ალქი
ალქ-ი (სომხ. այլք ) – სომხური მითოლოგიის დემონური პერსონაჟები – ორივე სქესის ანთროპომორფული არსებები; არიან მახინჯნი: ხმელნი, წითურნი, ბანჯგვლიანნი, აქვთ სპილენძის ბრჭყალები და რკინის კბილები და ეშვები (ზოგი მონაცემით, ქალ ალებს ცისფერ თვალებს თმები უფარავთ, ხელ-ფეხის ფრჩხილებს კი – ინა); ცხოვრობენ ოჯახებად მთებში, მდინარეებისა და ტბების სანაპიროებზე, სადაც სილაზე მსხდომნი ადამიანებს ხვდებიან; ხშირად ჩნდებიან საცხოვრებლის კუთხეებში, კარებს უკან და საქონლის სადგომში; ჰყავთ მეფე, რომელიც ღრმა ხეობის (უფსკრულის) მკვიდრია და რომელსაც პერიოდულად ნადავლით სტუმრობენ.
ალები ძირითადად ქლებისა და ბავშვების ანტაგონისტები არიან: იწვევენ უშვილობას, ფეხმძიმობის (ცხოველებში მაკეობის) შეწყვეტას, სხვადასხვა დაავადებებს (ახალდაქორწინებულებში მამაკაცური პოტენციის გაქრობას); ახრჩობენ მშობიარეს, ჭამენ მათ ხორცს (განსაკუთრებით ღვიძლსა და თირკმლებს ეტანებიან), სისხლს სწოვენ ჯერ კიდევ დედის მუცელში მყოფ ჩვილებს, ჭამენ, ან იტაცებენ ახალშობილებს და ძღვნად თავიანთ მეფესთან მიჰყავთ.
სომხეთის ზოგიერთ რაიონში გავრცელებული რწმენის მიხედვით, ადამიანს ხელის შეხებით შეუძლია დემონის შეპყრობა და დამორჩილება; დაჭერილი ალი თანამოძმეებისგან შურისძიებას უფრთხის და ადამიანებთან დარჩენა ურჩევნია, რადგან, გაგდების შემთხვევაში, დანარჩენი ალები მას შვილებს დაუწყევლიან.
სომხები ამ ავსულთა საწინააღმდეგოდ სხვადასხვა სახის ამულეტებს იყენებდნენ; მიმართავდნენ აგრეთვე მოტყუების ხერხებსაც: თითქმის მთელ სომხეთში გავრცელებული იყო მშობიარისათვის მამაკაცის ქუდის დახურვა; ზანგეზურში ერდოდან აგდებდნენ თხის ღვიძლს, რომელიც ალს მშობიარისა უნდა ჰგონებოდა. XV-XIX სს-ის სომხურ ხელნაწერ თილისმათა ტექსტებში შემოთავაზებულნი არიან სპეციალური შუამავლები (წმ. ღვთისმშობელი, წმ. ქალწულის „ტკბილი რძე“, გრიგოლ განმანათლებელი, გროგოლ ნარეკაცი, გრიგოლ აგვანელი და კათოლიკოსი), რომელთა დახმარებით ალების განეიტრალებას ცდილობდნენ. ხელნაწერ თილისმებში წარმოდგენილი ალქის შელოცვები თავისი შინაარსითა და ხასიათით წმ. სისინეისადმი მიმართულ ლოცვებს ეხმიანება.
ქრისტიანიზებული მითის თანახმად, ღმერთმა, ადამთან ერთად, ცეცხლისგან შექმნა ცალთვალა ალ-ქალი, როგორც პირველი მამაკაცის თანამგზავრი. მაგრამ ადამმა იგი ვერ შეიყვარა, რადგან თავად ხორცისა და სისხლისგან შედგებოდა. უზენაესი მიხვდა, რომ მათ ერთად არ დაედგომებოდათ და შექმნა ევა. ამ დროიდან ალ-ქალი ევასა და მისი შთამომავლების დაუძინებელი მტერი გახდა (შდრ. შუა აზიის ხალხთა ანალოგიური შეხედულებები).
ლიტერატურა
- Ананикян М. А. Мифы Армении. М., 2010;
- Басилов В. Н. «Желтая дева» в верованиях узбеков Зеравшанской долины // Всесоюзная сессия по итогам полевых этнографических и антропологических исследовании 1978-1979 гг. Тезисы докладов. Уфа, 1980;
- Одабашян А. А. Народные верования армян (По материалам рукописных талисманов XV-XIX) // Кавказский этнографический сборник. VI. М., 1976;
- Харатян З. В. Культовые мотивы семейных обычаев и обрядов у армян // Армянская этнография и фольклор: материалы и исследования. Вып. 17. Ереван, 1989.