ალმასი (ტაჯიკეთი)
ალმასი (ალმოსი) – (ინგლ. Almasi, Almosi; რუს. Алмаси, Алмоси), ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილი ტაჯიკეთში, ჰისარის რაიონში, ქ. დუშანბედან 37 კმ-ში, დასავლეთით და დაბა ჰისარიდან 17 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს ჰისარის ველზე, მდინარე ხანაკის (მდინარე ამუდარიის აუზი) ხეობაში, ზღვის დონიდან 950 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ბორცვიან-მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ზომიერად ცივია, თოვლის საფარი არამდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4°C. ზაფხული ხანგრძლივია და ცხელი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 28°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 50%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 570 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულზე (280 მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (10 მმ).
ალმასის ტერიტორია დაფარულია: კაკლის ხეებით, ხეხილის ბაღებითა (ვაშლი, გარგარი, ალუჩა და სხვ.) და ვენახებით. ალმასის მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია ხეები (კაკალი, იფანი, ვაშლი, ალუჩა, ნეკერჩხალი) და ბუჩქები (ჯიქა, ასკილი, ყვავტყემალი, ჭანჭყატა, კუნელი და სხვ.) ღვიიანის მინარევით.
ალმასის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: თერმული (t-39-54°C), საშუალო მინერალიზაციის (M – 11-15 გ/დმ3) ქლორიდულ-სულფატურ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები და ცივი (t – 14-15°C), დაბალი მინერალიზაციის (M – 9-10 გ/დმ3) ქლორიდულ-სულფიდურ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები; დაბალი მთის ჰავა და აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.
ალმასის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა) და აბაზანები; შესხურებები და გამორეცხვები მინერალური წყლით; ჰაერისა და მზის აბაზანები; პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები ალმასში წასასვლელად: კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღველგამომყოფი გზებისა და პანკრეასის დაავადებები; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების, კანისა და შარდსასქესო ორგანოების პათოლოგიები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
საკურორტო ადგილ ალმასსა და მის მიდამოებში (მდინარე ხანაკის ხეობა და სხვ.), დაბა ჰისარის მიდამოებში (ჰისარის ისტორიულ-კულტურული ნაკრძალი – ჰისარის ციხესიმაგრე თავისი მოედნით (რეგისტანით) (ძვ.წ. VI-V საუკუნეები) და თაღით (ჭიშკრით) (XVI საუკუნე); მეჩეთები – „ჩიშმონ მოხიონი“ და „სანგინი“ (XII-XVI საუკუნეები); მავზოლეუმი „მოხდუმ აზამი“ (XVI-XVIII საუკუნეები); ძველი მედრესე (XVII საუკუნე); ახალი მედრესე (XVIII-XIX საუკუნეები); ისტორიის მუზეუმი და სხვ.), ქ. დუშანბეში (მავლიან იაკუბ ჩერხის სატაძრო მეჩეთი (1856 წელი); XX საუკუნეში აშენებული მეჩეთები – „იაკა ჩინორი“ და „ამიჯონი“, ისლამური ცენტრი და იმამ აბუ ხანიფის ისლამური უნივერსიტეტი; მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (XX საუკუნე); ბუხარის წმიდა იოზეფის სახელობის რომაულ-კათოლიკური, პოლონური ეკლესია (XX საუკუნის I ნახევარი); ბუხარის ებრაელთა სინაგოგა (XX საუკუნის 50-იანი წლები) და სხვ.; მუზეუმები – კ. ბეჰზადის ნაციონალური, ტაჯიკეთის სიძველეთა ნაციონალური, არქეოლოგიის, ტაჯიკეთის ეთნოგრაფიის, გეოლოგიური, ს. აინის სახელობის ლიტერატურული, გ. ზავ-კიბეკოვის მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ა. რუდაკის სახელობის რესპუბლიკური ისტორიულ-მხარეთმცოდნეობის; დუშანბეს სამხატვრო გალერეა; ტაჯიკეთის მწერალთა კავშირის საგამოფენო დარბაზი; ჰ. ფირდოუსის სახელობის რესპუბლიკური ბიბლიოთეკა; ს. აინის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი; პრეზიდენტის სასახლე; კულტურის ცენტრი „ბაქტრია“; ისმაილ სომონის მემორიალი; ს. აინის მავზოლეუმი; ცირკი; ზოოპარკი; აკვაპარკი „დელფინი“ და სხვ.) და დუშანბეს მიდამოებში (ტაჯიკეთის მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკური ბაღი, მდინარე ქონდარის ხეობაში (ქ. დუშანბედან 31 კმ-ში); რამიტის ნაკრძალი (ქ. დუშანბედან 70 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით); მდინარე ვარზობის ხეობა ჩანჩქერი „გუსგარფით“ და სხვ.).