ამნეზიური სინდრომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამნეზიური სინდრომი - ამნეზია არის მეხსიერების დაკარგვა, ხოლო ამნეზიური სინდრომები ან ამნეზიური დაავადებები ისეთი მდგომარეობებია, როდესაც აღინიშნება მეხსიერების სპეციფიკური და პერსისტენტული დარღვევები (იხ.ცხრილი ამნეზიის მიზეზები). DSM-IV-ში ამნეზიური სინდრომი განმარტებულია, როგორც ეპიზოდური მეხსიერების სპეციფიკური დარღვევა, რომლის დროსაც აღინიშნება ახალი მასალის დასწავლის გაძნელება (ანტეროგრადული ამნეზია) და ძველი მოვლენების გახსენების უუნარობა (რეტროგრადული ამნეზია). ამას თან ახლავს სოციალური და ოკუპაციური ფუნქციონირების გაუარესება; ასევე, სახეზეა ზოგადი სამედიცინო პრობლემა, რომელიც კავშირშია მეხსიერების დაქვეითებასთან.

დემენციისგან განსხვავებით, ამნეზიური სინდრომის დროს მეხსიერების დარღვევებს არ ახლავს ინტელექტის ზოგადი გაუარესება. ტერმინი კორსაკოვის სინდრომი, ხშირად შეცდომით იხმარება ამნეზიური სინდრომის სინონიმად, სინამდვილეში კი მის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს (მიმოხილვა იხ. Kopelman, 2000; Berrios and Hodges, 2000).

სარჩევი

ამნეზიის მიზეზები

ამნეზიის მიზეზები
გარდამავალი
გარდამავალი გლობალური ამნეზია
გარდამავალი ეპილეფსიური ამნეზია
ქალა-ტვინის ტრავმა
ალკოჰოლური ამოვარდნები
პოსტელექტროშოკური თერაპია
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა
ფსიქოგენური ფუგა
ამნეზია კრიმინალურ დანაშაულზე
პერსისტენტული (ამნეზიური სინდრომი)
კორსაკოვის სინდრომი
ენცეფალიტი
უკანა ცერებრული არტერიისა და თალამუსის ინსულტი
ქალა-ტვინის ტრავმა

კლინიკური სურათი

მდგომარეობის კარდინალური ნიშანია ეპიზოდური მეხსიერების დეფიციტი. საერთო კლინიკური სურათი საკმაოდ გამოხატულია. პიროვნება დეზორიენტირებულია დროში, არ ახსოვს ავტობიოგრაფიული ფაქტები (ხშირად მოიცავს საკმაოდ დიდ ეპიზოდს), აღენიშნება მწვავე ანტეროგრადული ამნეზია (ვერბალური და ვიზუალური მასალის დამახსოვრების მწვავე დეფიციტი). პაციენტმა შეიძლება გაიმეოროს ახლად დამახსოვრებული მასალა, მაგრამ რამდენიმე წუთში ადვილად დაივიწყოს. ამდენად, ტესტის შედეგები ხანმოკლე მეხსიერებაზე, ჩვეულებრივ, ნორმის ფარგლებშია. ახალი მასალის დასწავლა მნიშვნელოვნად გაძნელებულია, თუმცა, რეტროგრადული მეხსიერება მეტნაკლებად შენახულია და ახასიათებს თანდათანობითი გაუარესება ახლიდან ძველი მოგონებებისკენ (ძველი მოგონებები უკეთესადაა შენახული). სხვა კოგნიტური ფუნქციები შედარებით ინტაქტურია, თუმცა, ხშირია გარკვეული ემოციური გასადავებისა და ინერტულობის გამოვლინებები.

სხვა კლასიკური ნიშანი, რომელიც დამახასიათებელია კორსაკოვის სინდრომისთვის, ესაა კონფაბულაცია, როდესაც მეხსიერების ჩავარდნები შევსებულია ცოცხალი და დეტალური, მაგრამ მთლიანად მცდარი მოგონებით, რომლის ჭეშმარიტებაშიც პაციენტი დარწმუნებულია. კონფაბულაციების მქონე პიროვნება, ჩვეულებრივ, ადვილად ექვემდებარება შთაგონებას.

ეტიოლოგია და პათოგენეზი

ამნეზია ვითარდება მედიალური თალამუსის, სხვა დიენცეფალური სტრუქტურების ან მედიალური საფეთქლის წილის (ჰიპოკამპი და მიმდებარე ტემპორალური კორტექსი) დაზიანების შემთხვევაში. ყველაზე უფრო „სუფთა“ სახის ამნეზია ვითარდება საფეთქლის წილის მედიალური ნაწილის დაზიანებისას. ამ დროს იშვიათია დეზორიენტაცია და კონფაბულაციები, რაც უფრო ხშირად თალამური და დიენცეფალური სტრუქტურების დაზიანების დროს იჩენს თავს.

ნეიროფსიქოლოგიაში ამნეზიური სინდრომისთვის დამახასიათებელი ახალი ინფორმაციის დამუშავების დეფექტი (მასალის გრძელვადიან “საცავში” მოთავსება და შემდგომ გახსენება), სხვადასხვა ხარისხით, დაზიანების კონკრეტულ ანატომიურ მდებარეობაზეა დამოკიდებული (Hodges, 1994).

კორსაკოვის სინდრომი

ყველაზე გავრცელებული ამნეზიური სინდრომია კორასკოვის სინდრომი, რომელიც რუსმა ფსიქიატრმა კორსაკოვმა აღწერა 1889 წელს. მისი ალტერნატიული სახელწოდება - ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომი, შემოიტანა ვიქტორმა (Victor et al., 1971), რადგან ეს სინდრომი ხშირად აღმოცენდება მწვავე ნევროლოგიური პათოლოგიის შემდეგ, რომელსაც ვერნიკეს ენცეფალოპათია ეწოდება (აღწერა ვერნიკემ 1881 წელს). ვერნიკეს ენცეფალოპათიის დროს ვითარდება დელირიუმი, სხეულის ატაქსია, თვალის მოძრაობის დარღვევები, ნისტაგმი, ოფტალმოპლეგია და პერიფერიული ნეიროპათია. კორსაკოვის სინდრომი, ჩვეულებრივ, თიამინის (B1 ვიტამინის) ნაკლებობითაა გამოწვეული, რაც ალკოჰოლის ავადმოხმარების შედეგია. თუმცა, შეიძლება განვითარდეს ორსულთა ტოქსიკოზისა (Hyperemesis gravidarum) და საკვების მწვავე უკმარისობის დროსაც. გაკვეთის შედეგად, როგორც წესი, აღინიშნება პეტექიალური სისხლჩაქცევები, მამილარულ სხეულებში ასტროციტების დეგენერაცია და დაზიანების კერები მესამე პარკუჭის, მედიოდორსალური თალამური ბირთვების, რუხი ნივთიერებისა და ვაროლის ხიდის მიდამოებში. ამნეზიური სინდრომის სხვა მიზეზებია: სიმსივნეები და ინფარქტი მედიალურ თალამუსში (დიენცეფალური ამნეზია), ენცეფალოპათიები.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები