნისხევი).

შუასაუკუნეებისდროინდელ – ქართულ საისტორიო წყაროებში ამტნისხევი მარტივი ფუძით (ამტან-ი) არის წარმოდგენილი. სოფელი ამტან-ი (მემატიანე მას ამთენსაც უწოდებს) XI-XII საუკუნეებში ერწოს სოფლებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დაწინაურებული სოფელი ყოფილა. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მეფე დავით აღმაშენებელს შირვანის სულთანთან და რანის ათაბაგთან სახელგანთქმული ერწუხის ბრძოლის (1104 წ.) მოგების შემდეგ თავის „განსასვენებელ“ ადგილად სწორედ ერწოში მდებარე ამტანი თუ ამთენი ამოურჩევია: „ესრეთ ძლევამოსილი.. შემოიქცა მეფე და მცირედთა დღეთა განისუენა ამთენს”.

ისტორიკოსი ჯ. ლომაშვილი სარწმუნოდ არ მიიჩნევს ამთენისა და ამტნის ანუ ამტნისხევის იგივეობას. მისი ვარაუდით ამტნისხევი მომდინარეობს არა ამთენისაგან, არამედ იმავე არეალში მდებარე ანტონ მარტომყოფელის (მარტყოფლის) ეკლესიის სახელწოდებისაგან: ადგილობრივი მოსახლეობა ამ ისტორიულ ძეგლს ამტონას საყდარს, ხოლო იქვე არსებულ ხევს, ადგილს ამტონას ხევს უწოდებსო. ძნელია რისამე გადაჭრით თქმა, მაგრამ ის კი უეჭველია, რომ საკუთარი სახელი ანტონი|ამტონა ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოგვცემდა შეკუმშულ ამტნის ხევს, რამდენადაც პიროვნული სახელი ანტონი არც სალიტერატურო ქართულში და არც მის დიალექტებში არასოდეს იკუმშებოდა და არც ახლა განიცდის რაიმე ფონეტიკურ ცვლილებას. მაშასადამე, უნდა დავასკვნათ, რომ ტოპონიმი ამტნისხევი მომდინარეობს ისტორიული ამთენ||ამტენ- ფუძისაგან და არა პირის საკუთარი სახელისაგან.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები